ახალი ამბებიდაწვრილებით

წერეთლის გამზირის გაჭიანურებული რეკონსტრუქციის გამო თბილისის მერი კრიტიკის სამიზნე გახდა

დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური არტერიის, წერეთლის გამზირის რეკონსტრუქციის დასრულება იანვრის ბოლოს იგეგმება. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თბილისის მერია ამ ვადაში ჩაეტევა იმის გათვალისწინებით, რომ მან გააუქმა კონტრაქტები იმ კომპანიებთან, რომლებიც გამზირის რეკონსტრუქციაზე იყვნენ პასუხისმგებელნი და ოთხ სხვა კომპანიასთან გააფორმა ახალი კონტრაქტები.

კორუფციასა და უსაშველო საცობებთან დაკავშირებული ბრალდებების ფონზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ პირობაც კი დადო, რომ პირადად ჩაერთვება გამზირის რეკონსტრუქციის სამუშაოებში. საკითხმა, როგორც ყოველთვის, პოლიტიკური ელფერი შეიძინა.

პროექტის დაწყება

წერეთლის გამზირის, მათ შორის შალიკაშვილის (ყოფილი დიდუბის) ხიდის რეკონსტრუქცია 2023 წლის 20 აპრილს დაიწყო. თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა სამუშაოების ეფექტური და სწრაფი დასრულების პირობა დადო: „ეს იქნება სრული რეაბილიტაცია როგორც მიწიქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციების, მოეწყობა გამწვანებული თარგები, გარე განათების ქსელი და მიწიქვეშა ურნები“. მან ასევე განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო არეალის მასშტაბიდან გამომდინარე, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს. ბენდელიანმა ხაზი გაუსვა, რომ წერეთლის გამზირის რეკონსტრუქცია 2024 წლის იანვარში, ხოლო შალიკაშვილის ხიდის კიდევ უფრო ადრე, 2023 წლის ოქტომბერში დასრულდება. იგივე პირობა თბილისის მერმაც გაიმეორა, როდესაც რეკონსტრუქციის დასაწყისში წერეთლის გამზირს სტუმრობდა.  

რამდენიმე თვის შემდეგ, ოქტომბერში, თავის მოადგილესთან,  ბენდელიანთან ერთად რეკონსტრუქციის ადგილის მონახულებისას კალაძემ განაცხადა, რომ სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა. მან აღნიშნა, რომ „გადაკეტილი გვაქვს გზის მეორე ნაწილი, სადაც იგივე სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა აქ გაცილებით ნაკლებია გასაკეთებელი, ვინაიდან ძირითადი ქსელი მეორე მხარეს იყო განთავსებული“.

1 ნოემბერს შალიკაშვილის ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა, თუმცა წერეთლის გამზირი ამ მდგომარეობიდან ჯერ კიდევ შორსაა.

ქილიკის წყარო

წერეთლის გამზირის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერით სამუშაოები ორ კომპანიას უნდა ჩაეტარებინა: შპს RTD-სა და შპს Millennium Builders Group-ს. სარეკონსტრუქციო სამუშაოები თბილისის მერიის 2023-2024 წლების ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად გაიზარდა წუხილები გამზირის რეკონსტრუქციის დასრულებასთან დაკავშირებით. საკითხი ოპოზიციური მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა, როდესაც მისი ჟურნალისტი ბექა ყორშია RTD-ის გენერალურ დირექტორს ლუხუმ ქართლოსიშვილს სატელევიზიო სიუჟეტში გაეხუმრა, რაც მოგვიანებით საზოგადოებრივ ქილიკში გადაიზარდა. სატელეფონო საუბრისას ყორშიამ, რომელიც ქართლოსიშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლად გაეცნო, გააფრთხილა იგი ოპოზიციური მედიის მხრიდან გამზირზე მუშაობის შესახებ მოსალოდნელი კითხვების შესახებ. ქართლოსიშვილი უყოყმანოდ დაჰპირდა მას, რომ ოპოზიციური მედიის დარეკვის შემთხვევაში წინასწარ მომზადებულ პასუხს გასცემდა, რომლის თანახმადაც რეკონსტრუქცია შესანიშნავად მიმდინარეობს არარსებული გერმანული მოდელის „გუტენ ტრაკენის“ მიხედვით (ამ ფრაზას რეალური მნიშვნელობა არ აქვს და ის ჟურნალისტმა ყორშიამ გამოიგონა). სატელევიზიო სიუჟეტი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის მიმართ გამარჯვებული კომპანიის დირექტორის ბრმა მორჩილებას ავლენს, ფართო საზოგადოების დაცინვის სამიზნე გახდა, თუმცა ამასთანავე წუხილებიც გააჩინა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით შესაძლო დარღვევების თაობაზე.

ახალი დასაწყისი

ბექა ყორშიას სიუჟეტის შემდეგ, რომელზეც თბილისის მერმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა, სამუშაოების დაგეგმილ დასრულებამდე სულ რაღაც ორი კვირით ადრე, 15 იანვარს, კახა კალაძემ განაცხადა, რომ შპს RTD-სა და შპს Millennium Builders Group-თან კონტრაქტები შეწყდა. მან ამის მიზეზად ვადების დარღვევა დაასახელა. თუმცა, კალაძემ, რომლის თქმითაც, იგი დარწმუნებულია, რომ სამუშაოები დროულად დასრულდება, ხაზი გაუსვა იანვრის ბოლომდე გამზირის სრულად გახსნის მნიშვნელობას. მან პირობა დადო, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავად ჩაერთვება სამუშაოებში.

