გაზეთი “თბილისი”, 1982: შენდება მუხიანი
გაზეთი “თბილისი”, 16.01.1982
სტატია ქვეყნდება შემოკლებით
რედაქციისგან: გაზეთი “თბილისი” იყო საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტისა და სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს საღამოს გაზეთი.
კონტექსტითვის: საბჭოთა საქართველოში, ახალი უბნებისა და საცხოვრებელი რაიონების განაშენიანება გეგმიურად მიმდინარეობდა. ყველა პროექტზე მუშაობდნენ დარგის ექსპერტები, აჯამებდნენ მოსაზრებებს და ასე მტკიცდებოდა პროექტი. თავის მხრივ, პროექტში, ყველაფერი წინასწარ იყო გათვალისწინებული, თუ რა, სად და როგორ უნდა აშენებულიყო.
ამას წინათ საქალაქო საბჭოს აღმასკომმა თავის სხდომაზე დაამტკიცა საცხოვრებელი რაიონის – მუხიანის დასახლების განაშენიანების პროექტი.
– როგორი იქნება იგი, რას ჰპირდება ახალმოსახლეებს თბილისის მომავალი თანამგზავრი? – სწორედ ამის შესახებ მოგვითხრობს დღევანდელი ჩვენი წერილი.
როგორ იბარტყა ჩვენმა ქალაქმა!
იყო საბურთალო, დიღომი, თემქა, ვარკეთილი, ვეძისი, გლდანი, ბახტრიონი, ნუცუბიძის პლატო და აი, თბილისის მიწაზე კიდევ ერთი დასახლების “ნათლობა” მოხდა – გაჩნდა ახალი სახელი, ახალი სიცოცხლე… მუხიანის საცხოვრებელი რაიონი…
ჯერ სულ პატარაა, ფეხი მხოლოდ ახლახან აიდგა, მაგრამ როცა დავაჟკაცდება და მხრებს გაშლის, მაშინ ნამდვილი ქალაქს დაემსგავსება, მისი მოსახლეობა 42 ათასს გადაამეტებს, ფართობი კი 88 ჰექტარს მიაღწევს.
თუ გსურს რომ “ახალშობილი” ნახო, მისი ადგილსამყოფელს ახლოსა გეცნო ჯერ თემქის დასახლებას სულ ზევით და ზევით უნდა გაჰყვე, როცა უკვე საზღვარს მიუახლოვდები და აქ აღმართულ თეთრად მოქათქათე უკანასკნელ მაღლივ კორპუსებს გასცდები, მოულოდნელად შენს თვალწინ გორაკების რკალში მოქცეული უზარმაზარი ტაფობი გადაიშლება.
– აი ეს არის ჩვენი მუხიანი – გვეუბნება ჩვენი თანამგზავრი, – ამ დასახლების პირველმშენებელი, თბილქალაქმშენის მე-14 ტრესტის N7 სამმართველოს უფროსი ნოდარ ხარაბაძე. […] ამ დასახლების მთავარი ღირსება მაინც ის არის, რომ ექნება, ასე ვთქვათ, საკუთარი “ავტონომია”, აქაური ახალმოსახლეები უზრუნველყოფილი იქნებიან თანამედროვე ქალაქის ყველა სიკეთით. მოკლედ თუ ვიტყვით, ეს იქნება ქალაქი ქალაქში! მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ცალკე გაშენდება დაგეგმარებითი რაიონული ცენტრი, რომელიც მოემსახურება არამარტო მუხიანს, არამედ გლდანის, თემქის, ავჭალის არსებულ და ავშნიანის მომავალ დასახლებებს.
როგორი იქნება ეს ცენტრი, რა აშენდება მის ფარგლებში?
პირველ რიგში იგი თავის მხრივ დაიყოფა კულტურულ, სპორტულ და სავაჭრო ცენტრებად, სადაც აიგება კინოთეატრები, კულტურისა და პიონერთა სასახლეები, საგამოფენო დარბაზი, ტექნიკუმი, პროფტექნიკუმი, სტადიონი, საცურაო აუზები და სხვადასხვა სახის სასპორტო მოედანი, საკოლმეურნეო ბაზარი, უნივერმაღი და ა.შ. საგულისხმოა ისიც, რომ მომავალში გლდანიდან ავშნიანისკენაც გამოემართება მეტროპოლიტენის ტრასა და ერთი სადგური მუხიანში აიგება.
