
PACE-ს წინასაარჩევნო დელეგაცია: თავისუფალი და ლეგიტიმური არჩევნები აუცილებელია ევროპაში საქართველოს ადგილის დასამკვიდრებლად
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ექვსკაციანი დელეგაცია 23-24 სექტემბერს წინასაარჩევნო ვიზიტით საქართველოს ეწვია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ კამპანიისა და პოლიტიკური კლიმატის შესაფასებლად. დელეგაციას რუმინელი ევროპარლამენტარი და ALDE-ს თავმჯდომარე იულიან ბულაი ხელმძღვანელობდა.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს, ეროვნული კომუნიკაციების კომისიისა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები. ვიზიტის დასასრულს დელეგაციამ განცხადება გაავრცელა.
განცხადება
დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებულ პერიოდში გაიმართება. მან ხაზი გაუსვა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც ყველა მხარის მიერ იქნება აღიარებული ლეგიტიმურად, საკვანძო როლს შეასრულებს ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში სამართლიანი ადგილის დაცვაში.
„ჩვენი დელეგაცია შეშფოთებულია, რომ პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს დემოკრატიის ტრაექტორიაზე დე ფაქტო რეფერენდუმად აქცევს“, – განაცხადა ბულაიმ. „ვიზიარებ დელეგაციასთან შეხვედრებში მონაწილე პირების წუხილს დემონსტრაციების დარბევასთან და განსხვავებული აზრის გამოხატვის დევნასთან დაკავშირებით, ვიანიდან დემონსტრაციებიც და განსხვავებული აზის გამოხატვაც სრულიად ლეგიტიმურია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ხელისუფლებას მოეთხოვება ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად მოქმედება, არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან თავშეკავება და ძალადობის შემთხვევების დროული და სიღრმისეული გამოძიება“.
დელეგაციამ ასევე გამოხატა შეშფოთება ოპოზიციის წევრების შევიწროების ფაქტებზე, მუქარაზე, დაშინებასა და სიძულვილის ენის გამოყენებაზე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების მისამართით. „შესაბამის უწყებებს მოვუწოდებ, სრულყოფილად და გამჭვირვალედ გამოიძიონ ეს ბრალდებები. შეშფოთებული ვარ არჩევნების წინ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მსუსხავი ზეგავლენით აქტივისტებსა და არჩევნების შიდა დამკვირვებლებზე და ვიმეორებ ასამბლეის მოწოდებას კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, რომელიც შეუსაბამოა ევროპული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან“, – განაცხადა მან და შეშფოთება გამოხატა არასამთავრობო ორგანიზაციების „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გამო.
ბულაიმ ასევე აღნიშნა, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება პირველი საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, „ხუთპროცენტიანი ბარიერისა და საარჩევნო ბლოკების აკრძალვის კომბინირებულმა ეფექტმა შესაძლოა შეასუსტოს ამ 2017 წელს მიღებული მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის ეფექტი. ასამბლეისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ხნის რეკომენდაციაა, პარლამენტში პლურალიზმის გაზრდა, პარლამენტის გაძლიერება და სუპერ უმრავლესობების თავიდან აცილება, რაც თავის მხრივ კონტროლისა და ბალანსის დემოკრატიულ სისტემას გააძლიერებს“, – განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.
ბულაიმ ასევე დაგმო საარჩევნო კანონში გენდერული კვოტების გაუქმების თაობაზე შეტანილი ცვლილება და მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, „უზრუნველყონ პარტიულ სიებში ქალების სათანადოდ წარმოდგენა“.
რაც შეეხება ცენტრალ საარჩევნო კომისიას, ბულაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ცესკო არამარტო მიუკერძოებლად უნდა მოქმედებდეს, არამედ მიუკერძოებლად უნდა აღიქმებოდეს კიდეც“. მან განაცხადა, რომ კანონმდებლობასა და შიდა წესებში შეტანილმა ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა შეიძლება შეარყიოს საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა და დასძინა, რომ რამდენიმე თანამოსაუბრემ ასევე დასვა კითხვები საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საარჩევნო უბნებზე წვდომის შესახებ.
„ჩვენ ასევე გვინდა გამოვხატოთ შეშფოთება პოლიტიზებული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიის მიმართ“, – განაცხადა ბულაიმ. „ჩვენ მოვისმინეთ შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რაც გავლენას მოახდენს თანასწორ გარემოზე. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პლურალიზმისათვის საზიანო რიტორიკისაგან, როგორიცაა მაგალითად ოპოზიციის აკრძალვის მოწოდება. ეს უკანასკნელი სერიოზულად შეაფერხებდა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სრულუფლებიანი დელეგაცია, რომელიც ვენეციის კომისიის 32 წევრისა და იურიდიული ექსპერტისგან შედგება, საქართველოში , 26 ოქტომბრის არჩევნებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად დააკვირდება.
ასევე წაიკითხეთ:
- 20/09/2024 – ევროკავშირის ელჩი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობასა და შესაძლო შედეგებზე საუბრობს
- 04/09/2024 – „სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო კამპანიის წინ „ძლიერ პოლარიზაციასა“ და სხვა გამოწვევებზე საუბრობს
- 27/08/2024 – პრეზიდენტმა არჩევნები 26 ოქტომბერს დანიშნა და მის “ეგზისტენციალურ” მნიშვნელობაზე ისაუბრა
This post is also available in: English Русский