17 იანვარს თბილისის მერის მოადგილემ ბენდელიანმა განაცხადა, რომ ოთხ კომპანიასთან ახალი ხელშეკრულებები გაფორმდა, რომლებიც წერეთლის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გააგრძელებენ. ეს კომპანიებია: „ენკო“, „ფარმა“, „ჯეო ჯგუფი“ და „ბლექ სი ჯგუფი“. ბენდელიანმა პირობა დადო, რომ ორმხრივი მოძრაობა იანვრის ბოლომდე აღდგება. მან ასევე განაცხადა, რომ პროექტის ბიუჯეტი არ შეიცვლება და რომ არ გადაუხდიან იმ კომპანიებს, რომელთაც შეცდომები დაუშვეს.

ოპონენტები

რამდენიმე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თბილისის მერი ხანგრძლივი და დაუსრულებელი სამუშაოების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამგვარი სიტუაცია კორუფციული პრაქტიკის შედეგია:

გიორგი შარაშიძე, „საქართველოსთვის“: „წერეთლის გამზირზე სახეზე გვაქვს დროში გაწელილი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით გამოწვეული ქაოსი, რაც სრულ წინააღმდეგობაშია თბილისელების ინტერესებთან, იცხოვრონ კომფორტულ და უსაფრთხო ქალაქში. ეს არია თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ დანერგილი სისტემური პოლიტიკური კორუფციის პირდაპირი გამოხატულებაა“.

ვასო ურუშაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარე: „ეს გარემოება, რომელიც დედაქალაქში და მთლიანად საქართველოშია შექმნილი, თამამად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს არის დიდი კორუფციული პირამიდის შედეგი…. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას“.  

ირაკლი ნადირაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „წერეთლის გამზირის რეაბილიტაზია კორუფციის, ნეპოტიზმისა და არაპროფესიონალიზმის კლასიკური მაგალითია“.

ანა ნაცვლიშვილი, „ლელო საქართველოსთვის“: „ვერც ერთ საქალაქო მიმართულებას თავს ვერ აბამს [კახა კალაძე] თავისი კორუფციული ბუნების გამო და ქალაქი არის სრულიად მიტოვებული… რეალურად არცერთი მიმართულებით ქალაქის მართვა ეფექტურად ვერ ხდება და ეს არის კალაძის და მისი კორუფციული გარიგებების ბრალი“.

მერის პასუხი

მწვავე კრიტიკის საპასუხოდ, თბილისის მერმა სამუშაოების შესრულების პირობა დადო და ოპოზიციისა და წინა ხელისუფლების გასაკრიტიკებლად შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა. „ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ ამხელა მასშტაბის სამუშაოები ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით, ეს იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა, პარკები, სკვერები, გამწვანება და ა.შ. სად იყვნენ წინა მთავრობები, წინა მერები? მათაც გაეკეთებინათ და ამ მიმართულებით ნაკლები გვექნებოდა სამუშაო“, – განაცხადა თბილისის მერმა.

„მიდის პროპაგანდა, რომ განვითარება, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ერთგვარ დანაშაულად იქცეს. ესენი არიან ხელმოცარული ე.წ. პოლიტიკოსები, რომელთაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოება გაგცემთ შესაბამის პასუხს. გუშინ ყველაზე მეტად აქტიურობდა „კოლექტიური სანაცეთი“ და „ხანდაზმული თაღლითების“ წარმომადგენლები. საზოგადოებამ კარგად იცის, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. ქვეყანას ჰყავს ძლიერი მთავრობა, რომელიც არ მოგცემთ საშუალებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. წერეთლის გამზირის პროექტსაც დავასრულებთ და სხვა მნიშვნელოვან სამუშაოებსაც განვახორციელებთ, რაც სჭირდება დედაქალაქს, ჩვენი ქვეყნის მომავალს. 2024 წელი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და არ ვაპირებთ, „ხელმოცარული აგენტების“ ისტერიულ კამპანიას ყურადღება დავუთმოთ“, – დასძინა მან.

დაჩქარებული სამუშაოები და ხარისხთან დაკავშირებული წუხილები

19 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საქართველოს პროკურატურას წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ გართულებებზე გამოძიების დაწყების თხოვნით წერილი გაუგზავნეს და თბილისის მერი ხელისუფლებასთან და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ კომპანიებთან კონტრაქტების გაფორმებაში დაადანაშაულეს.

თბილისის მერს დაპირების შესასრულებლად და რეკონსტრუქციის დასასრულებლად ორ კვირაზე ნაკლები დრო აქვს. 19 იანვარს გამზირზე მოძრაობაზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. ამასობაში, ვადის დაკმაყოფილების მიზნით, მუშებმა ნაჩქარევად დაიწყეს დანგრეული გამზირის ასფალტით დაფარვა. თუმცა, მაცხოვრებლები შიშობენ, რომ სამუშაოების დროულად დასრულების შემთხვევაშიც კი, დაჩქარებული სამუშაოების ხარისხი ძალიან მალე გაფუჭდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button