ევროკავშირის ელჩი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობასა და შესაძლო შედეგებზე საუბრობს
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 20 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებთან“ შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საქართველოს ევროპული პერსპექტივების განსაზღვრაში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და მის როლზე ისაუბრა.
გაიმეორა რა, რომ აუცილებელია „თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და ინკლუზიური არჩევნების“ ჩატარება, ელჩმა ჰერჩინსკიმ მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას, განსაკუთრებით კი ხელისუფლებას, რომ უზრუნველყონ მშვიდობიანი კამპანია. „რა თქმა უნდა, ხელისუფლებას დამატებითი პასუხისმგებლობა აკისრია, რომ უზრუნველყოს არჩევნების ჩატარება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა ელჩმა.
ელჩმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, განსაკუთრებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ და აღნიშნა, რომ ისინი მთავარ როლს ასრულებენ უმაღლესი საარჩევნო სტანდარტების უზრუნველყოფის საქმეში.
ჰერჩინსკიმ ოპტიმიზმი გამოხატა პოსტსაარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ევროკავშირი იმედოვნებს, რომ არჩევნების შემდეგ „ჩვენ გვეყოლება ახალი ხელისუფლება და ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები… ეს ახალი ხელისუფლება განაახლებს საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმებს“.
უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების შესახებ
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, ელჩმა განაცხადა: „სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა მექანიზმი, და უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერება ერთ-ერთი მათგანია“. ელჩმა ასევე გაიმეორა, რომ ევროკავშირი განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, რათა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესაბამისად იმოქმედოს.
რეფორმების შეფერხების შესახებ
ელჩმა წუხილი გამოხატა რეფორმების კუთხით საქართველოს უკუსვლაზე: „ჩვენ ცალსახად შეშფოთებულნი ვართ, რომ იმის ნაცვლად, რომ ის რეფორმები დაენერგათ, რომლებიც საქართველოს ევროკავშირს დაუახლოებდა, სამწუხაროდ, ბოლო თვეებში ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე მოვლენა, რომელიც ზრდის დისტანციას საქართველოსა და ევროკავშირს შორის”, – აღნიშნა მან.
ევროკავშირში გაწევრიანების პრინციპები განხილვას არ ექვემდებარება
იმ იმედით, რომ არჩევნებს „დემოკრატიის ზეიმი“ მოყვება, ელჩმა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობისკენ მოუწოდა. „ჩვენ ყველას მოვუწოდებთ ხმის მიცემას. ეს არის კონსტიტუციური უფლება, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა ასევე სამოქალაქო ვალია“. მან დასძინა: „ქართველების გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება“. მაგრამ თუ საქართველოს ევროკავშირის გზაზე სურს დაბრუნება, ჰერჩინსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის „ძირითადი პრინციპები“ განხილვას არ ექვემდებარება და ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს მათ. მათ შორის ელჩმა დაასახელა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, და, განსაკუთრებით, უმცირესობების უფლებებს გაუსვა ხაზი.
ბელარუსის მსგავსი სცენარის შესახებ
ელჩმა არაერთხელ გაუსვა ხაზი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას, რასაც, მისი თქმით, ევროკავშირი პატივს სცემს, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდება, ანუ თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ევროკავშირს მოუწევს სხვა ზომების მიღება, რომლებიც მანამდე სხვა ქვეყნების, მათ შორის ბელარუსის მიმართ მიიღო. „არჩევნები ბელარუსში მოიპარეს და ამიტომაც ჩვენ მივიღეთ რიგი სხვადასხვა ზომები“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს არის „ყველაზე ცუდი სცენარი“ და რომ ევროკავშირი კვლავ იმედოვნებს, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ევროკავშირი მზადაა იმუშაოს ნებისმიერ ხელისუფლებასთან, რომელიც არჩევნების შემდეგ აირჩევა, დასძინა მან.
ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება „ნაკლებად სავარაუდოა“
ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს პერსპექტივებზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ელჩმა ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დადებითი რეკომენდაციის გაცემის შანსი „ნაკლებად სავარაუდოა“. მან განაცხადა: „ჩვენ იმდენი დრო დავკარგეთ, პრაქტიკულად მთელი წელი. საჭირო რეფორმების ნაცვლად, ჩვენ არასახარბიელო მოვლენები გვქონდა“.
მან ასევე აღნიშნა, რომ სხვაობა, ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, უკრაინასა და მოლდოვას შორის შემცირების ნაცვლად კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ „ეს შეიძლება შეიცვალოს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება განაახლებს „ბეჯითად მუშაობას“, რათა საქართველო ევროკავშირის გზაზე დააბრუნოს. „როგორც ევროკავშირი, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელიც არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება“, – განაცხადა მან.
„ბოდიშის“ თაობაზე ივანიშვილის განცხადების შესახებ
ევროკავშირის ელჩმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ აგვისტოს ომის გამო საქართველომ ოსებს ბოდიში უნდა მოუხადოს. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დასძინა, რომ სწორედ რუსეთი დგას ქაოსისა და ნგრევის უკან, რაც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინასა და მსოფლიოს სხვა ადგილებშიც შეინიშნება.
ასევე წაიკითხეთ:
- 19/06/2024 – პაველ ჰერჩინსკი: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღებამ საქართველოს ევროინტეგრაცია გაყინა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)