skip to content
ახალი ამბები

ქართველი დეპუტატები სომხეთს სტუმრობდნენ

ქართველი დეპუტატების დელეგაცია, 21-22 თებერვალს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით ერევანს ესტუმრა, სადაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრებს დაესწრო და სომხეთის ლიდერებს შეხვდა.

მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსთან ერთად ასამბლეის თანაპრეზიდენტია. ასამბლეა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების – საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციებს აერთიანებს. ბრიუსელთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე ბელარუსმა ფორმატში მონაწილეობა შეაჩერა.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტები 21 თებერვალს სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდნენ და მათთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში სამომავლო თანამშრომლობა, ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებს და ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.

22 თებერვალს, ევროპარლამენტარი კუბილიუსი, დეპუტატი ლევან ქარუმიძე და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიურის სხვა წევრები ასევე შეხვდნენ სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, აკოფ არშაკიანს.

ერევანში ასამბლეა ასევე შეიკრიბა ბიუროს სხდომისა და ორი ერთობლივი საკომიტეტო სხდომის ფორმატში, სადაც გაიცვალა მოსაზრებები უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების, ასევე არსებულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.

ასამბლეის ბიუროს 22 თებერვლის განცხადებით დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების – ლუგანსკისა და დონეცკის „უკანონო“ აღიარება და მას „საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების უხეში დარღვევა“ უწოდა.

ბიურომ ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ანექსია და უკანონო ოკუპაცია, ისევე როგორც მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში გადაუჭრელი კონფლიქტი სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონს და მთლიანად ევროპას“.

ბიურომ მოუწოდა „ევროკავშირის ინსტიტუტებს ძალაში დატოვონ სანდო, გრძელვადიანი პერსპექტივა“ ასპირანტი პარტნიორების გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მან ასევე მოუწოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებსა და მთავრობებს, რომ „დარჩნენ ერთიანნი და მტკიცენი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ეკონომიკისა და სოციალურ სფეროებში ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით“.

ასამბლეის ერთობლივი კომიტეტის სხდომებზე ასევე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა – ევროპული მწვანე შეთანხების კონტექსტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, კარგი მმართველობის ხელშეწყობა, პოსტკოვიდურ რეალობაში დედაქალაქების ეკონომიკური განვითარება, ასევე ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაქცინაციის პროგრამების თავსებადობა და დაახლოება.

კომიტეტების სხდომების ფარგლებში განხილულ რეზოლუციების პროექტებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-10 პლენარული სესია დაამტკიცებს, რომელიც 2022 წლის აპრილში, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართება.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ – ქართული ოცნების დეპუტატები ლევან ქარუმიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი და ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მარიამ ლაშხი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button