skip to content
ახალი ამბები

ადამიანის უფლებებზე ხელისუფლების თავდასხმის გამო, Massive Attack-მა საქართველოში კონცერტი გააუქმა

ბრიტანულმა ჯგუფმა Massive Attack საქართველოში 28 ივლისს დაგეგმილი კონცერტი გააუქმა და ამის მიზეზად ადამიანის უფლებებზე ხელისუფლების თავდასხმა დაასახელა. ბრიტანული ჯგუფი ამბობს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Black Sea Arena-ს სცენაზე გამოსვლა „შესაძლოა მშვიდობიანი პროტესტისა და სამოქალაქო საზოგადოების ძალადობრივი ჩახშობის გამართლებად იქნას აღქმული“.

ჯგუფის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, Black Sea Arena-მ კონცერტის გაუქმების შესახებ გაავრცელა განცხადება და ამის მიზეზად „გაუთვალისწინებელი გარემოებები“ დაასახელა.

„ცემა, დაპატიმრება, მუქარა და ძალადობა მშვიდობიანი აქტივისტებისა და ოპონენტების მიმართ, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების შეურაცხმყოფელი და ლგბტი უფლებების შემლახველი კანონები ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ“, -ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

ჯგუფი სოლიდარობას უცხადებს მშვიდობიანი მომიტინგეებს და ხაზგასმით აცხადებს, რომ „მათი ბრძოლა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში უნდა იყოს“. „ჩვენ დავბრუნდებით და შევასრულებთ აქ თავისუფლების პირობებში“, – წერს განცხადებაში.

აპრილის ბოლოს მოძრაობა „სირცხვილიამ“ Massive Attack-ს წერილი მისწერა, სადაც აღფრთოვანება გამოხატა ჯგუფის მიერ დაგეგმილი კონცერტის გამო, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველას ესმოდეს ის საგანგაშო პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც თქვენს ღონისძიებას ახლავს თან“. წერილში „სირცხვილია“ აცხადებს, რომ „ქართული სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია, მოწყვლადი სოციალური ჯგუფები, LGBTQ თემი, ქალები, ეთნიკური, რელიგიური და სხვა უმცირესობები ხელისუფლების მხრიდან მასობრივი თავდასხმის ქვეშ არიან“. წერილში ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზეცაა საუბარი, მათ შოროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ინიცირებულ სხვადასხვა ანტი-დემოკრატიულ კანონებზე და მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებზე.

„საკონცერტო დარბაზს, რომელშიც თქვენი კონცერტი უნდა გაიმართოს, Black Sea Arena ჰქვია. შენობა ივანიშვილმა ააშენა და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზეა. მასზე წვდომა მხოლოდ ხელისუფლებას აქვს. არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს და ამით მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვა სცადოს“, – ნათქვამია წერილში. „ვიცით, რომ ჯგუფი Massive Attack სამართლიანობის, გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო აქტივიზმისა და უმცირესობათა უფლებების მხარდამჭერია. ამიტომ, გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოში არსებულ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას“.

Massive Attack-ის განცხადების გავრცელების შემდეგ, „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმა მოძრაობა „სირცხვილია“ ჯგუფის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა, რასაც კონცერტის გაუქმება მოყვა.

„[სირცხვილიამ] ისეთი ბულინგი და დეპრესია გაუჩინა ამ ადამიანებს, დაავიწყდათ, რომ ხელოვნება ხელოვნებაა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ Massive Attack-ის კონცერტის შესაძლებლობა გააჩინა, სალომე ზურაბიშვილმა და მისმა მიმდევრებმა წაგართვეს“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button