ახალი ამბები

გერმანიის საელჩო და ევროკავშირი ბერლინსა და ბრიუსელში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტზე „ოცნების“ კრიტიკას ეხმიანებიან

გერმანიის საელჩომ თბილისში და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში განცხადებები გააკეთეს უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში ნაციონალური მოძრაობის დროინდელი მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ბერლინსა და ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს ხელისუფლების მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. გერმანიამ ადეიშვილის ვიზიტის აკრძალვის სამართლებრივი საფუძვლის ნაკლებობაზე, ხოლო ევროკავშირმა ვიზიტის გარშემო არსებულ დეზინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება.    

22 თებერვალს გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ადეიშვილი, რომელიც საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, გერმანიაში უკრაინის ელჩისა და უკრაინის მთავარი პროკურორის გვერდით ზის გერმანიის ბუნდესტაგში გამართულ შეხვედრაზე, სადაც უკრაინისთვის შორი დისტანციის რაკეტების გაგზავნის საკითხს განიხილავდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, ადეიშვილი უკრაინის დელეგაციას ახლდა ბრიუსელში, რომელიც ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს შეხვდა. ეს ფაქტი მმართველმა პარტიამ დაგმო და ევროკავშირისა და გერმანიისგან განმარტებები მოითხოვა.

გერმანიის საელჩომ თბილისში დაადასტურა, რომ ადეიშვილი ბუნდესტაგში გამართული დებატების დროს იმყოფებოდა ბუნდესტაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. საელჩოს განმარტებით, „გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა“. საელჩომ ასევე აღნიშნა, რომ ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას. „ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან კარგია“, – დასძინა საელჩომ.

8 მარტს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში განაცხადა, რომ გერტ იან კოპმანი რეგულარულად ხვდება სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს, მათ შორის უკრაინიდან, და „გასულ სამშაბათს ის შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც თან ახლდა უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი“.

„ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა, ხოლო სწორი ინფორმაციის მოპოვება მარტივადაა შესაძლებელი ევროკავშირის გვერდებზე სოციალურ ქსელში“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და დასძინა, რომ „ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ უნდა გადაიდგას“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ადეიშვილის მისვლას ევროკავშირის ინსტიტუტებში „აღმაშფოთებელი“ უწოდა და სთხოვა ევროკავშირის ელჩს განმარტოს იცოდნენ, თუ არა ევროკომისიის წარმომადგენლებმა, ვის ხვდებოდნენ და რას ეტყვიან ქართველ ხალხს ამასთან დაკავშირებით.

„ზურაბ ადეიშვილი მსჯავრდებულია ხუთ საქმეზე, დაწყებული წამების კატეგორიიდან და ბიზნესის რეკეტით დამთავრებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა. „როდესაც ასეთ ადამიანს, ასეთი პატივით, სხვადასხვა სათათბირო ოთახებში სხვადასხვა თანამდებობის პირები ხვდებიან და შემდეგ იგივე ოთახებში, იგივე თანამდებობის პირები ჩვენ გვესაუბრებიან მართლმსაჯულების რეფორმაზე, ვეთინგზე, ადამიანის უფლებებზე, მე მგონი, ეს საჭიროებს განმარტებებს იმისთვის, რომ შემდეგ ეს მათი სიტყვები ჩვენ სერიოზულად აღვიქვათ“.

პაპუაშვილმა გაიმეორა, რომ ადეიშვილი საქართველოს სასამართლოს მიერაა დასანქცირებული და „როდესაც ჩვენ პირნათლად ვიცავთ სანქციებს, რომლებსაც ევროკავშირი ან სხვა ქვეყნები აწესებენ და უზრუნველვყოფთ, რომ მათი გვერდის ავლა არ მოხდეს, როგორც ჩანს, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში გვერდს უვლიან საქართველოს მიერ დაწესებულ სასამართლო სანქციებს“.

პაპუაშვილმა უკრაინის ხელისუფლებაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა აგრესიის წინააღმდეგ არ ათავისუფლებს მის ხელისუფლებას იმ პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას სისხლის სამართლის დამნაშავეების მფარველობის გამო ეკისრება.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებისთვის გერმანიის ელჩის დაბარებისკენ მოუწოდა. მან ევროკავშირის მხრიდანაც მოითხოვა განმარტებები.

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა, ზურაბ ადეიშვილმა ქვეყანა 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა და იგი ამ დრომდე უცხოეთში ცხოვრობს. საქართველოს პროკურატურას 2013 წლიდან ზურაბ ადეიშვილზე, არაერთი ბრალდებით, ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა მის ექსტრადირებას ვერ მიაღწია. 2015 წელს ინტერპოლმა ადეიშვილის წითელი ცილკულარით საერთაშორისო ძებნა, მისი გამოცემიდან ორი წლის თავზე შეწყვიტა. უკრაინის მაიდნის შემდეგ, ადეიშვილი, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში გადასახლდა, სადაც იგი ამჟამად უკრაინის ხელისუფლებისთვის მუშაობს.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button