რაც შეეხება საცხოვრებელ მასივს, იგი 5 მიკრორაიონად არის დაყოფილი და ძირითადად მსხვილბლოკიანი და მსხვილპანელიანი 9 სართულიანი სახლებით გაშენდება. ამასთან ერთად, დასახლების მოცულობით-მხატვრული კომპოზიციის გასაძლიერებლად იწარმოებს 8 და 12-16 სართულიანი კოშკურის ტიპის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაც.
არსებული დასახლებებისგან განსხვავებით, გათვალისწინებულია ე.წ. საცხოვრებელი ქუჩების, როგორც ქალაქური სტრუქტურის აქტიური ელემენტის აღორძინება. ცხადია, გამორიცხულია ამ ადგილების საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყენება. ამგვარი მიზნით კი დასახლების ირგვლივ მრავალკილომეტრიანი წრიული მაგისტრალი მოეწყობა.
პროექტით გათვალისწინებულია ორი ასეთი საცხოვრებელი ქუჩის გაყვანა, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ, ხევძმარას მიმართულებით მიემართებიან, მუხიანს მთელი სიგრძეზე კვეთენ და წრიულ მაგისტრალს ორსავე მხარეს უკავშირდებიან. მათ შესაყარზე იქნება იქნება სამგზავრო ტრასპორტის გაჩერებები, რაც მოსახერხებელს გახდის საცხორებელი მასივის ამა თუ იმ მიკრორაიონთან ახალმოსახლეთა მიმოსვლას.
[…]ყველა საცხოვრებელ მირკორაიონს ექნება თავისი სასკოლო კომპლექსი 2.500 მოსწავლეზე, ბაგა-ბაღები, სასპორტო მოედნები, სკვერი, დასასვენებელი ადგილები, მიწისქვეშა გარაჟები.
დაგეგმარებითი რაიონული ცენტრის გარდა, ერთი სტადიონი მოეწყობა კიდევ მუხიანის აღმოსავლეთით მდებარე მე-4 საცხოვრებელ მიკრორაიონში.
სახეს იცვლის და დასახლების მშვენებად იქცევა ხევძმარას ხევი. ამჟამად მიმდინარეობს ამ ადგილის ამოვსება მოსწორება, რომლის შემდეგ აქ ნაწილობრივ გაივლის სატრანსპორტო მაგისტრალი, მოეწყობა მიწისქვეშა გარაჟები, მოედნები, მწვანე მასივები, წყლის სარკეები, დასასვენებელი ადგილები და ა.შ.
მუხიანის დასახლების მთლიანი განაშენიანება მე-11 ხუთწლედში უნდა დამთავრდეს, შემდეგ კი გათვალისწინებულია კიდევ ერთი მიკრორაიონის მშენებლობა, რომელიც ხევძმარას ხევის გადაღმა მდებარე ჩრდილოეთ ფერდობს მოიცავს. […]
მე-12 ხუთწლედში კი აღმოცენდება დედაქალაქის კიდევ ერთი თანამგზავრი – ავშნიანის დასახლება, შემდეგ საჯეირნოსი და ასე თანდათან ხორცს შეისხამს გენერალური გეგმა – თბილისის ზღვა ახალმშენებლობათა რკალში მოექცევა.
[…]ახალ დასახლებაში პირველი საცხოვრებელი კორპუსის საექსპლუატაციოდ გადაცემა მაისისათვის არის გათვალისწინებული. აქ 200 ოჯახი დაიდებს ბინას. შემდეგ სხვა სახლები ჩადგება მწყობრში და ასე თანდათანობით იმრავლებს ახალსახლობა. წლის ბოლომდე კიდევ ათასობით თბილისელი დალოცავს ბედნიერების ჭერსა და ფუძეს. გავა დრო და კიდათკიდემდე ახალი სიცოცხლე, სხვა სიხარული დაისადგურებს, ხორცს შეასხამს ხუროთმოძღვართა და მშენებელთა შრომა, ძიება – თბილისი მიწაზე აღმოცენდება მომავალის ქალაქი – მუხიანის ლამაზი დასახლება.
ა.ციცქიშვილი