„ქართული ოცნება“ აშშ-ს „შანტაჟში“ ადანაშაულებს და შეზღუდვების მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს
საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ სავიზო შეზღუდვების დაანონსების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ 24 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაგეგმილ შეზღუდვებს „საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის უხეში მცდელობა“ უწოდა, რაც „განსაკუთრებით ცინიკურად წარმოგვიდგება იმ ფონზე, როცა საქართველო ორ დღეში ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს“. მმართველი პარტია ასევე აცხადებს, რომ სანქციის ოჯახის წევრებზე გავრცელება „ფაშისტურ-ბოლშევიკური მოვლენაა“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 23 მაისს საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, ასევე აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დააანონსა. სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო შეზღუდვები შეეხება „იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიის შეფერხებაში, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებს“. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ არ აპირებს „ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას“.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ აშშ-ის ქმედება „იმ ანტიქართული რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც 2012 წლიდან ვისმენთ“. „შანტაჟისა და მუქარის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს, არ შეესაბამება არათუ სტრატეგიული პარტნიორობის, არამედ, ზოგადად, პარტნიორულ სულისკვეთებას, რომელიც ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის უნდა იყოს ჩამოყალიბებული“, – ნათქვამია პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „მას შემდეგ, რაც შესაბამისმა ძალებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბარში ერთ-ერთი ევროკომისრის პირით სლოვაკეთის პრემიერზე ტერორისტული თავდასხმა მაგალითად მოიყვანეს და ამით, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები სიცოცხლის მოსპობით დააშანტაჟეს, სავიზო შეზღუდვის დაწესებაზე საუბარი აღარც მოულოდნელია და აღარც გასაკვირი“. მმართველი პარტია ცდილობს, რომ დააკნინოს შეზღუდვების მნიშვნელობა და სერბეთისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მაგალითები მოყავს, რომელთა მაღალჩინოსნებს სანქციები აქვთ დაწესებული აშშ-ის მხრიდან, თუმცა, „ორივე ქვეყანა აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და ამ მხრივ არავითარი შეფერხება არ იქმნება“. მმართველი პარტია ქართველი მოსამართლეების მიმართ დაწესებულ სანქციებსაც იხსენებს და აცხადებს, რომ ამის მიუხედავად, „სასამართლო სისტემა აგრძელებს გამართულად ფუნქციონირებას და ამ გადაწყვეტილებამ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა“.
- 23/05/2024 – ევროკომისარი ვარჰეი უარყოფს „აგენტების“ კანონთან დაკავშირებით კობახიძის ბრალდებას მუქარის თაობაზე
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ „ვერავითარი შანტაჟი ვერ გვაიძულებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადავდგათ“ და მოუწოდებს „ყველას, იმოქმედონ პრაგმატულად და გადადგან ქმედითი ნაბიჯები ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის, რაც თანაბრად შედის როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ხალხის ინტერესებში“.
ასევე წაიკითხეთ:
- 24/05/2024 – ქართველი ხალხის აქტი სანქციებისა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვის შესახებ აშშ-ის სენატს წარედგინა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)