skip to content
ახალი ამბები

ჯიმ ო’ბრაიენი შემაჯამებელი ბრიფინგის დროს „შედეგების“ შესახებ აფრთხილებს

14 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენმა ბრიფინგი გამართა, სადაც საქართველოში ვიზიტის შედეგებსა და მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციასთან შეხვედრებზე ისაუბრა. პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით მიღებული „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის შესახებ საუბრისას, ო’ბრაიენი მის შესწორების შესაძლებლობას შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ამჟამინდელი სახით ამოქმედებას შედეგები მოყვება.

მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ აშშ „ღრმად აფასებს ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან“, რასაც სტრატეგიულ პარტნიორობად მიიჩნევს, თუმცა დასძინა, რომ „გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლოდროინდელმა აქაურმა გამოსვლებმა და პარლამენტის ქმედებებმა დაგვაფიქრა, თავად მთავრობა თუ იზიარებს  ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს“.

მან ასევე ისაუბრა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში აშშ-ის მიერ 1992 წლიდან მოყოლებული საქართველოსთვის გამოყოფილი, დაახლოებით, 6 მილიარდი დოლარის დახმარებაზე და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც საქართველომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია გადაწყვიტა. ო’ბრაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ასახა ეს ვალდებულება კონსტიტუციაში, და დასძინა, რომ აშშ ამაყობს, რომ საქართველოს ამ ძალისხმევაში მხარი დაუჭირა.

შემდეგ მან განაცხადა, რომ როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, „ძალიან შევწუხდი, რადგან აღმოვაჩინე, რომ ორი სრულიად განსხვავებული ტიპის საუბარი მიმდინარეობდა“.

მისი თქმით, ერთი საუბარი ეხება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს. ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ კანონის ზოგიერთი დამცველი ამბობს, რომ დაფინანსების გამჭვირვალობა საქართველოს უპირველესი ეროვნული ინტერესი უნდა იყოს და ისინი ფიქრობენ, რომ „ზოგიერთი დასავლელი დამფინანსებელი არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორიც უნდა ვიყოთ“. თუმცა, მან იქვე განაცხადა, რომ „ჩვენი ინტერესია, რომ საქართველო თანხვედრაში იყოს  ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ სივრცეში არსებულ ნორმებთან ისეთი საკითხების გადასაჭრელად, როგორებიცაა გამჭვირვალობა“. მან ხაზი გაუსვა, რომ არც პროცესი და არც ეს დანერგილი კანონი არ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს. მდივნის თანაშემწემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ კანონის აღსრულებამდე ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა იქნება. მისი თქმით, შეხვედრების დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თუ კანონს არსებული ფორმით მიიღებენ, ამას აუცილებლად მოჰყვება შედეგები“.

პრემიერ-მინისტრმა ამას იძულება უწოდა, მაგრამ ეს ასე არ არის, განაცხადა ო’ბრაიენმა. „საქართველო ცდილობს, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში. ამ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული სტანდარტები და ასე ვთქვათ, მსაჯები,  რომლებიც ადგენენ, თუ როგორია წესები“, – განაცხადა მან. მაგრამ „საქართველოს გადაწყვეტილება, არ დაიცვას ეს სტანდარტები, ამ გზაზე უარის თქმის ტოლფასი იქნება“. აღნიშნა რა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ საქართველომ გააგრძელოს ეს გზა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ კანონი ამ სტანდარტების შესაბამისად შეიცვლება, „ეს იქნება ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების გზა და არა მისი ნაწილებად დაშლა, რასაც ვშიშობ, რომ ახლა აკეთებენ“.

