თბილისის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეები შენობის დაცლის თაობაზე ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
30 ივლისს, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბაზრობის, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეებმა ქუჩა გადაკეტეს თბილისის მერიის სავარაუდო გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც ტერიტორია სავაჭრო ცენტრად უნდა გადაკეთდეს. ამ ეტაპისთვის უცნობია, ტერიტორიის დაცლის მოთხოვნა სავაჭრო ცენტრის აშენების გადაწყვეტილებას უკავშირდება, თუ შენობის რეაბილიტაციას, როგორც ამის თაობაზე ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა საპროტესტო აქციის მონაწილეებთან საუბრისას. მოვაჭრეების თქმით, მათ გუშინ ღამით აცნობეს, რომ ტერიტორიის დაცლა 10-15 აგვისტოს პერიოდში მოუწევდათ.
მოვაჭრეები თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ და ამბობენ, რომ ტერიტორიის დაცლის ბრძანება მათ შემოსავლის ერთადერთ წყაროს ართმევს.
„მოვიდეს კალაძე აქ. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ყველა ნუ გვაქციეთ ლტოლვილებად… კობახიძეს მინდა მივმართო, ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები, რომ [ორნიშნა] ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მოდი და შეგვეკითხე რა დღეში ვართ, ყველანაირად უპატრონოა ეს ბაზარი, სიცოცხლის უფლება წამართვეს, მე მონა ვარ, მონა, ასეთი მონა არასოდეს ვყოფილვარ, ახლა რომ ვგრძნობ“, – უთხრა ერთ-ერთმა მოვაჭრემ ტელეკომპანია „მთავარს“.
იმავდროულად, ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ აუცილებელია ტერიტორიის დაცლა, რათა შენობის რემონტი განხორციელდეს, რასაც, მისი თქმით, ექვსი თვე დასჭირდება. თუმცა, მან მოვაჭრეებს გარანტია არ მისცა, რომ ისინი რემონტის შემდეგ ტერიტორიაზე დაბრუნებას შეძლებდნენ. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი ტერიტორიას არ დატოვებენ და არ გადავლენ ქალაქის გარეუბანში, როგორც მათ ადგილობრივი ხელისუფლება სთავაზობს.
მოვაჭრეების თქმით, მათ სატელეფონო საუბარი ჰქონდათ თბილისის მერიის წარმომადგენლებთან, რომლებმაც შეხვედრას დაპირდნენ, თუმცა დაპირება არ შეასრულეს.
ქუჩის რამდენიმესაათიანი გადაკეტვის შემდეგ მოვაჭრეებმა პოლიციასთან ქუჩის გახსნის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში თბილისის ცენტრალური ქუჩების გადაკეტვას პირობა დადეს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)