skip to content
ახალი ამბები

TI საქართველო: „ქართული ოცნების“ დონორმა მეღვინეებმა 2017-2023 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი სარგებელი მიიღეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 17 სექტემბერს კვლევა გამოაქვეყნა სათაურით „როგორ ხეირობენ ბიუჯეტის ფულით „ქართული ოცნების“ დონორი მსხვილი მეღვინეები“. კვლევაში აღნიშნულია, რომ სწორედ ის მეღვინეები იღებენ სახელმწიფო სუბსიდიებს, რომლებიც დიდ თანხებს სწირავენ „ქართულ ოცნებას“ და სარგებელს იღებენ ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე გაზრდილი დამოკიდებულებით.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ 2017-2023 წლებში მეღვინეებმა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო პროექტებიდან 169 მილიონი ლარი მიიღეს, საიდანაც 74 მლნ ლარი იმ კომპანიებზე განაწილდა, რომელთა მფლობელებს და/ან მმართველებს „ქართულ ოცნებაზე“ აქვთ ფული შეწირული. მათ ჯამში 6.1 მლნ ლარი აქვთ შეწირული „ქართულ ოცნებაზე“.

20 ღვინის კომპანიიდან, რომლებმაც სახელმწიფოსგან ყველაზე მეტი სუბსიდია მიიღეს (ჯამში 64 მლნ ლარი), 15 კომპანია „ქართული ოცნების“ შემომწირველია. მათ შორის, 11.5 მლნ ლარი მიიღო ორმა კომპანიამ, რომელთა მფლობელები ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და პარლამენტარი ზაალ დუგლაძეა. ამასთან, 4 კომპანიის მფლობელი, რომლებმაც ჯამში 19.4 მლნ ლარი მიიღეს, ბიძინა ივანიშვილი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორი, ვახტანგ კარიჭაშვილია.

კვლევის თანახმად, 10 კომპანიიდან, რომლებმაც 2023 წელს რუსეთში ყველაზე მეტი ღვინო გაიტანეს, 8 კომპანია „ქართულ ოცნების“ შემომწირველია. მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის ძმის 2 კომპანია და უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორის 2 კომპანია.

ორგანიზაციის თქმით, ბოლო 10 წელში ღვინის ექსპორტს აშკარად გამოხატული ზრდის ტენდენცია აქვს, რაც ძირითადად რუსეთის ბაზარმა განაპირობა. 2023 წელს ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 65% იყო, რაც 2006 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რუსეთის შემდეგ ღვინის ექსპორტში ყველაზე მაღალი წილი ევროკავშირს უჭირავს 12%-ით.

იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ღვინო ძირითადად რუსეთში გადის, რუსეთი ერთი ლიტრის საშუალო ფასით (2.7 დოლარი) 61-ე ადგილზეა. მსხვილი ბაზრებიდან ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი აშშ-შია – 6.2 დოლარი. 2023 წელს, საქართველომ ღვინო სულ 66 ქვეყანაში გაიტანა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button