skip to content
ახალი ამბები

ვენეციის კომისია რეკომენდაციას გასცემს, არ მოხდეს ანტი-ლგბტქ კანონების მიღება

ვენეციის კომისიამ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო კანონპროექტთან დაკავშირებით 26 ივნისს მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „მთლიანად გადახედოს ამ საკანონმდებლო წინადადებას და არ გააგრძელოს მისი მიღება“ ან, თუ გააგრძელებს მის მიღებას, ამოიღოს/შეცვალოს ზოგიერთი მუხლი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლგბტი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობა.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო კანონპროექტზე საჯარო კონსულტაციები პარლამენტის რეგლამენტის 125-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო. თუმცა, გაჩნდა შეშფოთება, რომ ამ დებატების თაობაზე შეტყობინება არასათანადოდ იქნა გაცემული. მონაწილეობდნენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის პარლამენტის წევრები, მეცნიერები, სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, თუმცა სექსუალური და გენდერული უმცირესობების წარმომადგენლებს კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიუღიათ. გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო კანონპროექტს, მაგრამ მონაწილეობის შესახებ მონაცემები ან „აბსოლუტური უმრავლესობის“ განსაზღვრის მეთოდები არ ყოფილა წარმოდგენილი.

ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ ჩანს, რომ სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა თუ საერთაშორისო სსტრუქტურების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მის შემუშავებაში. ის მოიცავს ზემოქმედების შეფასებას ბავშვთა სამართლებრივ სტატუსზე და გენდერულ თანასწორობაზე, ასევე საუბარია არასრულწლოვანთათვის პრივილეგიებზე და გენდერულ თანასწორობაზე უარყოფითი ზემოქმედების არარსებობაზე, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ან ანალიზი არ არსებობს. განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, ყოველგვარი დეტალური სამართლებრივი ანალიზის გარეშე, რომ კანონპროექტი შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო ვალდებულებებს.  

კომისია ხაზს უსვამს გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და საფუძვლიანი ანალიზის აუცილებლობას საკანონმდებლო პროცესში, განსაკუთრებით საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, და რეკომენდაციას იძლევა, რომ საზოგადოების ყველა სეგმენტი, მათ შორის სექსუალური და გენდერული უმცირესობები ჩაერთონ პროცესში და გასაჯაროვდეს ანალიზი.

კანონპროექტში აღნიშნულ მუხლებს შორის შეშფოთება გამოიწვია პირველმა მუხლმა, რომელიც ეხება ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლებებს. ის „ქორწინების მსგავს ურთიერთობებს“ მხოლოდ ჰეტეროსექსუალური წყვილებისთვის ითვალისწინებს და გამორიცხავს ერთი სქესის მქონე წყვილთა იურიდიულ აღიარებას, რაც პოტენციურად არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 და მე-8 მუხლებს. პროექტი შვილად აყვანის უფლებას ანიჭებს  დაქორწინებულ მეუღლეებს ან ჰეტეროსექსუალ პირებს, ხოლო დაუქორწინებელ წყვილს ან არაჰეტეროსექსუალ პირებს ამის უფლებას არ აძლევს, რაც შესაძლოა დისკრიმინაციას წარმოადგენდეს.

მუხლი 1.3 კრძალავს სქესის შეცვლის ოპერაციას – დებულება, რომლითაც შეიძლება დაირღვეს კონვენციის მე-8 მუხლი, რომელიც გენდერულ იდენტობას პიროვნულ იდენტობად აღიარებს. ვენეციის კომისია ამ მუხლის გაუქმების რეკომენდაციას იძლევა.

მუხლი 1.4 მოითხოვს, რომ სახელმწიფო და ადგილობრივ დოკუმენტებში მითითებული იყოს სქესი გენეტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც ფაქტობრივად კრძალავს სქესის შეცვლის იურიდიულ აღიარებას. ეს ეწინააღმდეგება გენდერის იურიდიული აღიარების შესახებ კონვენციის მოთხოვნებს და შესაძლოა დისკრიმინაცია გამოიწვიოს. ვენეციის კომისიის მოსაზრებით, უნდა გაუქმდეს „გენეტიკური მონაცემების“ მოთხოვნა და გენდერის მარკერის ცვლილების მკაფიო პროცედურები დაწესდეს.

