ახალი ამბები

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-60 რაუნდი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-60 რაუნდი 2024 წლის 4-5 აპრილს გაიმართა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

თანათავმჯდომარეების შეფასება

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების პრეს-კომუნიკეს თანახმად, მონაწილეებმა ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება შეაფასეს როგორც „შედარებით სტაბილური“ და დისკუსიების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, მათ შორის ძალის გამოუყენებლოსასა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექამიზნებზე შეხედულებები გაცვალეს.

„თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მონაწილეებს, ინოვაციურ მიდგომებზე იფიქრონ და კონსტრუქციულად ჩართონ, რათა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისა და ხანგრძლივი მშვიდობის საკეთილდღეოდ,  ამ და სხვა თემებზე პროგრესს და კონკრეტულ შედეგებს მიაღწიონ“, – ნათქვამია კომუნიკეში.

თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა ზოგიერთი მონაწილის მიერ შეხვედრის დატოვების გამო.

„უაღრესად რთული რეგიონული და გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება ჟენევის დისკუსიების, როგორც ერთადერთი პლატფორმის მიმართ, სადაც 2008 წლიდან კონფლიქტის შედეგები განიხილება“, – აღნიშნეს თანათავმჯდომარეებმა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი 2024 წლის 25-26 ივნისს გაიმართება.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button