skip to content
ახალი ამბები

კომუნიკაციების კომისიამ ოპოზიციური ტელეარხების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ორი საჩივარი დააკმაყოფილა

კომუნიკაციების კომისიამ მიმდინარე კვირაში ოპოზიციური ტელევიზიების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ მიერ შეტანილი ორი საჩივარი დააკმაყოფილა. ერთ შემთხვევაში, საჩივარი ეხებოდა ზოგიერთი არხის უარს პარტიის რეკლამის განთავსებაზე, რომელიც, ამ არხების თქმით, „სიძულვილის ენას“ შეიცავდა და კანონს არღვევდა. მეორე შემთხვევაში, საჩივარი ეხებოდა ცალკეული პოლიტიკური რეკლამის განთავსებას იმ პარტიების მიერ, რომლებიც ამჟამად კოალიციაში არიან სხვა პარტიებთან, ასევე უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის სავარაუდო არათანაბარ განაწილებას.

კომისიის გადაწყვეტილება ეთერში „ქართული ოცნების“ რეკლამის განუთავსებლობაზე

13 სექტემბერს, კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საჩივარი დააკმაყოფილა და ტელეკომპანიებს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ  პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც მაუწყებლებმა ეთერიდან ამოიღეს. ერთი დღით ადრე, კომისიამ იმავე მიზეზით ტელეკომპანია „მთავარი“ 5 000 ლარით დააჯარიმა. ეს გადაწყვეტილება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა.

თავდაპირველად ტვ „პირველმა“ და „ფორმულამ“ ვიდეო-რგოლი ეთერში განათავსეს, თუმცა რამდენიმე დღეში ორივე მაუწყებელმა აღნიშნული რეკლამა კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის მიზეზით ბადიდან ამოიღო. „ქართულმა ოცნებამ“ კომუნიკაციების კომისიას ტელეკომპანიების წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თხოვნით მიმართა, რაზეც კომისიამ თანხმობა განაცხადა.

კომისიის თქმით, დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე კომისიამ მხარეთა პოზიციები მოისმინა და მიიჩნია, რომ სადავო პოლიტიკურ რეკლამაში „არ ჩანს სიძულვილის ან ძალადობის წაქეზება“. „საარჩევნო სუბიექტის მიერ დამზადებული ვიდეო-რგოლი ემსახურება პოლიტიკური გაერთიანების წინასაარჩევნო ხედვის წარდგენას. შესაბამისად, წარმოდგენილი ვიდეო-რგოლი არ არღვევს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მაუწყებლები ვალდებულნი იყვნენ ის ეთერში განეთავსებინათ“, – აცხადებს კომისია.

რაც შეეხება ტელეკომპანია „მთავარის“ საქმეს, მან კომისიის გადაწყვეტილება დაჯარიმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. ტელეკომპანიის ადვოკატების თქმით, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიას უფლება არ აქვს ნეგატიურად წარმოაჩინონ ის, ვინც არ წარმოადგენს მოახლოებულ არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკურ სუბიექტს. ამ კონკრეტულ ვიდეოში, სსო-ების წარმომადგენლები შავ ფერში არიან გამოსახული და წითლად წერია „არა! მორალურ დეგრადაციას“ [იხილეთ კადრები აქ].

მიუხედავად ტელეკომპანია „მთავარის“ განცხადებებისა, სასამართლომ გადაწყვიტა ძალაში დაეტოვებინა კომისიის გადაწყვეტილება დაჯარიმების შესახებ. ტელეკომპანია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

კომისიის გადაწყვეტილება ინდივიდუალურ რეკლამებზე, საეთერო დროის განაწილებაზე

12 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ საჩივარი საზოგადოებრივი მაუწყებლის, „მთავარი არხის“, „ტელეკომპანია პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ და ტელეკომპანიებს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა მათი გადაწყვეტილების გამო, რომ იმ პარტიების ინდივიდუალური პოლიტიკური რეკლამები განათავსონ, რომლებიც არჩევნებში სხვებთან კოალიციაში აპირებენ მონაწილეობას. კომისიამ ასევე განაცხადა, რომ საქმის პრეცედენტულობიდან გამომდინარე კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ მაუწყებლები არ უნდა დაჯარიმდნენ.

საქმე ეხება „ქართული ოცნების“ საჩივარს, რომლის თანახმადაც არ შეიძლება ერთმა საარჩევნო სუბიექტმა მისთვის დათმობილი საეთერო დროის ფარგლებში სხვა საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ განათავსოს რეკლამა. საჩივრის თანახმად „ევროპულმა საქართველომ“ და „კი ევროპას“ საჯაროდ განაცხადეს, რომ 2024 წლის არჩევნებში „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთიანდებიან. ამასთან, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოქალაქეები“ გაერთიანებულია პარტიასთან – „ლელო“. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ამ ცალკეული პარტიების მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის გაშვება უკანონოა, რადგან ეს ემსახურება იმ პარტიების მხარდაჭერას, რომლებთანაც ისინი კოალიციაში არიან.

„ქართულმა ოცნებამ“ ასევე განაცხადა, რომ ტელეკომპანია „მთავარსა“ და „ტვ პირველზე“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ახალის“ პოლიტიკური რეკლამებისთვის მეტი დროა გამოყოფილი, ვიდრე სხვა პარტიებისთვის, რაც საარჩევნო კოდექსის დარღვევაა. კომუნიკაციების კომისიამ მმართველი პარტიის ორივე საჩივარი დააკმაყოფილა.

კოალიციის „ერთიანობა საქართველოს გადასარჩენად“ წევრმა თამარ კორძაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ კომისიის გადაწყვეტილება არ არის ლოგიკური, ვინაიდან ამ გაერთიანებების განცხადებული პოზიციაა, რომ ისინი სხვა პარტიებთან ერთად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ჯერჯერობით არ არის სამართლებრივად დეკლარირებული – მათ ერთიანი საარჩევნო სიის ფორმირების უფლება 26 სექტემბრამდე აქვთ. მანამდე მათ სრული უფლება აქვთ, გააუქმონ საჯაროდ გამოცხადებული გადაწყვეტილება და მონაწილეობა არჩევნებში ცალ-ცალკე მიიღონ. თუ ისინი ამას გააკეთებენ, მაშინ კომისიის გადაწყვეტილება, რომ მათ უფასო პოლიტიკური რეკლამის უფლება ჩამოერთვათ, უკანონო იქნება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button