
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე უნგრეთს სტუმრობს
საქართველოს დელეგაცია „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით 26 იანვარს უნგრეთში ჩავიდა, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება. 27 იანვარს იგი შეხვდა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ლასლო კოვერს და ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა ორ პარლამენტს შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას. ვიზიტის ფარგლებში, პაპუაშვილი ასევე შეხვდება უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და პრეზიდენტ ტომაშ შუიოკს.
„საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, მოხარული ვარ, რომ ვიწყებ უნგრეთში ვიზიტს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი იწყება ქვეყანაში, რომელიც ყველაზე გამორჩეულია ევროინტეგრაციისკენ ჩვენი ძალისხმევის მტკიცე მხარდაჭერითა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი და „ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავა.
შეხვედრა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ლასლო კოვერთან
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ლასლო კოვერს შეხვდა, სადაც საუბარი შეეხო „პოზიტიურ დინამიკას საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში“, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერას, რაც „ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების შემდგომ განმტკიცებას“.
ლასლო კოვერმა აღნიშნა, რომ „საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები ძლიერი, ინტენსიური და დინამიურია, ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვა და, ასევე, ორი ქვეყანა არაერთი მსგავსი გამოწვევის წინაშეა, რაც ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მყარ საფუძველს ქმნის“.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა უნგრეთში ვიზიტის შესაძლებლობისთვის „გეოპოლიტიკური არასტაბილურობის“ დროს და განაცხადა, რომ დღევანდელ რთულ გარემოში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს შემდგომი თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება მეგობარ ქვეყნებს შორის, როგორიცაა საქართველო და უნგრეთი.
„მე, ასევე, ვისაუბრე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს გეგმებზე და ხაზი გავუსვი საქართველოს მიზანს, 2028 წლამდე, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90% განახორციელოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა. მისი თქმით, საქართველო „დაამტკიცებს, რომ ის ლიდერია კანდიდატ ქვეყნებს შორის და 2030 წლისთვის მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის“.
თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერა
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტსა და უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
- 11/11/2024 – პარლამენტის თავმჯდომარე გმობს ევროპელი დეპუტატების ვიზიტს და შეხვედრაზე უარს აცხადებს
- 09/10/2024 – პაპუაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია“
- 06/12/2022 – შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდებს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)