skip to content
ახალი ამბები

„ძლიერი საქართველო“ და გახარიას „საქართველოსთვის“ საარჩევნო ალიანსზე ვერ შეთანხმდნენ

პრეზიდენტის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ორი ოპოზიციური ძალის – ლელოს მეთაურობით მოქმედი ალიანსის „ძლიერი საქართველოსთვის“ და ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ გაერთიანების შესახებ უშედეგოდ დასრულდა.

„ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა“, – დაწერა გიორგი გახარიას პარტიამ 19 სექტემბერს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამი დღის წინ ორ მთავარ ოპოზიციურ ძალას გაერთიანებისკენ მოუწოდა.

როგორც ვარაუდობდნენ, მოსალოდნელი ალიანსი პოლარიზაციის ციკლს გაარღვევდა და ერთის მხრივ, „ქართული ოცნების“ და მეორე მხრივ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობასთან ასოცირებული ოპოზიციური ძალების დომინირებას დაუპირისპირდებოდა. ზოგიერთი ექსპერტის თქმით, ასეთ ალიანსს შეეძლო დაერწმუნებინა ბევრი თავშეკავებული ამომრჩეველი, ოქტომბრის არჩევნებში მიეღო მონაწილეობა.  

პრეზიდენტმა ორივე ძალას გაერთიანებისკენ 16 სექტემბერს მოუწოდა და ორივე პარტიის ლიდერი სადილზე მეორე დღეს მიიწვია, სადაც შეთანხმება უნდა მიღწეულიყო. თუმცა მოლაპარაკებები მოსალოდნელზე მეტხანს გაგრძელდა, რადგან მხარეებს დრო დასჭირდათ თავიანთი პარტიულ კოლეგებთან კონსულტაციებისთვის. ეს განსაკუთრებით ეხებოდა „ძლიერ საქართველოს“, რომლის შემადგენლობაშია „ლელო საქართველოსთვის“, ალეკო ელისაშვილის „,მოქალაქეები“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედანი“.

ხაზარაძესა და გახარიას ბოლო წლებში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. 2019 წელს, როდესაც გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა, ხოლო მამუკა ხაზარაძე ჯერ კიდევ პოლიტიკაში არ იყო ჩართული, ხაზარაძე აცხადებდა, რომ გახარია მას ბიზნესმენის რეპუტაციის შელახვით დაემუქრა, თუ ის მთავრობას მხარს არ დაუჭერდა. მას შემდეგ ისინი ერთმანეთის მიმართ კრიტიკასა და თავდასხმებს არ იშურებდნენ, თუმცა 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მათ შეძლეს კოალიციების შექმნა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, სადაც ოპოზიცია დომინირებდა.

ფეისბუქის პოსტში, პარტია „საქართველოსთვის“ წერს, რომ „ჩვენსა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია გვიჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით“.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button