აშშ-ის ელჩი გმობს „გულსატკენ და სამწუხარო“ დეზინფორმაციას აშშ-სა და ევროკავშირის შესახებ
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა 14 ივნისს ევროკავშირში გაწევრიანებისა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ისაუბრა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ „საბჭოთა მეხსიერების“ პრეზენტაციაზე გამოსვილისას, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არ ნიშნავს საკუთარი კულტურული იდენტობის დათმობას.
ელჩმა დანიგანმა განაცხადა: „ზოგი ირწმუნება, რომ ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტია ან რომ ჩვენ ვცდილობდით ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას, რომ გვაქვს ბოროტი ზრახვები … ჩვენი 32-წლიანი ისტორია ამ ქვეყანაში არის ხალხთა შორის ძლიერი კავშირების, ამერიკელებისა და ქართველების ღრმა მეგობრობის ისტორია, სამედიცინო სფეროში, განათლების სფეროში პარტნიორობის, სოფლის მეურნეობის სფეროში ტექნიკის გაზიარების, თავდაცვის ძალების გაძლიერებაში ერთმანეთის დახმარების ისტორია“. მან ასევე განაცხადა, რომ ასეთი ცრუ ნარატივები „გულსატკენი და სამწუხაროა“ და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ ერთგულია „ქართველი ხალხის მისწრაფებისა, გახდეს ევროკავშირის წევრი, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტრაექტორია“.
ელჩმა დანიგანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ ქართული იდენტობისთვის შექმნილი სავარაუდო საფრთხე ასევე „სრულიად ყალბი” იყო. „რაც უნდა გააკეთოთ, უბრალოდ უნდა გადაკვეთოთ ევროკავშირის საზღვარი და როდესაც თქვენ მიდიხართ ავსტრიიდან იტალიაში, კითხვაც არ რჩება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ შენარჩუნებული გაქვთ თქვენი კულტურული თვითმყოფადობა“.
ღონისძიების თემის კონტექსტში ელჩმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დროს დაზარალებული ადამიანების ცხოვრებისეული ისტორიები ეხმარება სიმართლის შენარჩუნებას და ეხმარება მომავალ თაობებს გააცნობიერონ საბჭოთა რეჟიმის მიერ გამოწვეული ტრავმები, ასევე ის მედეგობა, რაც მან ქართველ ხალხს მოუტანა.
ელჩმა დანიგანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს ემსახურება ყველას შეხსენებას, რომ საბჭოთა რეჟიმი აქ რეგულარულად უწოდებდა ქართველებს, რომლებიც ცდილობდნენ სიმართლის თქმას, აგენტებს ან უცხოელ აგენტებს“. მმართველმა უმრავლესობამ ცოტა ხნის წინ მიიღო კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მიმღებ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად“ მოიხსენიებს. კანონს აშშ-ის და ევროკავშირის მწვავე კრიტიკა მოყვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების პირველი ტრანშიც გამოაცხადა იმ პირთა წინააღმდეგ, კანონის ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიებში მონაწილეობდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
- 06/06/2024 – აშშ-მა ათობით საქართველოს მოქალაქეს სანქციების პირველი ტრანში დაუწესა
- 24/05/2024 – „ქართული ოცნება“ აშშ-ს „შანტაჟში“ ადანაშაულებს და შეზღუდვების მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს
- 24/05/2024 – ქართველი ხალხის აქტი სანქციებისა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვის შესახებ აშშ-ის სენატს წარედგინა
- 15/05/2024 – სენატორები: კონგრესი საქართველოს მიმართ აშშ-ს პოლიტიკის ცვლილებას განიხილავს
- 14/05/04 – ჯიმ ო’ბრაიენი შემაჯამებელი ბრიფინგის დროს „შედეგების“ შესახებ აფრთხილებს
- 14/05/04 – თეთრი სახლი მზადაა „აგენტების“ კანონის გამო „ფუნდამენტურად გადააფასოს“ საქართველოსთან ურთიერთობა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)