skip to content
ახალი ამბები

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 61-ე რაუნდი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 61-ე რაუნდი 2024 წლის 26 ივნისს გაიმართა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების პრეს-კომუნიკეს თანახმად, I სამუშაო ჯგუფის მონაწილეები ჩაერთნენ „აქტიურ, ზოგჯერ დაძაბულ აზრთა გაცვლა-გამოცვლაში 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების პრაქტიკული განხორციელების თაობაზე, რა დროსაც განსაკუთრებული აქცენტი ძალის გამოუყენებლობასა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებზე გაკეთდა. ხოლო II სამუშაო ჯგუფში დისკუსიები ასევე რთული იყო, მაგრამ მონაწილეებმა მოახერხეს რამდენიმე ჰუმანიტარული საკითხის განხილვა, როგორიცაა გამშვები პუნქტები, დოკუმენტაცია, დაკავებები, გაუჩინარებული პირები და ჯანმრთელობა“.

თანათავმჯდომარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დისკუსიების მონაწილეები მიესალმნენ თანამშრომლობას ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში და გალის IPRM-ის შეხვედრების განახლების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.  

დევნილთა და ლტოლვილთა საკითხის განხილვა „ზოგიერთი მონაწილის“ მიერ შეხვედრის დატოვების გამო ვერ მოხერხდა.

საქართველოს პოზიცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში დაბრუნებაზე. ამავე ინფორმაციით, რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, „მათ მიერვე დამკვიდრებული  პრაქტიკის გამოყენებით“, კიდევ ერთხელ დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა ამ ბოლო საკითხის განხილვის დაწყებისთანავე.

„მოლაპარაკებებზე ქართულმა დელეგაციამ მორიგ ჯერზე  დასვა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებების შედეგად წარმოქმნილი რთული უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის საკითხი“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სხვა საკითხებთან ერთად ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოხატა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და დაგმო 9 ივნისს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები, ასევე,  მიმდინარე წლის მარტში ორივე ოკუპირებულ რეგიონში გამართული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები, რომლებიც „უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

რუსეთის, ცხინვალის, სოხუმის პოზიციები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროა ძალისხმევის გააქტიურება დისკუსიების მთავარი მიმართულებით, რაც, მოსკოვის აზრით, ოკუპირებული რეგიონების გრძელვადიან უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.  „საქართველოს მიერ ამ რესპუბლიკების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტზე ხელმოწერას და ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას, მათ შემდგომ დემარკაციასთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გაიმეორა ძველი ნარატივი, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია ქართველ დევნილებთან დაკავშირებით „ძალიან პოლიტიზირებულია“ და „სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება, რომელიც აფერხებს კონსტრუქციულ მუშაობას ჰუმანიტარულ სფეროში“. მოსკოვის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებისთვის პლატფორმაზე „წვდომის აკრძალვა“ არის მიზეზი იმისა, რომ საკითხი ჟენევის დისკუსიების ფარგლებში იბლოკება.

“ნეიტრალური სტატუსისგან შვეიცარიის დაშორების” გათვალისწინებით, რუსეთმა და ოკუპირებულმა რეგიონებმა დისკუსიების ჟენევიდან სხვა ადგილას გადატანის საკითხის განხილვა მოითხოვეს. „ამავდროულად, ხაზი გაესვა თავად დისკუსიების ფორმატის შენარჩუნების აუცილებლობას“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრესრელიზში რეგიონში არსებულ ვითარებასაც შეეხო: „დღის წესრიგში არსებული ამოცანების პრიორიტეტი ნაკარნახევია აშშ-სა და ნატოს სამხედრო წვრთნების მიმდინარეობით შავი ზღვის რეგიონში, საქართველოს ალიანსში მიღების ჯერ კიდევ არსებული გეგმებით, ასევე ევროკავშირის მიერ ე.წ. „ევროპის სამშვიდობო ფონდის“ გამოყენებით არალეტალური სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესყიდვისა და თბილისისთვის გადაცემის დასაფინანსებლად, რათა გააძლიეროს საქართველოს შეიარაღებული ძალები, რაც ეჭვქვეშ აყენებს ევროკავშირის უნარს, რომ „პატიოსანი შუამავლის“ ფუნქცია შეასრულოს, მისი, როგორც ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ორგანიზაციის სტატუსის გათვალისწინებით“ .

ჩვეულებისამებრ, ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლები რუსეთის პოზიციას იმეორებენ.

გალის IPRM-ზე საუბრისას, სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის 2018 წლიდან უმოქმედოა „ქართველი მონაწილეების უკიდურესად არაკონსტრუქციული პოზიციის გამო“.

სხვა საკითხებთან ერთად, „აფხაზური მხარე გამოვიდა წინადადებით, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით, რომლის მიზანიც იქნება აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლების უფლების რეალიზაციის პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება“. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი შეეხო მოსახლეობისთვის „თავისუფალი გადაადგილების, ასევე განათლებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის თემას და სხვა აქტუალურ საკითხებს“.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დისკუსიების მორიგი რაუნდი მიმდინარე წლის ბოლომდე გაიმართება.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button