skip to content
ახალი ამბებიდაწვრილებით

სათვალთვალო კამერების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოების რისკები საქართველოში

საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული თვალთვალის პრაქტიკისა და აღჭურვილობის შესახებ რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ჟურნალისტურმა გამოძიებამ უსაფრთხოების, კონფიდენციალურობისა და გამჭვირვალობის აქტუალურ პრობლემებს ნათელი მოჰფინა. სტატიის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული სათვალთვალო კამერების უმეტესობა ორი ჩინური კომპანიის, Hikvision-ისა და Dahua Technology-ის მიერაა დამზადებული. ორივე კომპანია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულია. გარდა ამისა, რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსულ დაზვერვასთან დაკავშირებულ ამოცნობის სისტემას იყენებს.

მედიასაშუალება ქვეყნის მასშტაბით სათვალთვალო კამერების რაოდენობის ზრდაზე საუბრობს, რაც მონაცემთა შენახვისა და დამუშავების სათანადო გარანტიების არარსებობის თაობაზე წუხილებს კიდევ უფრო ზრდის.

საქართველოში იმპორტირებული კამერების რაოდენობამ მკვეთრი მატება 2020 წელს დაიწყო და 7 178 კამერას მიაღწია. მას შემდეგ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და 2021 წელს 9 694, 2022 წელს 11 806, 2023 წელს კი 16 423 შეადგინა. შედარებისთვის 2019 წელს მათი რაოდენობა 2 165, 2018 წელს 2097, 2011 წელს 1 169 და 2010 წელს მხოლოდ 252 იყო.  

სტატიაში ნათქვამია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ ცოტა, 4318 ცალი „ჭკვიანი კამერაა“ განთავსებული, რომელიც აღჭურვილია ისეთი ფუნქციებით, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების ნომრის ამოცნობა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების ამოცნობა და როგორც ადამიანის ქცევის, ისე სხვა სახის მოძრაობის ამოცნობა.

წუხილები რუსული და ჩინური ტექნოლოგიების თაობაზე

სტატიის თანახმად, სახისა და ავტომობილის ნომრის ამოცნობის სისტემას ფლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტიც. ის იყენებს ავტომატიზებული ამოცნობის, Papillon Systems-ის მიერ ლიცენზირებულ აპლიკაცია POLYFACE-ს. Papillon Systems-ი რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული კომპანიაა, სათავო ოფისით მოსკოვში.

თავად კომპანია ამაყობს „მჭიდრო თანამშრომლობით“ რუს სამართალდამცავებთან. მისი ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, „კომპანიის პორტფოლიო ბევრ წარმატებულ პროექტს მოიცავს, რომელთაგან ყველაზე მსხვილია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრავალდონიანი ავტომატიზირებული სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს თითის ანაბეჭდის მონაცემთა ბაზასთან ერთად“. კომპანია აცხადებს, რომ პროდუქციას მსოფლიოს 43 სხვადასხვა ქვეყანას აწვდის.

სტატიაში მოყვანილია რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიება, რომლითაც დადგინა, რომ რუსულ ვიდესათვალთვალო სისტემას, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, თავისუფლად შეუძლია მონაცემების გადაცემა რუსეთის დიდი კორპორაციების მოსკოვში განთავსებულ სერვერებზე. უკრაინის ქალაქებში, ქუჩებსა და შენობებზე განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე წვდომა რუსეთს შეუძლია ვიდეოსათვალთვალო სისტემა TRASSIR-ის საშუალებით, რომელსაც რუსული კომპანია DSSL ყიდის. ეს უკანასკნელი ჩინური Hikvision-ის „სტრატეგიული პარტნიორი“ და ქართველი კლიენტებისთვის მიმწოდებელია.

რუსული კომპანია TRASSIR-ის კამერები და სათვალთვალო სისტემები უცხო არც საქართველოსთვის არის – სახელმწიფო შესყიდვები აჩვენებს, რომ ამ კომპანიის ტექნიკა უყურებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრს.

საქართველოში რუსული კომპანია DSSL-ის პროდუქციას კომპანია “Trass-J” ყიდის, რომელიც თავის მომხმარებელს სთავაზობს კამერებს, რომლებსაც შეუძლია ამა თუ იმ სივრცეში შესული და გასული მომხმარებლების დათვლა და ასევე პროგრამას, რომელიც აფიქსირებს და ინახავს ადამიანების ნაკადიდან ცალკეულის სახეს, მათი შემდგომში ამოცნობისთვის.

რაც შეეხება Hikvision-ს, მისმა ოფიციალურმა ადგილობრივმა დილერმა Neotech-მა უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ  მხოლოდ თბილისში მათ 2000-ზე მეტი კამერა აქვთ დაყენებული სახელმწიფო უწყებებისთვის. მისი შემოტანილი ვიდეოთვალთვალის სისტემებითაც არის აღჭურვილი თბილისი, რუსთავი და გორი.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტმა, კომპანია CyberHouse-ის თანადამფუძნებელმა მიხეილ ბასილაიამ განაცხადა, რომ რიგ შემთხვევებში პრობლემა კამერებში კი არაა, არამედ იმაში, რომ ისინი საერთო სივრცეს იყენებენ მონაცემების შესანახად.