და ბოლოს, კანონპროექტი მოიცავს დებულებებს, რომლებიც ზღუდავს გენდერულად ნეიტრალური ენის გამოყენებას და არაჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებთან, გენდერულ იდენტობასა და ინცესტთან დაკავშირებული კონტენტის პოპულარიზაციას. ეს შეზღუდვები ადამიანის უფლებებთან, განსაკუთრებით გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებასთან დაკავშირებით სერიოზულ წუხილებს იწვევს. ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ ეს დებულებები დაზუსტდეს ან ამოღებულ იქნას, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ვენეციის კომისია კანონპროექტის იმ დებულებებს აკრიტიკებს, რომლებიც ინცესტს სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან აჯგუფებს, ფართო შეზღუდვებს აწესებს შესაბამისი მასალების შეკრებასა და გავრცელებაზე და კრძალავს გარკვეულ ინფორმაციას საგანმანათლებლო კონტექსტში. კომისია ხაზს უსვამს, რომ ინცესტს არაფერი აქვს საერთო სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან, რომლებიც დაცულია დისკრიმინაციისგან. კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ მოხდეს ინცესტის რეგულირების გამიჯვნა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებისგან.

კანონპროექტის ფართო შეზღუდვები შეკრებებზე, ასევე სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული მასალების გავრცელებაზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევად ითვლება. ვენეციის კომისია ხაზს უსვამს დებულებების ბუნდოვან და არაზუსტ ფორმულირებას და აღნიშნავს, რომ სამართლებრივი შეზღუდვები უნდა იყოს მკაფიო და განჭვრეტადი. კომისია აცხადებს, რომ ეს დებულებები არ ემსახურება ისეთ ლეგიტიმურ მიზანს, როგორიცაა ოჯახური ღირებულებების ან არასრულწლოვანთა დაცვა და, პირიქით, შეიძლება გააძლიეროს სტიგმა და ცრურწმენა ლგბტი ადამიანების მიმართ, რაც დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.  

საგანმანათლებლო კონტექსტში კომისია ასევე აკრიტიკებს კანონპროექტით სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და ინცესტის შესახებ ინფორმაციის აკრძალვას. ინცესტის ჩართვა მიჩნეულია არასწორად და ის ცალკე უნდა დარეგულირდეს.

ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ გაუქმდეს პრობლემური დებულებები, უზრუნველყოფილი იქნას სამართლებრივი შეზღუდვების სიცხადე და სიზუსტე და თავიდან იქნას აცილებული სექსუალური განათლების სრულად აკრძალვა. მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ასაკის შესაბამისი და არადისკრიმინაციული, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

კერძოდ, ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ

  • საკონსტიტუციო კანონპროექტის 1.1 მუხლის ისე შეიცვალოს, რომ შესაძლებელი იყოს ერთი სქესის მქონე წყვილთა იურიდიული აღიარება.
  • კანონპროექტის 1.1 მუხლიდან გაუქმდეს სიტყვები „გენეტიკურად“.
  • 1.2 მუხლში სიტყვა „ჰეტეროსექსუალი“ შეიცვალოს ტერმინით „მარტოხელა“ ან „ინდივიდუალი პირი“.
  • საკონსტიტუციო კანონპროექტის 1.3 მუხლი გაუქმდეს.
  • 1.4 მუხლის პირველი ფრაზია (გენეტიკური მონაცემების შესაბამისად) გაუქმდეს და ჩამოყალიბდეს საკმარისად დეტალური და ზუსტი კანონი, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომ პროცედურებს ტრანსგენდერი ადამიანების რეგისტრირებული გენდერული მარკერის შეცვლისთვის.
  • საკონსტიტუციო კანონპროექტის 1.5 მუხლის წაშლა ან მისი ხელახალი ფორმულირება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სტანდარტებთან მისი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
  • საკონსტიტუციო კანონპროექტის 1.6, 1.7 და 1.8 მუხლების წაშლა, ინცესტის ცალკე რეგულირება სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button