skip to content
მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

გაზეთი თბილისი, 1975: ტექნიკის სიახლენი

გაზეთი თბილისი, 29.03.1975

რედაქციისგან: გაზეთი “თბილისი” წარმოადგენდა საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტისა და სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს საღამოს გაზეთს. მასში ძირითადად იწერებოდა სტატიები ქალაქის ამბები, სიახლეები და საყოფაცხოვრებო პრობლემების შესახებ.

კონტექსტისთვის: საბჭოთა კავშირში, საზღვარგარეთული მანქანები დიდი იშვიათობა იყო. ადგილობრივი ბაზარი სრულად ეკავა ადგილობრივ პროდუქციას. ზოგადად, საბჭოთა წარმოებას ახასიათებდა მასობრივობა, ხელმისაწვდომობა და დაბალი ხარისხი, მაგრამ ავტომობილების კუთხით ესეც არ იყო… წარმოებული მანქანების რაოდენობა ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნას, არც იაფი ღირდა და არც ხარისხიანი იყო.

“მოსკვიჩ-2140”

ჩვენი საავტომობილო მრეწველობა სწრაფი ტემპით ვითარდება, მაგრამ მისი არსებითი დამახასიათებელი თვისება მარტო პროდუქციის რაოდენობა როდია. საგრძნობლად იცვლება მანქანების ხარისხობრივი მაჩვენებელიც. ბოლო დროს ბევრი ახალი მოდიფიკაციის სამამულო მარკის მსუბუქი მანქანა გამოჩნდა მაგისტრალებზე, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტის დონეზეა აგებული. ცხოვრება მაინც მეტს მოითხოვს და ტრანსპორტიც შესაბამისად იცვლის სახეს. ამის მაგალითია “მოსკვიჩის” სხვადასხვა მოდიფიკაცია, რომლის უკანასკნელი სიახლე მოსკოვის ლენინური კომკავშირის სახელობის ქარხნის პროდუქციაზე აისახა. რით გამოირჩევა “მოსკვიჩ-2140” თავისი წინამორბედებისგან?

პირველ ყოვლისა ძარის ელეგანტურობით, სალონის კომფორტული მოპირკეთებით, რადიატორის ფასადის სილამაზით, დახვეწილობით. მას აღარა აქვს გამოშვერილი სახელურები, ისინი კარების პანელს “მოაფარეს”. სავარძლები შედარებით მოხერხებულია, უფრო ტევადია და აღჭურვილია უშიშროების თასმებით. სილამაზით გამოირჩევა ხელსაწყოთა კომბინაციის პანელი.

ახალი “მოსკვიჩის” სამუხრუჭე სისტემა გაცილებით საიმედო გახდა. წინა თვლების მუხრუჭები დისკოსებურია. წინა ფარები აღჭურვილია მინის საწმენდი მოწყობილობებით, რაც უსაშიშრო მოძრაობას უზრუნველყოფს ღამით. ახალ მოდელზე 82-ცხენისძალიანი ძრავაა დადგმული, რაც მანქანას საათში 150 კილომეტრი სიჩქარის განვითარების საშუალებას აძლევს, 100 კილომეტრზე შვიდ ლიტრ ბენზინს ხარჯავს.

“მოსკვიჩ-2140”-მა სახელმწიფო გამოცდა გაიარა და სერიულ წარმოებისთვის მზადდება. წლეულს ახალი ავტომობილების პირველი ნაკადი ჩამოვა კონვეირიდან.

სწრაფი მიკროლიტრაჟიანი…

ავტომანქანა “ზაპაროჟეცმა” გამძლე, ყველგანმავალი, კომფორტული ტრანსპორტის სახელი დაიმკვიდრა, მაგრამ ქარხანა “კომუნარი” დღითიდღე ხვეწს და აუმჯობესებს თავის პროდუქციას. მის ბოლო ვარიანტს “ზაზ-968ა” ეწოდება. იგი აღჭურვილია შედარებით მძლავრი ძრავით, რომელსაც საჰაერო გაცივება აქვს. ახალი ძრავა მანქანას საათში 125 კილომეტ მაქსიმალურ სიჩქარეს ანვითარებინებს, გაუმჯობესებულია ავტომობილის სალონის ინტერიერი. ამის გარდა ახალი მოდელის “ზაპაროჟეცები” კაპიტალური შეკეთების გარეშე ასი ათას კილომეტრს გადიან.

მაგნიტოფონი ავტომობილისათვის

მაგნიტოფონი ავტომობილში სასიამოვნოც არის და სასარგებლოც. დიდ მანძილზე მოგზაურობის დროს მუსიკის ჰანგები შოფერს ახალისებს და დაღლილობას თვიდან აშორებს. ამის გარდა ყოველთვის შეიძლება ბუნების წიაღში დასვენება, კარგი სიმღერების მოსმენა, მაგრამ სად ვიშოვოთ ასეთი მაგნიტოფონი?

პორატიული მაგნიტოფონების გამოშვება დაიწყო ერევნის ქარხანა “არაქსმა”, პროდუქციას ეწოდება “ელექტრონ-501 სტერეო”. იგი უკრავს ოთხაზიანი ფირით, უზრუნველყოფს კარგ ხმას, რბილ და სასიამოვნო ტემბრს. მაგნიტოფონი კომპაქტურია, გამძლე და საიმედოა, ადვილად იხმარება სულ 2 კილოგრამს იწონის.

ქარხანა “არაქსი” ახალი საწარმოა, იგი აღჭურვილია უახლესი სამამულო ტექნიკით. საწარმოს ძირითადად პირტატიული მაგნიტოფონების გამოშვებაზე სპეციალდება. ახლა უკვე დამზადდა და სავაჭრო ორგანიზაციებს ჩაჰბარდა “ელექტრონ-510 ტერეოს” პირველი პარტია. წლეულს 10 ათასი ცალი მაგნიტოფონი უნდა გამოუშვას საწარმომ.

მსგავსი/Related

Back to top button