skip to content
მთავარი თემა

ბრიტანული ინიციატივა: რაზე გადაფიჩინდა ოცნების პოლიტსაბჭო?

რა მოხდა?

13 იანვარს, ბრიტანეთის თემთა პალატის დეპუტატმა ჯეიმს მაკქლიარიმ (James MacCleary) ე.წ. “Early Day Motion” საპროცედურის ფარგლებში დაარეგისტრირა წინადადება ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირების შესახებ.

ტექსტის თანახმად, თემთა პალატა შეშფოთებულია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტით, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენებით, ასევე საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრისა და რუსული გავლენის ხელშეწყობის საქმეში ბიძინა ივანიშვილის როლით. თემთა პალატა მოუწოდებს სამეფოს მთავრობას, აშშ-ს მსგავსად დაუწესოს სანქციები ივანიშვილს და გადახედოს საქართველოსთვან თანამშრომლობას.

წინადადების თავდაპირველ ექვს წამომწყებს კიდევ თორმეტი დაემატა და ამდენად დღეისთვის მას მხარს უჭერს თემთა პალატის 18 ხმოსანი. ხელმომწერების უმრავლესობა ლიბერალ-დემოკრატები არიან, თუმცა ხელმომწერებს შორის გამოჩნდა ერთი ლეიბორისტი, იუნიონისტების ერთი წარმომადგენელი და ერთიც დამოუკიდებელი დეპუტატი.

ოცნების პოლიტსაბჭოს რეაქცია

მას შემდეგ, რაც თემთა პალატის წინადადება ქართული მედია საშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა, ოცნების პოლიტსაბჭომ მკვეთრი განცხადება გამოაცხო.

მასში გაერთიანებულ სამეფოს სახელოვანი წარსული შეახსენეს და სინანული გამოთქვეს, რომ დიად წარსულში სამართლის უზენაესობით განთქმული ეს ქვეყანა, დღეს ჩრდილოვანი მმართველობის მითიურმა ძალებმა, “თავის მორიგ სათამაშოდ აქცია” და “დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვას, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონეზე დაიყვანა.”

დასკვნის სახით ნათქვამია, “ჩრდილოვანი მმართველობის ძალების” მიერ არაერთი სახელმწიფოს ფიზიკური განადგურების ფონზე, დიდი ბრიტანეთის “სახელმწიფოებრივ-მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა.”

პარტიის ასეთმა გადაჭარბებულმა რეაქციამ საზოგადოების ნაწილში გააჩინა განცდა, რომ ლონდონის მიერ ივანიშვილის დასანქცირება მართლაც გარდაუვალი იყო. 

რეალურად რას წარმოადგენს თემთა პალატის წინადადება? 

როგორც მოგეხსენებათ დიდი ბრიტანეთის პარლამენტი არაერთ საუკუნეს ითვლის და მის პროცედურის წესებს უამრავი თავისებურება ახასიათებს.

თემთა პალატის დღის წესრიგსა და განსახილველ საკითხებს მთავრობა განსაზღვრავს. ეს საკითხები ხშირად მთავრობისა და მთავარი ოპოზიციური პარტიის ქიშპობის საკვანძო თემებს ეხება.

“Early Day Motion” პროცედურა საშუალებას აძლევს ყველა დეპუტატს, ლაკონურად, ერთ წინადადებაში, წერილობითი ფორმით ჩამოაყალიბონ თემა, რომელიც, მათი აზრით, პარლამენტის მეტ ყურადღებას მალევე (“early day” – უახლოეს დღეს) იმსახურებს. რაც უფრო მეტი ხმოსანი მოაწერს ხელს წინადადებას, მით უფრო მაღალია შანსი, რომ საკითხმა თემთა პალატის მთავარ დარბაზში გადაინაცვლოს და საერთო დისკუსიის საგანი გახდეს.

უნდა ითქვას, რომ ამგვარი წინადადება არ წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, ასევე არ გულისხმობს ისეთი საპარლამენტო დოკუმენტის შექმნას, რომელმაც შეიძლება სავალდებულო ძალა შეიძინოს. არც თემის განხილვის ვადებია დადგენილი და არც დებატებია სავალდებულო.

როგორც წესი, “Early Day Motion”-ების უმრავლესობას ერთი ან ორი ხელმოწერა ერთვის, რადგან ასეთი წინადადებები საშუალებას აძლევს მცირე პარტიებს და უკანა მერხებზე მსხდომ დეპუტატებს, ხმა გააგონონ ამომრჩევლებს. ჯეიმს მაკქლიარიც ლიბერალ-დემოკრატია, ანუ არც მმართველი პარტიის წარმომადგენელი და არც ოპოზიციისა.

ისეც ხდება ხოლმე, რომ ამ პროცედურით წარდგენილი თემები ხშირად ტრივიალური ანდა სახუმარო ხასიათისაა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ პროცედურით სერიოზული თემებიც დამდგარა სადებატოდ: მაგალითად, 1979 წელს, ვინმე მარგარეტ თეტჩერმა სწორედ ამგვარი წინადადებით დაუდო სათავე ლეიბორისტული მთავრობის დასამარებას. ნელსონ მანდელას გათავისუფლების მოთხოვნაც ამ პროცედურით შევიდა თემთა პალატის განხილვაზე.

თუმცაღა, ყოფილა შემთხვევები, როცა სამეფოსთვის აქტუალურ თემებს 200-ზე მეტი ხელმოწერაც დაუგროვებია და თემთა პალატას კი მაინც არ ჩაუთვლია დებატის ღირსად.

ემუქრება ამ წინადადების შეტანით რაიმე “ოცნებას” ან ივანიშვილს?

უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო სანქციების დაწესება ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტისა და განსაკუთრებით, საგარეო ოფისის კომპეტენციაა. მისი უდიდებულესობის მთავრობას ამა თუ იმ პირის ან პირთა წრის მიმართ სანქციების დასაწესებლად პარლამენტის თანხმობა სულაც არ სჭირდება: მათ ყოველგვარი საპარლამენტო დებატების გარეშე, შეუძლიათ დაადონ სანქციები ივანიშვილს ანდა “ქართული ოცნების” სხვა ოფიციალურ პირებს.

ოღონდ აქვე უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელის მისთვის ძალზე უარყოფით კონტექსტში მოხსენიება, მისი რეპუტაციისათვის საკმაოდ საზიანო რამაა. თემთა პალატის 18-მა ხმოსანმა მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ საჭიროა ივანიშვილის საქმიანობასა და შესაძლო სანქცირებას მეტი ყურადღება დაეთმოს. ეს ჯერ სიგნალია, თუმცა კონკრეტული საფრთხე ჯერ არ ჩანს.

ენით დაკოდილნი

“ოცნების” პოლიტსაბჭოს გადაფიჩინება ივანიშვილისთვის იმაზე საზიანო შეიძლება გამოდგეს, ვიდრე თავად ლიბერალ-დემოკრატი ხმოსნის ინიციატივა იყო. გაერთიანებული სამეფოსათვის დემოკრატიის გაკვეთილების ჩატარება, თანაც ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი და ევროპისგან გარიყული პარტიის მხრიდან, განცხადების უაღრესად თავხედური ტონი არ გამოეპარებოდა მისი უდიდებულლესობის მთავრობას. 

სწორედ ამგვარმა პასუხმა შეიძლება გაზარდოს წინადადების ხელმომწერთა რაოდენობა და უესმინსტერის კორიდორებში დამატებითი, ივანიშვილისათვის უსიამოვნო ფუსფუსის საფუძველიც გახდეს.

Back to top button