skip to content
ახალი ამბები

შსს აგენტების კანონის საწინააღმდეგი აქციების დროს წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის დამატებას აღიარებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ტვ პირველის“ ეთერში ნოდარ მელაძის „შაბათის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ ცრემლსადენი გაზის წყლის ჭავლში დამატების სავარაუდოდ უკანონო პრაქტიკას ეხებოდა. შსს-ს აღიარა ეს პრაქტიკა და განაცხადა, რომ ის „პოლიციის შესახებ“ კანონს შეესაბამება.

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებს, რომლის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასაშვებია პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად“, ხოლო „წყალსატყორცნი“ სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად“.

„პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებების სახე და მისი ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და  არც  მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად,  ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას“, – აცხადებს შსს.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობრივი შეკრება-მანიფესტაციის მართვის დროს, იყენებს ისეთ სპეციალურ საშუალებებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და აქტიურად გამოიყენება არაერთი  ევროპული ქვეყნის საპოლიციო დანაყოფების მიერ. გავრცელებული ცრუ ინფორმაცია მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს აცხადებს, რომ ამგვარ აკრძალვას არ ითვალისწინებს ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, როგორიცაა ეუთო/ოდირისა (OSCE/ODIHR) და „ამნესთი ინთერნეიშენალის“ (Amnesty International)  სახელმძღვანელო დოკუმენტები.  

შსს-ს თქმით, „ამნესთი ინთერნეიშენალის“ სახელმძღვანელო დოკუმენტის თანახმად, წყლის ჭავლში დასაშვებია შეერიოს მარკერული საღებავი ან/და ქიმიური საშუალებები. თუმცა უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ წყლის ჭავლში გამაღიზიანებელი საშუალებების, მარკერული საღებავის ან გაცხელებული წყლის დამატება იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც აკრძალვას ექვემდებარება.

შსს ასევე აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის  გაიდლაინის თანახმად, დასაშვებია წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის დამატება და მათი გამოყენება ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების მიმართ. თუმცა, ეუთო/ოდირის „სახელმძღვანელო ადამიანის უფლებებისა და საჯარო შეკრებების დროს მართლწესრიგის უზრუნველყოფის თაობაზე” განმარტავს, რომ „ზოგიერთ შემთხვევაში, ცრემლსადენი გაზი შეიძლება დაემატოს წყალს, რომელიც გამოიყოფა წყლის ჭავლით“, თუმცა ის ასევე ხაზს უსვამს, რომ „ცრემლსადემი გაზის გამოყენებამდე გაფრთხილებაა საჭირო“. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს მსგავსი გაფრთხილებები არ მიუღიათ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button