skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ელჩები ტრადიციულ ამბასადორიალზე შეიკრიბნენ

28 დეკემბერს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა – „ელჩების კონფერენცია 2024: საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში“ გაიხსნა.

ელჩების კონფერენცია უპრეცედენტო საგარეო პოლიტიკური კრიზისისა და მზარდი საერთაშორისო იზოლაციის პირობებში გაიმართა, რასაც წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე, ასევე მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივად ჩახშობის გამო ევროკავშირის, ევროპის ინდივიდუალური ქვეყნებისა  და აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს ოფიციალური პირების და სამართალდამცველების დასანქცირების თაობაზე,

ღონისძიება საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა. მან არსებულ ვითარებაზე ევფემიზმებით ისაუბრა, ის გლობალურ „სირთულეებს“ დააბრალა, დიპლომატებს „გამბედაობისკენ“ მოუწოდა და „ეროვნული ინტერესების დაცვის“ აუცილებლობაზე ისაუბრა. ამ მიზნისთვის მან ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესები, რაც გლობალური პოლიტიკის ეპიცენტრშია, ყველაზე მტკივნეულად საქართველოზე აისახება და განსაკუთრებული სიფრთხილე და იმავდროულად გამბედაობა გვჭირდება იმისთვის, რომ მოცემულ ვითარებაში დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ორიენტირებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ „მხოლოდ მტკიცე, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებით შევძლებთ ჩვენი კონსტიტუციური მიზნების შესრულებას და განხორციელებას“. ბოჭორიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა „ეროვნული ინტერესების დაცვის“ გამოწვევებს მიმდინარე გეოპოლიტიკურ გარემოში და განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება „სახელმწიფო ინსტიტუტების სიმტკიცე, იმისთვის, რომ სახელმწიფოს ფუნქციონირების ღერძი იყოს ძლიერი“.

„სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა არის სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ინტერესების დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტი. საგარეო საქმეთა სამინისტრო, დღეს ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტია, რომელიც ერთგვარად ფრონტის წინა ხაზზეა წარმოდგენილი ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების და ჩვენი მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად,“ – განაცხადა მან.

ელჩების კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია მაკა ბოჭორიშვილის მოდერატორობით, ხოლო მთავარი გამომსვლელები იყვნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, და ირაკლი ზარქუა, ქართული ოცნების დეპუტატი. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პანელურ დისკუსიაზე ხაზი გაესვა არაღიარების პოლიტიკისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის მნიშვნელობას, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საერთაშორისო დღის წესრიგში დარჩენის აუცილებლობას.

საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირში გაწევრიანებას – პროცესს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეაჩერა და რომლის მთალიანად შეწყვეტაზეც ახლა ევროკავშირი მსჯელობს. „დისკუსიის მონაწილეებმა ევროინტეგრაციის პროცესში, პარტნიორებთან დიალოგის მნიშვნელობას და მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასებების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი და იმედი გამოთქვეს, რომ დღეს არსებული სირთულეები დაიძლევა და თანამშრომლობა დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემაზე“, – ნათქვამია საგარეო უწყების პრესრელიზში. „საუბარი შეეხო მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობისა და რეგიონალური უსაფრთხოების მიმართულებით მმართველი გუნდის ხედვას. აღინიშნა, რომ ხელისუფლების სამეზობლო პოლიტიკა არის დაბალანსებული და ემყარება ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, სუვერენიტეტის, კეთილმეზობლობის, უსაფრთხოების განმტკიცების, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პრინციპებს,რაც მომავალშიც გაგრძელდება. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობები, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობა“. საქართველოსთან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე საუბარი არ ყოფილა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button