skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო  

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 6 თებერვალს მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. საკანონმდებლო ინიციატივა შეეხება პარლამენტთან არსებულ დაწესებულებებთან დაკავშირებულ ცვლილებებს.

პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას მიენიჭება იურიდიული სტატუსი და ჩამოყალიბდება როგორც სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. ეს დაწესებულება იქნება კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში. ცვლილების შემდეგ, ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდება საჯარო მოხელის სტატუსი.

პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ნაცვლად შეიქმნება საქართველოს მთავრობასთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი. მასში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო თავისი სტრუქტურითა და ბიუჯეტით იქნება წარმოდგენილი.

კიდევ ერთი ცვლილება შეეხო პარლამენტთან არსებულ კვლევით ცენტრს. ამ სამსახურის ლიკვიდაცია 2025 წლის 10 მარტს განხორციელდება. მანამდე, ცენტრის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს შურისძიებას იმის გამო, რომ მათ საჯაროდ გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილება 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე. ცენტრის ბალანსზე არსებული რესურსები პარლამენტს გადაეცემა. კვლევითი ცენტრიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

ამასთან, პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებით, 2028 წელს არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, დაშვებული იქნება პოლიტიკური ჯგუფების შექმნა პარლამენტის სამი წევრის მიერ. „ამ შემთხვევაში, წინაპირობა იქნება, რომ მასში გაერთიანებული უნდა იყვნენ ერთი პარტიული სიით შესული პარლამენტის წევრები, რომლებიც პარტიულ სიაში იყვნენ როგორც უპარტიოები, ან დატოვეს პოლიტიკური პარტია“, – ნათქვამია პარლამენტის პრესრელიზში. ეს ცვლის წინა წესს, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო ჯგუფის შექმნას შვიდი დეპუტატი სჭირდებოდა. ასეთი ჯგუფების ფორმირება იმავე რეგულაციას ექვემდებარება, რომელიც არეგულირებს საპარლამენტო ფრაქციების შექმნას. ცვლილებამ „ქართული ოცნების“ სამ დეპუტატს, ილია ინჯიას, ვარლამ ლიპარტელიანსა და ნიკა ელისაშვილს საშუალება მისცა, ახალი ოპოზიციური ჯგუფი შეექმნათ სახელწოდებით „ევროპელი სოციალისტები“. მათ განაცხადეს, რომ ტოვებენ „ქართულ ოცნებას“ ჯანსაღი ოპოზიციის შესაქმნელად. ჯგუფი ცვლილებების მიღებიდან დაუყოვნებლივ 7 თებერვალს დარეგისტრირდა.

შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს დებულებებს პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელისა და მოადგილის შესახებ. ეს პირები ისარგებლებენ იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს. თუმცა, მათ ეკრძალებათ სხვა საპარლამენტო თანამდებობის დაკავება.  თუ პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობაში 6-ზე მეტი პარლამენტის წევრია, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს 2 მოადგილე, ხოლო თუ პოლიტიკური ჯგუფის წევრთა რაოდენობა 7-ზე ნაკლებია − 1 მოადგილე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button