უკრაინელი დიპლომატის თქმით, კიევი თბილისისგან ურთიერთობების აღსადგენად პირველი ნაბიჯის გადადგმას ელის
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხაილო ხარიშინმა ელჩების დონეზე ურთიერთობების აღდგენის მიმართ დადებითი პოზიცია გამოხატა და მიანიშნა, რომ პირველი ნაბიჯი საქართველომ უნდა გადადგას. “უკრაინა არ არის იმის წინააღმდეგი, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები ხორციელდებოდეს ელჩების დონეზე”, – ციტირებს მას ქართული საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” დიპლომატთან ინტერვიუში, რომელიც 19 აგვისტოს გამოქვეყნდა.
მან აღნიშნა, რომ ურთიერთობები თბილისსა და კიევს შორის “შეიძლებოდა ყოფილიყო ბევრად უფრო ხარისხიანი და უკეთესი” და სინანული გამოთქვა უკრაინის მიმართ გარკვეულ ქართველ პოლიტიკოსთა “ნეგატიური, თუ გაუგებარი” განცხადებების თაობაზე. მიუხედავად ამისა, დიპლომატმა თქვა, რომ ქვეყნებს აქვთ “მაღალი დონის დიალოგი და ურთიერთმხარდაჭერა” საერთაშორისო ასპარეზზე.
როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ელჩი თავიანთ სამშობლოში რჩებიან მას შემდეგ, რაც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდა.
ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კაპინეტის “ამორალური პოზიციისა” და ქართველ მოხალისეთა უკრაინაში გაფრენის ხელშეშლის გამო უკრაინამ საქართველოში თავისი ელჩი გაიწვია. ერთი წლის შემდეგ კი, პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე აღშფოთების ფონზე, კიევმა საქართველოს ელჩს თბილისში კონსულტაციებისთვის გამგზავრება მოსთხოვა.
“ინტერპრესნიუსთან” უკრაინელი დიპლომატის ინტერვიუ სააკაშვილსაც ეხებოდა. მიხაილო ხარიშინმა დაადასტურა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობების მომავლისთვის სააკაშვილის ფაქტორი “მნიშვნელოვანია”. უკრაინელმა დიპლომატმა ყოფილი პრეზიდენტის საკითხი საკონსულო საკითხად წარმოაჩინა და აღნიშნა, რომ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა უკრაინის პრიორიტეტია და გამონაკლისს არც სააკაშვილი წარმოადგენს.
თუმცა სააკაშვილი არ არის ერთადერთი, ვინც საქართველოს ახლანდელი მთავრობის გაღიზიანების მიზეზად იქცა. ორმა ყოფილმა ქართველმა თანამდებობის პირმა, ზურაბ ადეიშვილმა და გიორგი ლორთქიფანიძემ, მოგვიანებით უკრაინის მთავრობაში მაღალი თანამდებობები დაიკავეს, რამაც “ქართული ოცნების” გაღიზიანება გამოიწვია.
ინტერვიუს თანახმად, მათი საქართველოში ექსტრადიცია, რასაც “ქართული ოცნების” მთავრობა მოითხოვს, უკრაინის გეგმებში არ შედის. დროებითმა რწმუნებულმა მიანიშნა, რომ ამის მიზეზთა შორისაა ამ პირების მიმართ ქართული სასამართლოს მიუკერძოებლობის პრობლემა.
ინტერვიუ ასევე შეეხო საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროინტეგრაციას. ქვეყნის მიმართ “უსამართლო” მოპყრობის თაობაზე საქართველოს მთავრობის მტკიცებების საპასუხოდ, უკრაინელმა დიპლომატმა უარყო ის აზრი, რომ ამ ქვეყნებიდან რომელიმე ევროკავშირმა სხვაზე უპირატესად დააყენა. მან მკითხველები დაარწმუნა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები სრულიად დამსახურებაზეა დაფუძნებული. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საქართველო სინამდვილეში სამეულში გამოირჩეულია, მაგრამ ქვეყანა “პატარა თამაშებს” ემსხვერპლა.
უკრაინელმა დიპლომატმა ქართველ თანამდებობის პირთა რიტორიკაზე საუბრისას ასევე დასძინა, რომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას ორ ქვეყანას შორის ოდესღაც “სამაგალითო” უერთიერთობების ჩახშობა სურს.
კრიტიკული გზავნილების მიუხედავად, უკრაინელმა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოს მთავრობისთვის მადლობის თქმაც არ დაიზარა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც უკრაინელმა ლტოლვილებმა მიიღეს, რომლებსაც ქვეყნის დატოვება რუსეთის შეჭრის შემდეგ მოუწიათ. მანვე იმედი გამოთქვა, რომ “ნორმალური” ორმხრივი დიალოგი საქართველოსა უკრაინას შორის აღდგება მას შემდეგ, რაც ხელშემშლელი ფაქტორები, მათ შორის პრობლემური რიტორიკა, მოგვარდება.
დიპლომატმა ასევე გამოხატა მადლიერება “უკრაინის მშვიდობის სამიტში” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობის გამო და განაცხადა, რომ პრეზიდენტი მიწვეულია “ყირიმის პლატფორმის” მეოთხე სამიტზეც, რომელიც კიევში 11 სექტემბერს გაიმართება. რაც შეეხება “ყირიმის პლატფორმის” საპარლამენტო ღონისძიებებს, რომლებიც ოქტომბერშია დაგეგმილი, უკრაინელმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, სულ მცირე, ვიცე-სპიკერების დონეზე იქნება წარმოდგენილი.
ასევე წაიკითხეთ:
- 04/07/2023 – საგარეო უწყება უკრაინის ხელისუფლების გადაწყევტილების გამო „ღრმა შეშფოთებას გამოხატავს“
- 03/07/2023 – ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდებს
- 04/07/2023 – სააკაშვილის დისტანციურმა გამოჩენამ სასამართლო პროცესზე საერთაშორისო პარტნიორებში შეშფოთება გამოიწვია
- 04/07/2023 – „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის მონახულების ნებართვას ითხოვს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)