ევროპის ახლო აღმოსავლური ვნებები
გასულ კვირაშიც, ევროპის ყურადღება თითქმის მთლიანად ახლო აღმოსავლეთისკენ იყო მიმართული. ორიოდე დღის წინ, ევროპარლამენტმა ახლო აღმოსავლეთის თემაზე სპეციალური რეზოლუცია მიიღო, რომელიც დიდწილად საერთო ევროპულ განწყობებსაც ასახავს. ევროპარლამენტის რეზოლუციის თანახმადაც, ევროპელი დეპუტატები ისრაელს ცალსახა მხარდაჭერას უცხადებენ, მის თავდაცვის უფლებასა და ჰამასის განადგურების აუცილებლობასაც აღიარებენ, თუმცა ამავე რეზოლუციით, ისრაელის ხელისუფლებას ჰუმანიტარული სამართლის ნორმების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ. ამასთან, ევროპარლამენტი კონფლიქტის მხარეებისგან ჰუმანიტარულ პაუზას ითხოვს, რათა ღაზას სექტორის მოსახლეობას ამოსუნთქვისა და კონფლიქტის კერებისგან გარიდების ნორმალური საშუალება მიეცეს.
რუსული მეზობლობის თავისებურებები
ფინეთის შემდეგ, თავის წყალქვეშა ინფრასტრუქტურაზე დაზიანება აღმოაჩინა შვედეთმაც. შვედეთის თავდაცვისა და სამოქალაქო თავდაცვის მინისტრები ამბობენ, რომ დაზიანებულია შვედეთ-ესტონეთის წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო კაბელი. სტოკჰოლმში ფიქრობენ, რომ კაბელი სწორედ მაშინ დაზიანდა, როცა ფინეთ-ესტონეთის გაზსადენმა გაჟონა. როგორც ირკვევა, წყალქვეშა კაბელები გარე ზემოქმედების შედეგად დაზიანდა და ამ ყველაფერს რუსული დივერსის სუნი ასდის. ბალტიის ზღვაში წყალქვეშა დივერსიების საპასუხოდ, ნატო-მ ბალტიის ზღვის პატრულირების გააძლიერება გადაწყვიტა და ამ საქმისთვის სპეციალური სადაზვერვო თვითმფრნავები, უპილოტო საფრენი საშუალებები და გამნაღმველი საზღვაო ხომალდებიც გამოყო.
ფიცოს მეოთხე პრემიერობა
სლოვაკეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რობერტ ფიცოს მემარცხენე-პოპულისტური პარტია “სმერი”, მესამე ადგილზე გასული, მემარცხენე-ცენტრისტული “ჰლასი” და სლოვაკეთის ნაციონალისტური პარტია კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ. როგორც ჩანს, პრემიერის პოსტს უკვე მეოთხედ რობერტ ფიცო დაიკავებს, რომელიც წინასაარჩევნოდ, უკრაინის სამხედრო დახმარებისა და რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოდიოდა. ბრიუსელში ბევრი შიშობს, რომ ფიცოს სლოვაკეთი ორბანის უნგრეთს დაემსგავსება. თუმცა, საგულისხმოა, რომ კოალიციურ შეთანხმებაზე მორიგებისას, პარტიებმა პირობა დადეს, რომ სლოვაკეთი საგარეო პოლიტიკურ კურსს არ გადაუხვევს და ნატო-სა და ევროკავშირის წევრობის გათვალისწინებით იმოქმედებს.
ისრაელის გერმანული მხარდაჭერა
კვირის დასაწყისში, მხარდაჭერის ნიშნად, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ისრაელს ეწვია და იქაურ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეხვდა. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანიამ ისრაელს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, მაგრამ ღაზას სექტორის მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და ისრაელს ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა. შოლცის მეთაურობით, გერმანული დიპლომატია ყველაფერს აკეთებს, რათა ეს კონფლიქტი რეგიონს არ მოედოს და სხვა ქვეყნებიც არ ჩაითრიოს. თელ-ავივიდან ოლაფ შოლცმა ირანიც მკაფიოდ გააფრთხილა და ჰესბოლას უკეთ გაკონტროლება ურჩია. ისრაელის გარდა, ოლაფ შოლცი ეგვიპტესა და იორდანიასაც ეწვია, სადაც ამ ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართა.
ისრაელის ბრიტანული მხარდაჭერა
კანცლერი შოლცისა და პრეზიდენტი ბაიდენის კვალდაკვალ, სოლიდარობის გამოსახატად, ისრაელში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკიც ჩავიდა, რომელმაც ისრაელს ჰამასთან ბრძოლაში გამარჯვება უსურვა. როგორც სხვა ევრპელი ლიდერები, რიში სუნაკიც ცდილობს, რომ ისრაელი-ჰამასის დაპირისპირება უფრო მსხვილ რეგიონულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. თელ-ავივის შემდეგ, რიში სუნაკი ერ-რიადს სტუმრობდა, სადაც საუდის არაბეთის სატახტო პრინცთან, მუჰამედ ბინ სალმანთა გამართა მოლაპარაკებები. მანამ სანამ, რიში სუნაკი საუდის არაბეთს არწმუნებდა რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობაში, მისი საგარეო საქმეთ მინისტრი, ჯემს კლივერლი ეგვიპტეში, თურქეთსა და კატარში იყო ჩასული, რათა რეგიონის სხვა ძლიერი მოთამაშეების განწყობები დაეცხრო.
რაკეტები უკრაინისთვის
ამასობაში, უკრაინამ აშშ-სგან ATACMS-ის ტიპის შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტები მიიღო და ბერდიანსკსა და ლუჰანსკში მათი გამოყენაბაც მოასწრო. უკრაინისთვის გადაცემული ოპერატიულ-ტაქტიკური ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტების მოქმედების რადიუსი დაახლოებით 160 კილომეტრია და ეს რაკეტები კასეტური საბრძოლო მასალითაა აღჭურვილი, რაც მოწინააღმდეგის სავარაუდო განადგურების არეალს მნიშვნელოვნად ზრდის. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ATACMS-ის რაკეტების გასროლა HIMARS-ისა და MLRS -ის მოძრავი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან არის შესაძლებელი, რაც მას განსაკუთრებით მოუხელთებელს ხდის მოწინააღმდეგისთვის. მოკლედ, ეს ამერიკული რაკეტები სხვა შეიარაღებასთან ერთად, მნიშვნელოვნად უნდა წაადგეს უკრაინის წინააღმდეგობის საქმეს.
ბირთვული ცდები და რუსეთი
რუსეთის სახელმწიფო დუმამ ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომლითაც გააუქმა ბირთვული ცდების აკრძალვის საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედება. ბირთვული ცდების საყოველთაო აკრძალვის ხელშეკრულებიდან რუსეთის გამოსვლას მხარი დაუჭირა დუმის სხდომათა დარბაზში მყოფმა 415-ივე დეპუტატმა. ამხელა დუმაში არ მოიძებნა ერთი სული დეპუტატიც კი, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა ან/და წინააღმდეგ მისცა ხმა. ბირთვული ცდების აკრძალვის ხელშეკრულებიდან გამოსვლის თემა რამდენიმე დღის წინ ვლადიმირ პუტინს გაახსენდა. დუმამაც არ დააყოვნა და მისი სიტყვები საქმედ აქცია. მოკლედ, საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული ცდების ჩასატარებლად, რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნა.