Placeholder canvas
ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდებს სტუმრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდებს სტუმრობს, სადაც უკვე შეხვდა წარმომადგენელთა პალატისა და სენატის პრეზიდენტებს – ვერა ბერგკამპსა და იან ბრუინს, ასევე ევროჯასტის პრეზიდენტს ლადისლავ ჰამრანს.

შეხვედრა წარმომადგენელთა პალატისა და სენატის პრეზიდენტებთან 

წარმომადგენელთა პალატისა და სენატის პრეზიდენტებთან, ვერა ბერგკამპსა და იან ბრუინთან შეხვედრაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე ისაუბრა, მათ შორის, სექტორული კომიტეტების დონეზე.

ამ კუთხით, პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ნიდერლანდების მხარის მონაწილეობით საქართველოს პარლამენტში მიმდინარე „დაძმობილების პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობისა და ფისკალური მმართველობის გაძლიერებას“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს ევროკომისიის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია და მისი უარყოფითი შედეგები, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატის პრესრელიზის თანახმად, შეხვედრის მონაწილეებმა ქვეყნის პარლამენტებს შორის არსებულ კავშირებზეც იმსჯელეს.

ამ კონტექსტში, პრესრელიზი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის „დაძმობილების“ პროექტის ფარგლებში, წარმომადგენელთა პალატის თანამშრომელი ორი წელია მუშაობს საქართველოს პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლებსა და დეპუტატებს საჯარო ფინანსების კონტროლის კუთხით რჩევებს აძლევს.

შეხვედრა ევროჯასტის პრეზიდენტთან 

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ევროჯასტის პრეზიდენტთან ლადისლავ ჰამრანთან შეხვედრის დროს, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობა დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით.

ამ თვალსაზრისით, მხარეებმა საქართველოსა და ევროჯასტს შორის დინამიკური თანამშრომლობის განვითარების მზაობა გამოხატეს.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესზეც ისაუბრა, „განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მართლმსაჯულების რეფორმასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე“.

ამავე პრესრელიზის თანახმად, თავის მხრივ, ლადისლავ ჰამრანმა აღნიშნა, რომ ევროჯასტი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესში. მან ქართულ მხარეს ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებასა და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

გამოსვლა კლინგენდაელის ინსტიტუტში 

ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი კლინგენდაელის ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა და საჯარო დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა.

თავის გამოსვლაში, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ევროპული პერსპექტივის მიღების შემდეგ, „აღარ რჩება კითხვა მის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რაზეც მრავალი თაობა ოცნებობდა და რისთვისაც ბევრი თაობა იბრძოდა. საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას“.

აღნიშნა რა, რომ სამყარო მუდმივად იცვლება და იწვევს „პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კლიმატის და სამხედრო სირთულეებს“, კერძოდ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ „აღნიშნული ცვლილებებისა და ტურბულენტობის პირობებში, საქართველო ახერხებს და ინარჩუნებს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს“.

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში საქართველოს პროგრესზე საუბრისას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „იმის მიუხედავად, რომ პროცესი ჯერ არ დასრულებულა, საქართველომ ბოლო 6 თვის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია“.

„ჩვენი მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შემდგომი დაახლოება და ქვეყნის სრული ევროპიზაცია“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება „მეტ ენერგიას შესძენს საქართველოს ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ დინამიკურად განვითარებად დემოკრატიას და დიდი სტიმული იქნება ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის“.

„კანდიდატობის სტატუსი ასევე შეამცირებს ისეთი ავის მსურველების ძალისხმევას, როგორიცაა რუსეთი, რომელსაც სურს ჩვენს რეგიონზე კვლავ ჩამოაფაროს გეოპოლიტიკური რკინის ფარდა“, – დასძინა პაპუაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button