skip to content
ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ბოლო 16 წლის განმავლობაში „ჩვენ ვერანაირ პროგრესს ვერ მივაღწიეთ“ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, რომლის მიზანიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება და დევნილთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაა.

„და მე აქ მაინტერესებს, რას აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები კონფლიქტის გადასაჭრელად და შედეგი არის ის, რომ რუსეთი წახალისდება და შემდეგ ისინი თავს ესხმიან სხვა მეზობელ ქვეყანას, უკრაინას. მომავალში შესაძლოა სხვას დაესხან თავს. ასე რომ, ჩვენ თავიდანვე უნდა მივაქციოთ ყურადღება რუსების ამ მავნე ქმედებებს და არა მაშინ, როცა ოკუპაცია უკვე სახეზეა“, – განაცხადა სამხარაძემ ბუქარესტში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების გენერალურ კომიტეტში გამოსვლისას.

მან ასევე გააკრიტიკა „ბევრი ქვეყანა ამ დარბაზში“ იმისათვის, რომ არ იყენებენ ტერმინს „ოკუპაცია“ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში.

სამხარაძემ აღნიშნა, რომ ოკუპაცია ყოველდღიურ გავლენას ახდენს ქართულ მოსახლეობაზე. მან რამდენიმე საკითხს გაუსვა ხაზი, მათ შორის გატაცებებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველი ბავშვების მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების წართმევას, ქართული კულტურის კვალის წაშლას და ოკუპაციას, რომელიც ხელს უშლის საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 8%-ს დაბრუნდეს საკუთარ სახლებში ამ ტერიტორიებზე.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button