მდივნის თანაშემწემ შემდეგ აღნიშნა, რომ განხილვის თემაა ასევე მმართველი პარტიის რიტორიკა „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ და ის, რომ დასავლეთის მხრიდან არსებობს შეთქმულება „ქართული ოცნების“ შეცვლასთან დაკავშირებით. „ეს არის არარეალური, არასწორი. ესაა სრულად არასწორი გაგება საერთაშორისო თანამეგობრობის ურთიერთობისა  საქართველოსთან მიმართებაში“, – აღნიშნა მან. ასეთი გაუგებრობის მაგალითად ო’ბრაიენმა მოიყვანა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილმა უარი მასთან შეხვედრაზე იმ საბაბით, რომ ეს უკანასკნელი „დე-ფაქტო სანქციების ქვეშ“ იმყოფება. ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა: „ამ ეტაპზე მის მიმართ არანაირი სანქცია არ არსებობს. ის ფაქტი, რომ მსგავსი გავლენიანი პირი ამ დონეზე არასწორად ინფორმირებულია, შოკისმომგვრელი და იმედგასაცრუებელია“.

მდივნის თანაშემწემ შემდეგ განაცხადა: „პრემიერ მინისტრის მხრიდან იმის თქმა, რომ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ხვდება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ მოქალაქეს, ნიშნავს ინდივიდუალური ინტერესების ქვეყნის იმ კონსტიტუციურ ვალდებულებაზე მაღლა დაყენებას, რომელიც ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს საერთაშორისო პარტნიორებთან, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ აღვნიშნე, რომ კანონი უფრო ფართო საუბრის ნაწილია, მაგრამ ის ასახავს იმას, რაც, ჩემი აზრით, ასე მნიშვნელოვანია და შეიძლება იყოს გარდამტეხი ამ მომენტამდე კონსტრუქციული და ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხში“.

შემდეგ მან აშშ-ის პოზიცია გაახმოვანა: „თუ დემონსტრაციები იქნება, გვინდა, რომ მშვიდობიანი იყოს და გვინდა, რომ პოლიციის იქ ყოფნა ასევე იყოს მშვიდობიანი“. მისი თქმით, არ უნდა მოხდეს მომიტინგეების, ან სხვა პირების დაშინება, „არც დემონსტრაციის დროს, არც მათ სახლებში, არც მათი ქონების წინააღმდეგ, როგორც ეს მოხდა ბოლო დღეებში. ამ დაშინებაზე პასუხისმგებელი პირები აუცილებლად უნდა მოიძებნონ და უნდა დაისაჯონ“.

მან ასევე განაცხადა, რომ „თუ კანონი ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობის გარეშე წავა წინ“ და აშშ-სა და სხვა პარტნიორების წინააღმდეგ მსგავსი რიტორიკა გაგრძელდება, აშშ-სთან ურთიერთობას საფრთხე შეექმნება. მდივნის თანაშემწემ ხაზი გაუსვა, რომ თუ საქართველო აშშ-ს „მოწინააღმდეგედ მიიჩნევს და არა პარტნიორად“, 390 მლნ დოლარის დახმარების პაკეტი, რომელიც თავდაცვის, ეკონომიკისა და განვითარების პროექტებზე უნდა დაიხარჯოს, გადახედვას დაექვემდებარება.

შემდეგ ო’ბრაიენმა განაცხადა: „თუ კანონი ისე წავა წინ, რომ ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში არ იქნება, მოხდება დამოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და ადგილი ექნება ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, მაშინ შეერთებული შტატების მხრიდან აუცილებლად იქნება შეზღუდვები, რაც გულისხმობს ფინანსურ და/ან სამოგზაურო შეზღუდვებს ამ ქმედებებზე პასუხისმგებელ პირებისა და მათი ოჯახების მიმართ“.

„მსურს, საქართველოს ჰქონდეს განგრძობითი, მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ, მტკიცე დემოკრატიით და იმედია, რომ სწორედ ეს იქნება გზა, რომელსაც ჩვენ დღეს თავიდან დავიწყებთ და თუ ასე არ მოხდება, მაშინ ძალიან მალე მოგვიწევს ამ თემების ხელახალი გადახედვა“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button