skip to content
ახალი ამბები

არჩევნებზე დაკვირვების ანგარიშში PACE ეჭვს გამოთქვამს, ასახავდა თუ არა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 29 ნოემბერს არჩევნებზე დაკვირვების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც „შეშფოთებას გამოხატავს არჩევნების შედეგების სისწორის შესახებ, კერძოდ, ასახავს თუ არა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას. გარდა ამისა, არსებობს სერიოზული ეჭვები იმის თაობაზე, უზრუნველყო თუ არა საარჩევნო გარემომ სათანადო პირობები სამართლიანი არჩევნებისთვის, რაც ამომრჩევლებს საშუალებას მისცემდა გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი, დაშინებისა და ზედმეტი ზეწოლის გარეშე“.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თბილისში წინასაარჩევნო მისია 2024 წლის 23-24 სექტემბერს გამოგზავნა. არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, მან 500 საერთაშორისო მოკლევადიანი დამკვირვებელი განათავსა საქართველოს მასშტაბით 2 000-მდე საარჩევნო უბანზე. ანგარიშში ჩამოთვლილია არაერთი აშკარა დარღვევა როგორც წინასაარჩევნო გარემოში, ასევე არჩევნების დღეს.

წინასაარჩევნო გარემო

სადამკვირვებლო მისიამ დაადგინა, რომ 26 ოქტომბრის საარჩევნო გარემო „დაძაბული“ იყო და ადგილი ჰქონდა მასშტაბურ ზეწოლას, პროცედურულ დარღვევებსა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით.

ანგარიშში აღწერილია PACE-ს წინასაარჩევნო მისიის მიგნებები, რომლის თანახმადაც მისიამ მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია გამოავლინა. დოკუმენტის თანახმად, „ამ კონტექსტში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარე ლეგიტიმურად აღიარებდა, არსებითი იქნებოდა ევროპულ სტრუქტურებში ქვეყნის კანონიერი ადგილის დასაცავად“. მისიამ განაცხადა, რომ შეშფოთებულია მმართველი პარტიის რიტორიკით, რომელიც უმრავლესობას ოპოზიციური პარტიების აკრძალვისკენ მოუწოდებს და გააფრთხილა, რომ ეს ძირს უთხრის პოლიტიკურ პლურალიზმსა და ევროპის საბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

სხვა წუხილებს შორისაა უცხოელი აგენტების შესახებ სადავო კანონის მსუსხავი ეფექტი, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არჩევნებზე დაკვირვების შეზღუდვა, ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენება, მედიის პოლარიზაცია და მუქარა ჟურნალისტების მიმართ. მიესალმა რა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას, PACE-მ ხაზი გაუსვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა მაღალი ბარიერი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიკერძოებულობა.

კენჭისყრის დღე

რაც შეეხება თავად არჩევნების დღეს, PACE-ს ცნობით, საქართველოს მასშტაბით 2 000 საარჩევნო უბანზე 500 საერთაშორისო მოკლევადიანი დამკვირვებელი განათავსა, რაც მიუთითებს ზოგადად კარგად ორგანიზებულ ხმის მიცემის პროცესზე საარჩევნო უბნებში, მომზადებული პერსონალით და ფუნქციონალური ელექტრონული ხმის მიცემის მოწყობილობებით. თუმცა, მთლიანი საარჩევნო გარემო შელახა დაშინების შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა, განსაკუთრებით სოფლად.

დამკვირვებლებმა დააფიქსირეს შემთხვევბი, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები აშინებდნენ ამომრჩეველს საარჩევნო უბნების გარეთ, ასევე დამონტაჟებული იყო კამერები, სავარაუდოდ, ხელისუფლების მიერ, რაც არღვევდა ხმის მიცემის ფარულობას. ზოგიერთ უბანზე დაფიქსირდა ჩარევა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან და გამოვლინდა დარღვევები, როგორიცაა ხმების მოსყიდვა და პროცედურული შეუსაბამობები ხმების დათვლის დროს.

