
ჩეხეთმა შსს-ს სამ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა
ჩეხეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სამ მაღალჩინოსანს „საპროტესტო აქციების სასტიკ რეპრესიებში“ მონაწილეობის გამო, განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ 29 იანვარს.
„დღეს, ჩემი წინადადებით, მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს სანქციები დაუწესა. ეს გამოწვეულია მათი უშუალო პასუხისმგებლობით გასული წლის განმავლობაში საქართველოში საპროტესტო აქციების სასტიკ რეპრესიებზე. და ჩვენ არ გვინდა მათი ნახვა ჩეხეთში“, – წერს ლიპავსკი X-ზე.
ჩეხური მედიასაშუალების Novinky.cz-ის ცნობით, სანქცირებული პირები არიან:
- ზვიად ხარაზიშვილი (იგივე „ხარება“) – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
- მირზა კეზევაძე – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- ვაჟა სირაძე – საპატრულო პოლიციის უფროსი.
ლიპავსკის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ადამიანის უფლებების დარღვევისთვის გარკვეულ პირებს სანქციები დაეკისრათ. მისივე თქმით, მანამდე სანქციები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მხარდამჭერებს დაეკისრათ.
შსს-ს თანამდებობის პირებზე დაკისებული საერთაშორისო სანქციები
ჩეხეთამდე, შსს-ს ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ. აშშ-ისა და ბრიტანეთის სანქციები ასევე დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ხარაზიშვილსა და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს სანქციები 2024 წლის სექტემბერში გლობალური მაგნიტსკის აქტის ფარგლებში დაუწესა.
OFAC-მა 2024 წლის დეკემბერში სანქციების სია გააფართოვა და მასში ვახტანგ გომელუარი და მირზა კეზევაძე შეიყვანა, ამის მიზეზად კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ მომიტინგეების მიმართ მკაცრი ტაქტიკის გამოყენება, მათ შორის „მასობრივი ცემა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და სექსუალური ძალადობის მუქარა“ დაასახელა.
ასევე წაიკითხეთ:
- 20/12/2024 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შსს-ს მაღალჩინოსნების დასანქცირების შესახებ
- 19/12/2024 – გაერთიანებული სამეფო ქართველ მაღალჩინოსნებს, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრს სანქციებს უწესებს
- 19/12/2024 – ჰელსინკის კომისია: თუ „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას შეინარჩუნეს, საქართველო ავტოკრატებისთვის ძალის პროექციის ადგილად გადაიქცევა
- 17/12/2024 – სენატორი კარდინი მომიტინგეების სასტიკი დარბევის გამო „ქართული ოცნებისთვის“ მაგნიტსკის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)