
ახალი ამბები
19 წლის მომიტინგე საბა ჯიქიას პოლიციელზე „თავდასხმის“ გამო 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
19 წლის მომიტინგე საბა ჯიქიას, რომელიც მიმდინარე საპროტესტო აქციების პირველ კვირებში დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ჯიქია 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. იგი 26 ივნისს 19 წლის გახდა. მას წაქცეული სპეცრაზმელისთვის ფეხის ჩარტყმაში დასდეს ბრალი.
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა, ადვოკატების თქმით, კანონი სასამართლოებს საშუალებას აძლევს 21 წლამდე ასაკის ბრალდებულების მიმართ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ზომები გამოიყენონ, რასაც ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში შესაძლოა უფრო მსუბუქი სასჯელი მოყვეს.
This post is also available in: English