აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი არჩევნების შედეგების არცნობისკენ მოუწოდებს
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველმა კომიტეტმა 28 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც შეშფოთება გამოხატა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და მისი შედეგების არცნობისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას არ ცნოს ამ არჩევნების შედეგები, სანამ არ ჩატარდება მიუკერძოებელი გამოძიება. პირველად პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების მიზანი დემოკრატიული წარმომადგენლობისა და გამჭვირვალობის ზრდა იყო. თუმცა, სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების ინფორმაციით, პროცესი სხვა საკითხებთან ერთად სისტემური მანიპულაციებით, ამომრჩევლებისა და დამკვირვებლების დაშინებით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევითა და ცესკოს პოლიტიკური მიკერძოებით ხასიათდებოდა“, – განაცხადა მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარემ ლაშა ტუღუშმა.
მმართველი კომიტეტი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის განსაკუთრებული სამიზნეები იყვნენ მოწყვლადი ჯგუფები, უმცირესობები, საჯარო სექტორის თანამშრომლები და სოფლად მცხოვრები მოქალაქეები.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჩვენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის წევრები, სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს ხალხს დემოკრატიული და გამჭვირვალე საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის საქმეში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას, ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ საქართველოს ბრძოლას დემოკრატიისთვის, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის ხმა იყოს გაგონილი და დაცული 26 ოქტომბრის არჩევნების დროს“.
მმართველი კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს:
საერთაშორისო და ევროკავშირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებს – გამოაქვეყნონ დეტალური ანგარიშები და გააკეთონ ცალსახა განცხადებები ყველა დაფიქსირებული დარღვევის შესახებ როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს;
საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ს ინსტიტუტებს – მოითხოვონ ანგარიშვალდებულება და უარი თქვან არჩევნების აღიარებაზე, სანამ სრულფასოვანი გამოძიება არ ჩატარდება;
აშშ-ის მთავრობას – MEGOBARI აქტის ფარგლებში დააწესოს სანქციები, მათ შორის აქტივების გაყინვა, სავიზო შეზღუდვები და მოგზაურობის აკრძალვა იმ ფიზიკური პირებისა და სუბიექტებისთვის, რომლებიც არჩევნების გაყალბებასა და ამომრჩეველთა დაშინებაში მონაწილეობდნენ;
ევროკავშირის ინსტიტუტებს – საქართველოს სამომავლო ფინანსური დახმარება არჩევნების მთლიანობასა და სავარაუდო გაყალბების საფუძვლიან გამოძიებას დაუკავშირონ;
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს – განახორციელონ დიპლომატიური ზეწოლა საქართველოზე, მათ შორის, გამოიძახონ საქართველოს ელჩები და გაავრცელონ ერთიანი განცხადებები, რომლითაც საარჩევნო გადაცდომებზე ხელისუფლება პასუხისმგებლობა გამოიკვეთება;
საქართველოს სასამართლოებს და სასამართლო სისტემას – დროულად გამოიძიონ და პასუხი აგებინონ საარჩევნო გაყალბების ყველა შემთხვევისთვის, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა;
საქართველოს ხელისუფლებას – გააუქმოს შემზღუდავი კანონები, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას, მათ შორის კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, დაიცვას სიტყვისა და პრესის თავისუფლება;
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს – გააგრძელონ თავიანთი უფლებების ადვოკატირება, წინააღმდეგობა გაუწიონ არჩევნების გაყალბებას და მოიძიონ საერთაშორისო მხარდაჭერა, რათა დაიცვან სსო-ების საქმიანობა სახელმწიფო შევიწროებისგან;
დონორ საზოგადოებას – გაზარდოს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მოქნილი მხარდაჭერა, განსაკუთრებით დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიაზე სავარაუდო საარჩევნო გაყალბების გავლენის გათვალისწინებით.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)