skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა არჩევნები 26 ოქტომბერს დანიშნა და მის “ეგზისტენციალურ” მნიშვნელობაზე ისაუბრა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 27 აგვისტოს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც საპარლამენტო არჩევნების თარიღად 26 ოქტომბერი ოფიციალურად გამოცხადდა, რაც წინასაარჩევნო კამპანიის ფორმალურ დასაწყისსაც ნიშნავს. ბრიფინგზე პრეზიდენტმა გააკრიტიკა მმართველი ძალა და მისი მუქარები ქართველი მოქალაქეებისადმი, იქნებოდა ეს ომთან დაკავშირებით თუ განსხვავებული აზრის ჩახშობაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა არჩევნების მნიშვნელობას “რათა დავაბრუნოთ საქართველო საკუთარ გზაზე” და აღნიშნა, რომ მოქალაქეთა მობილიზაციისა და შემართების დროა. მან მოქალაქეებს 26 ოქტომბერს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ “დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან”, რომელშიც მოქალაქე პოლიტიკურ ძალას მსოფლმხედველობის მიხედვით ირჩევს, არამედ “საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან” და “ჩვენი დღევანდელი არჩევანი ეგზისტენციალურია”. მისი თქმით, “ეს არჩევანი მრავალი წლით განაპირობებს ქვეყნის ბედს”.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ “ტყულია”, როცა “უნდათ დაგვარწმუნონ, რომ ეს ერთგვარი არჩევანი იქნება ომსა და მშვიდობას შორის”, როგორც ამას “ქართული ოცნება” წარმოაჩენს. პრეზიდენტის თქმით, არჩევნები ომის რისკს ვერ შეამცირებს და ომს არასდროს არავინ ირჩევს, საქართველოში ომი არავის სურს და ომისთვის არავინ ემზადება. მისი თქმით, “იზოლაცია, შიდა დაპირისპირება, შენი პრიორიტეტების და მიზნების ბუნდოვანება კი  ზრდის მტრის მადას, ანუ ომის საფრთხეს”.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნები რეალურად რეფერენდუმის “ტოლფასი იქნება”, მაგრამ რეფერენდუმისა – “ევროპა თუ რუსეთი”. მან აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს, რა უნდა – “წარსული თუ წინსვლა”, “თავისუფლება თუ მონობა”, “დიქტატურა თუ დემოკრატია”, “ერთპარტიული ძალაუფლება თუ მრავალპარტიული ხელისუფლება”, “ღირსება თუ უპრინციპობა”, “ქრისტიანული შემწყნარებლობა თუ რუსული ძალადობა”, “დამოუკიდებლობა თუ ოკუპაცია”.

ზურაბიშვილის თქმით, ქართველ ხალხს ისტორიაში იშვიათად თუ ჰქონია საშუალება საკუთარი ბედი მშვიდად, “საკუთარი ნების გამოხატვით გადაეწყვიტა”. “სწორედ იმიტომ, რომ არც ომი და არც შიდა დაპირისპირება არ გვინდა, აუცილებელია, არჩევნებით ვთქვათ სათქმელი”, – აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა ასევე დაგმო ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის მიმართვა, რომელსაც მან “საომარი სიტყვა” უწოდა და თქვა, რომ ივანიშვილმა “ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს, საკუთარ ახალგაზრდობას და ქვეყნის პატრიოტებს შიგნით, გარეთ კი, ჩვენს  ერთგულ პარტნიორებს”. ზურაბიშვილის თქმით, “მაშინ დავდექით უპირობოდ, ჩვენი მომავლის გზასაყარზე და სასიცოცხლო არჩევანის წინაშე; ან იქნება ევროპული, დემოკრატიული, თავისუფალი და მართლაც ღირსეული მომავალი – ან დაბრუნება წარსულში, ჩაძირვა რუსეთის მარწუხებში, რომელიც დღითიდღე საკუთარ უსასტიკეს და დაუნდობელ სახეს ამჟღავნებს”.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ “ოცნება” ხალხს “შურისძიებას”, “შევიწროებას”, “სხვა აზრის მქონე ადამიანების დევნას”, “თავისუფალი პროტესტის შეზღუდვას”, “პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას” დაპირდა, როგორც ეს რეგიონებში წინასაარჩევნო ტურნეში გამოჩნდა. “მოკლედ რომ ვთქვათ, დაგვპირდა ერთპარტიულ, ერთპიროვნულ დიქტატურას”, – დაამატა მანვე.

პრეზიდენტმა ხელისუფლების მუქარებზე მიუთითა და თქვა, რომ არჩევნები “საკმაოდ რთულ პირობებში” ჩატარდება. თუმცა, მისივე თქმით, ომისა და აკრძალვების მუქარები “არაფერს ნიშნავს”, რადგან “არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ხალხის წინააღმდეგ წავა და გაიმარჯვებს”.

“იმ შემთხვევაში, თუ ყველა გაიაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას, თუ საზოგადოება სრულად მობილიზებული იქნება, მაშინ ხმებიც, სტაბილურობაც და მომავალიც სრულად დაცული იქნება”, – განაცხადა მან. მან ხაზი გაუსვა, რომ ასეთი არჩევანისთვის მეორე შანსი აღარ იქნება.  

“ვერავინ მოატყუებს ქართველ ხალხს, ვერც ფსევდო პროევროპულობით და ვერც ყალბი პატრიოტიზმით … 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი”, -განაცხადა ზურაბიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button