skip to content
ახალი ამბები

შამბა: სოხუმი მიესალმება საქართველოს ბოდიშს, როგორც პირველ ნაბიჯს შერიგებისკენ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 9 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სოხუმი მიესალმება საქართველოს ბოდიშს, როგორც შერიგებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს.

სერგეი შამბა ამ სახით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელმაც 2008 წლის ომში „გარე“ ძალები და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება დაადანაშულა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ“. სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება მიესალმა ამ განცხადებას და განაცხადა, რომ ის „რეალური ნაბიჯებით უნდა გამყარდეს“. რაც შეეხება ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმს, მან ეს განცხადება საქართველოს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირა.

შამბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ფორმულირებებისაგან, რომლებიც არ უწყობს ხელს ურთიერთობების მოწესრიგებას, და მათ შორის დაასახელა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ მოხსენიება. შამბამ ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი „განხილვის საგანი არ არის“.

მისი თქმით, აფხაზური მხარისთვის ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია ოკუპირებულ რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის „საომარი მოქმედებების განუახლებლობა და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა“.

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრების განახლების საკითხი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button