
ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლოში პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 იანვარს ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილმა შუამავალი გამოგზავნა წერილით, რომელშიც სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის სანაცვლოდ კრიპტოვალუტით ყოველთვიურ გადახდებს ითხოვდა.
ბაჩიაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე ეხება დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის გათეთრებას, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მისი თქმით, მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი პროცესი „პოლიტიკურად მოტივირებულია“ და პირდაპირ გამოძალვას წარმოადგენს.
სხდომის დაწყებამდე ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „დღეს იწყება ივანიშვილის პირადი პროცესი. ეს არის პროცესი, სადაც ივანიშვილი პირდაპირ არის მომჩივანი, პროკურორიც და მოსამართლეც“.
სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ „ეს ხელისუფლებაც წავა, როგორც წინა ორი ხელისუფლება წავიდა და გპირდებით, ამ რეჟიმის ყველა უდანაშაულო პატიმრის სახელით, ბოლომდე მივიყვან ამ ბრძოლას საქართველოს სასამართლოებშიც და საერთაშორისო სასამართლოებშიც. მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ამ რეჟიმის ყველა ჯალათი სათანადო პასუხისგებაში მიეცეს“. ბაჩიაშვილმა მოსამართლე გიორგი გელაშვილს შეზღუდვებისა და ქონებაზე ყადაღის მოხსნა სთხოვა და აღნიშნა, რომ არსებული ზომებით მას არ შეუძლია საკუთარი ქონების განკარგვა.
მისი თქმით, გამოძალვის ბრალდებები და სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკური უთანხმოების ჩახშობის ძალისხმევას წარმოადგენს. „პატივცემულო, დღეს მე ვდგავარ თქვენს წინაშე, როგორც სრულიად უდანაშაულო ადამიანი. მე საერთოდ არ უნდა ვიყო ამ სასამართლო დარბაზში, ისევე როგორც ბევრი სხვა ახალგაზრდა, ვინც დღეს აქ არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, ამ რეჟიმის პირობებში ისინი იძულებულნი არიან იჯდნენ ამ სკამებზე“.
მან ასევე გააკრიტიკა ივანიშვილი იმის გამო, რომ თითქოს თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას უამრავ საქმეზე, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებში. „ველოდები, ამ შენობაში ჩემს წინაშე როდის წარდგება ბიძინა ივანიშვილი, რომ პირადად მისი აქ ყოფნის დროს დავამტკიცო, რომ ეს ყველაფერი არის მისი ფაბრიკაციაა. მაგრამ ივანიშვილს ეშინია ნებისმიერ სასამართლოში მოწმედ დაკითხვაც კი, მე ამის პირადი გამოცდილება მაქვს. არც ბერმუდის სასამართლოში, არც სინგაპურის სასამართლოში, მან ყველაფერი იღონა, ექიმების ცნობები აწერინა, ვითომ მისთვის ფრენა არ შეიძლებოდა, როცა მე მასთან ნაფრენი ვიყავი რამდენჯერმე შვეიცარიაში“.
ამასთან, ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ „პროკურორიც და თვითონ ივანიშვილიც ყველანაირ ზეწოლას განახორციელებენ, მათ შორის სასამართლოზეც, რომ ის აქ არ გამოჩნდეს და სამწუხაეროდ სასამართლო ვერაფერს ვერ იზამს“. მან განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გეგმავს წერილის გამოქვეყნებას, რომლითაც საზოგადოებისთვის ყველა დეტალი გახდება ცნობილი.
პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ მტკიცებულებების ექსპერტიზა სასამართლოში 24 იანვარს დაიწყება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა, ვისაც აქვს არსებითი ინფორმაცია, გამოიკითხება. თუმცა, ივანიშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე სადრაძემ არ დაადასტურა, მისცემს თუ არა ის ჩვენებას სასამართლოში.
პროკურატურამ 2023 წლის ოქტომბერში დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ბაჩიაშვილს ბრალად ედება ბიძინა ივანიშვილისგან 2017 წელს 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების 8 253,13 ბიტკოინის მითვისება. მოგვიანებით ბაჩიაშვილს გირაოს სახით 2,5 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა და პროკურატურის ინფორმირების გარეშე ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.
მოსმენის წინა დღეს ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბაჩიაშვილმა „დიფ სთეითის“ შესახებ „ქართული ოცნების“ ნარატივი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას ძალიან ეცინება, რადგან „ჩემ თვალწინ იგონებდა ამ ნარატივს“. მან ასევე ისაუბრა ივანიშვილის ფინანსურ ქმედებებზე აშშ-ის სანქციების შემდეგ. „სანქცია როდესაც მოხდა ამერიკიდან, ეს იყო მისთვის მოულოდნელი. მართალია ფინანსურად ძალიან მძიმე არ იყო, მაგრამ თუ გააგრძელებს ამ თავის დანაშაულებრივ ქმედებებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ის მიიღებს სრულ სანქციებს, რაც იქნება მისთვის კატასტროფა“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მოსმენის მეორე დღეს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ ჟურნალისტებთან ბაჩიაშვილისთვის გაგზავნილ სავარაუდო მუქარის წერილზე კომენტარი გააკეთა. წიქვაძემ განმარტა, რომ „ეს იყო შეთავაზება, რომელიც პირადად ჩემი ტელეფონიდან გადაეგზავნა მის წარმომადგენელს WhatsApp-ის მეშვეობით საშუალებით და არავის არაფერი არ გაკვირვებია“. „მუქარის წერილს ვერ დავარქმევ ამას, ეს იყო ჩვეულებრივი მოლაპარაკება, ის იყო მიმართული იქითკენ, რომ შესაძლოა მორიგება მომხდარიყო მხარეებს შორის“, – განაცხადა მან.
24 იანვარს გამართულ მოსმენაზე წიქვაძემ განმარტა, რომ ივანიშვილმა თავდაპირველად ინვესტიცია ჩადო Mission Gate-ში, მიიჩნია რა, რომ თანხები სათანადოდ იყო ასახული ანგარიშზე. ბაჩიაშვილმა მოგვიანებით აცნობა ივანიშვილს კრიპტოვალუტის არასტაბილურობის შესახებ. წიქვაძის თქმით, მაშინ, როცა ივანიშვილმა მოპოვებული ბიტკოინები სწრაფად გაყიდა, ზუსტი დეტალები, როგორიცაა მოპოვებული ბიტკოინების რაოდენობა, კრედიტის დასაფარად საჭირო თანხა თუ დარჩენილი თანხები, ჯერჯერობით უცნობია.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან დასძინა, რომ ივანიშვილს მოწმის სტატუსით დაიბარებენ, ხოლო რა ფორმატში მოხდება ეს, მალე გახდება საჯარო.
შენიშვნა: მასალა განახლდა 24 იანვარს, 15:29 საათზე და მას 24 იანვრის სასამართლო სხდომის დეტალები და ჟურნალისტებთან წიქვაძის კომენტარი დაემატა.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/07/2023 – თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს 39 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინის მითვისებაში ადანაშაულებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)