სათვალთვალო კამერების სპეციალისტმა 15- წლიანი გამოცდილებით, რომელიც ამ დრომდე მართავს სათვალთვალო სისტემებით მოვაჭრე სამ კომპანიას, რადიო თავისუფლებას უთხრა მისი ვინაობის გაუთქმელობის პირობით, რომ „სახელმწიფო უწყებების 70-80% ჩინური სათვალთვალო კამერებით არის აღჭურვილი. ტექნიკური მონაცემებით ეს კამერები თავის ფასთან შედარებით ცუდი არ არის, მაგრამ ამ კამერებს აქვთ დაცულობის პრობლემა – ვის აქვს შესაძლებლობა, ამ ჩანაწერებზე ჰქონდეს წვდომა, რთული სათქმელია. ეს კამერები და სისტემები განსაკუთრებით მოწყვლადია ჰაკერების თავდასხმების მიმართ“.

მაგალითად, Hikvision-ი ჩინეთის სახელმწიფოს დაქვემდებარებული საწარმოა და მისი მონაცემები ღიაა ჩინეთის სახელმწიფო უწყებებისთვის. ამავე ინფორმაციით, Hikvision-ის და Dahua Technology-ს ტექნოლოგიებს ჩინეთის მთავრობა იყენებდა სინძიანის პროვინციაში მცხოვრები უიღურების რეპრესიულ იარაღად.

ამგვარი განცხადებების ფონზე, ჩნდება წუხილები ჩინური Hikvision-ის კამერების მოწყვლადობაზე ჰაკერების თავდასხმების მიმართ, რასაც კიდევ უფრო აძლიერებს მომხმარებლის დაუდევრობა უსაფრთხოების ზომების განხორციელებაში.

სტატიის თანახმად, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი საერთაშორისო კომპანია CYFIRMA 2022 წელს მომხმარებლებს აფრთხილებდა, რომ რუსულენოვანი ჰაკერების ფორუმებზე ხშირად იყიდება Hikvision-ის კამერების ქსელებში შესაღწევი „გასაღებები“. კომპანიამ გააანალიზა ინტერნეტთან დაკავშირებული 185 000 ვებსერვერი, რომლებსაც ჩინური კომპანია იყენებდა და აღმოჩნდა, რომ მათგან 80 000 სრულიად მოწყვლადი იყო შეტევისგან.

შეშფოთება პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

საქართველოში სახელმწიფო სათვალთვალო კამერების ზუსტი რაოდენობა უცნობია, ნათქვამია სტატიაში. თბილისის მერია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ამ ინფორმაციის გამჟღავნებაზე უარს ამბობენ.

ოფიციალურად, სახის ამომცნობი სისტემის მქონე კამერები განლაგებულია საქართველოს აეროპორტებსა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე. 2023 წლის ოქტომბერში ქვეყანამ ეს ტექნოლოგია ევროკავშირის ფულით დანერგა ამ სპეციფიკურ ადგილებში სახელმწიფო იყენებს იაპონური კომპანია NEC-ის პროგრამას, რომელსაც შეუძლია რეალურ დროში აღბეჭდოს ვიდეოზე ასახული ადამიანების ბიომეტრიული მონაცემები და შეადაროს ის ძებნილი პირების მონაცემთა ბაზას.

ამ ტექნოლოგიას ფართოდ იყენებენ ავტორიტარული სახელმწიფოები თავიანთი მოსახლეობის გასაკონტროლებლად. სტატიაში ხაზგასმულია რუსეთის შემთხვევა, სადაც მსხვილ ქალაქებში აეროპორტები და მეტროები სახიფათო გახდა ხელისუფლების ოპონენტებისთვის სახის ამოცნობის სისტემების გამო. გარდა ამისა, სტატიაში ასევე აღნიშნულია ჩინეთის მიერ სათვალთვალო ტექნოლოგიის ფართო გამოყენება, საშუალოდ ერთი კამერით ყოველ ორ მოქალაქეზე, რაც ხალხის ქცევის მონიტორინგისა და კონტროლის საშუალებას წარმოადგენს.

საქართველოში არსებული გამოწვევები

სტატიაში მოყვანილია ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას კომენტარი, რომლის თქმითაც მისი ვადის დროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მონაცემთა შენახვისა და დამუშავებაში ბევრი დარღვევა აღმოაჩინა. თოლორაია პერსონალური მონაცემების დაცვასა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ უფლებამოსილების გადამეტების გამოძიებაზე იყო პასუხისმგებელი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, „ქართულმა ოცნებამ“ გააუქმა და მოგვიანებით ორი დამოუკიდებელი უწყებით ჩაანაცვლა.

პერსონალურ მონაცემთა შენახვისა და დამუშავების შესახებ საუბრისას, თოლორაია რამდენიმე მთავარ ხარვეზზე ამახვილებს ყურადღებას. ესენია:

  • გაურკვევლობა სახელმწიფო უწყებებში, თუ ვის მიუწვდება ხელი ვიდეოკამერების ჩანაწერებზე;
  • შეუძლებელია იმის დადგენა, ვინ რა მანაპულაციას ატარებს ჩანაწერებზე;
  • არ აღირიცხება, ვინ შლის, ჭრის ან აარქივებს ჩანაწერებს, რაც მონაცემების უკანონოდ გასაჯაროების შემთხვევაში შეუძლებელს ხდის გაირკვეს ვინაა პასუხისმგებელი;
  • მონაცემების გამჟღავნებისთვის ჯარიმები ძალიან მცირეა და მათი გადახდა არ ხდება დამაბრკოლებელი ფაქტორი;
  • ქუჩაში სათვალთვალო კამერებს ზოგჯერ არ აქვს მითითება, ვის ეკუთვნის, რაც ართულებდა სახელმწიფო ინსპექტორის ამოცანას, ეპოვა უწყება, სადაც ინახებოდა მონაცემები;
  • პოლიცია ცდილობს კადრები კომერციული სუბიექტებისგან სათანადო სამართლებრივი პროცედურების გარეშე მოიპოვოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button