TI საქართველო: ანაკლიის პორტს საეჭვო რეპუტაციის ჩინური კომპანია ააშენებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მთავრობამ ანაკლიის პორტის ინვესტორად „კორუფციული სკანდალებით ცნობილი“ ჩინური კომპანია შეარჩია, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის კონტექსტში შეშფოთებას იწვევს.
„’რუსული კანონის’ მიღების პარალელურად, ანაკლიის პორტის პროექტში აშშ-სგან სანქცირებული ჩინური სახელმწიფო კომპანიის შემოყვანა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების გაგრძელებაა“, – აცხადებს ორგანიზაცია. „ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ეკონომიკურ დატვირთვასთან ერთად, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური განზომილება აქვს“.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 29 მაისს განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო პარტნიორის შესარჩევ კონკურსში ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა გაიმარჯვა. საკონტროლო პაკეტი (51%) ხელისუფლებას, ხოლო დანარჩენი 49% კონსორციუმს ექნება.
პორტის მშენებლობისთვის შერჩეული კონსორციუმში შედიან ჩინური სახელმწიფო კომპანია China Communications Construction Company Limited (CCCC) და China Harbour Investment Pte. Ltd, რომელიც სინგაპურშია რეგისტრირებული, მაგრამ იმავე ჩინური სახელმწიფო კომპანიის შვილობილია. ასევე, კონსორციუმის ქვეკონტრაქტორები არიან China Road and Bridge Corporation და Qingdao Port International Co.
ორგანიზაციის თქმით, 2021 წლის ივნისიდან CCCC-ს აშშ-ის მხრიდან შეზღუდვები აქვს დაწესებული. ის აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) კონსოლიდირებული სანქციების (Non-SDN) სიაშია შეყვანილი ჩინური სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ნაწილად ყოფნის გამო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ამ სიაში შეყვანილ კომპანიებს არ ეზღუდებათ აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციები, მაგრამ გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარებიან. კერძოდ, CCCC-თან ტრანზაქციები აშშ-ის მთავრობის ნებართვას საჭიროებს. ეს ნიშნავს, რომ CCCC-თან თანამშრომლობით საქართველო არ არღვევს სანქციების რეჟიმს, თუმცა Non-SDN სიაში შეყვანილ ჩინურ კომპანიას ეკრძალება ამერიკული წარმოების კომპონენტების შეძენა აშშ-ის მთავრობის ნებართვის გარეშე.
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ CCCC, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კომპანიაა, რომელიც ფოკუსირებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაზე და ოპერირებაზე, რამდენიმეჯერ იყო მხილებული კორუფციულ ფაქტებში სხვადასხვა ქვეყნებში.
CCCC-ის შვილობილი კომპანია China Road and Bridge Corporation, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტშიც არის ჩართული, საქართველოში 2018 წლიდან საქმიანობს, კერძოდ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უბისა-შორაპნის მონაკვეთს აშენებს. სამშენებლო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) დააფინანსა. 2021 წლის ნოემბრიდან China Road and Bridge Corporation წნორის შემოვლით გზას აშენებს, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება.
ორგანიზაციის თქმით, აშშ-ის საელჩომ საქართველოში 2020 წელს გაავრცელა ინფორმაცია CCCC-თან დაკავშირებით, სადაც აღნიშნავს, რომ ჩინური კომპანიის საქმიანობა განვითარებად ქვეყნებში უხარისხო მშენებლობით, შრომის უფლებების დარღვევით, გარემოს დაზიანებით და არამდგრადი დავალიანებით გამოირჩევა. მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1 ივნისს, სადაც ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია „საფრთხე არ დაემუქროს საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს, ან ქვეყნის ევროატლანტიკური პარტნიორების უსაფრთხოებას”.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცახდებს, რომ ისეთ კომპანიასთან ურთიერთობა, რომელიც „გამორჩეულია კორუფციული სკანდალებით“, ზრდის საქართველოში კორუფციის იმპორტის რისკებს, „მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებზე რეპრესიებს ახორციელებს. არასამთავრობო სექტორი ქვეყანაში კორუფციული რისკების კონტროლის და პრევენციის აუცილებელი ინსტიტუტია“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)