PACE ასევე იტყობინება შემაშფოთებელი ინციდენტების თაობაზე, რომლებიც ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის მთლიანობას, მათ შორის ადგილი ჰქონდა ვანდალიზმის შემთვევას, რომლის სამიზნეც PACE-ს სადამკვირვებლო მისიის მანქანა გახდა, და აგრესიულ ქცევას მმართველ პარტიასთან ასოცირებილი ე.წ. „მოქალაქე დამკვირვებლების“ მხრიდან. დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ მმართველი პარტიის წევრები აკონტროლებდნენ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნების შიგნით და გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა გუნდმა არ დააფიქსირა დარღვევები, მისიის მიგნებები ემთხვეოდა IEOM-ის დასკვნებს, რომლებიც ხაზს უსვამს დაძაბულ საარჩევნო გარემოს ამომრჩევლებზე ზეწოლით, პროცედურული ხარვეზებითა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევით, რაც არჩევნების საერთო სამართლიანობასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

დასკვნები და რეკომენდაციები

„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა პოლიტიკური და მედია გარემოს მაღალი პოლარიზებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სიძულვილის ენით და ღრმა ანტაგონიზმით, ერთი მხრივ, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას, და მეორე მხრივ, მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის. ჩვენი მისია განსაკუთრებით შეშფოთებულია პარტიის მიერ ორგანიზებული დაშინების ფართოდ გავრცელებული კლიმატით, არჩევნების წინ და მის მსვლელობაში, განსაკუთრებით სოფლად, რამაც კითხვები აღძრა იმ სახელმწიფო უწყებების მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კანონის შესრულებაზე. ჩვენი დელეგაცია განსაკუთრებით შეაშფოთა მმართველი პარტიის მიერ კამპანიის დროს გაკეთებულმა საჯარო განცხადებებმა მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის დასკვნაში.

PACE-ს დელეგაცია „შეშფოთებას გამოხატავს არჩევნების შედეგების სისწორის შესახებ, კერძოდ, ასახავს თუ არა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას. გარდა ამისა, არსებობს სერიოზული ეჭვები იმის თაობაზე, უზრუნველყო თუ არა საარჩევნო გარემომ სათანადო პირობები სამართლიანი არჩევნებისთვის, რაც ამომრჩევლებს საშუალებას მისცემდა გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი, დაშინებისა და ზედმეტი ზეწოლის გარეშე“.

დოკუმენტში ხაზგასმულია სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზება, მათ შორის შეშფოთება ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიუკერძოებლობის თაობაზე, ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებების შემდეგ. ამ მოვლენებმა, მათ შორის საქართველოს „დემოკრატიულმა უკუსვლამ“ და გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვამ, გააჩინა ეჭვები ევროპული სტანდარტებისადმი ქვეყნის ერთგულების მიმართ.  

PACE-მ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, აღმოფხვრას სერიოზული ხარვეზები საარჩევნო კანონმდებლობაში, რათა ის ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს. რეკომენდირებული პრიორიტეტული ნაბიჯებს შორისაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ანტიკორუფციული ბიუროს სანდოობისა და მიუკერძოებლობის აღდგენა. საზოგადოების ნდობის გასაძლიერებლად, PACE მოუწოდებს, რომ დამოუკიდებელი ორგანოების მიერ ჩატარდეს საარჩევნო დარღვევების „სწრაფი, სანდო და გამჭვირვალე“ გამოძიება. ასევე აუცილებელია ხმის მიცემის ფარულობის გაძლიერება, მათ შორის საარჩევნო უბნებზე მეთვალყურეობის წესების გადახედვა დაშინების თავიდან ასაცილებლად და მონაცემთა კონფიდენციალურობის დასაცავად.

გარდა ამისა, PACE-მ ხაზი გაუსვა სამართლიანი საარჩევნო კონკურენციის ხელშეწყობას ისეთი შემზღუდავი კანონების გაუქმებით, როგორიცაა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი ზომების გატარება, რომელთა მიზანიცაა ამომრჩეველთა განათლების გაუმჯობესება, განსაკუთრებით უმცირესობებისა და პირველადი ამომრჩევლებისთვის, და პოლიტიკური ძალადობისა და რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება.

დასასრულს, PACE მოუწოდებს ევროპის საბჭოს და მის გენერალურ მდივანს მხარი დაუჭირონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას დიალოგის, ტექნიკური დახმარებისა და მონიტორინგის გზით. საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ გამოავლინოს პოლიტიკური ნება ნდობის აღსადგენად, არჩევნების შემდგომი უთანხმოებების მოსაგვარებლად და დემოკრატიული პრინციპების დასაცავად, რეიკიავიკის დემოკრატიის პრინციპების შესაბამისად.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button