ახალი ამბები

ევრაზიის ინსტიტუტმა თბილისში მორიგი კონფერენცია გამართა

კრემლთან ასოცირებულმა ევრაზიის ინსტიტუტმა, რომელსაც გულბაათ რცხილაძე ხელმძღვანელობს, თბილისში მორიგი ანტიდასავლური კონფერენცია გამართა სახელწოდებით „საქართველოს აღორძინება რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში – ისტორიული სიმართლე კონიუნქტურული ტყუილის წინააღმდეგ“. მონაწილეებმა, სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს რუსეთის იმპერიის პირობებში საქართველოს ისტორიის საკუთარი ვერსია, ასევე საქართველოსთვის გარედან „თავს მოხვეული“ „ანტირუსული ისტერია“ და „რუსოფობია“. მათ ასევე რეზოლუცია მიიღეს, სადაც უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გაუქმების პერსპექტივას საქართველოს „სრული კაპიტულაცია“ უწოდებს.

„თუ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს განვიხილავთ არა მხოლოდ საკანონმდებლო აუცილებლობად, არამედ როგორც პოლიტიკური ტესტის ფორმას, ცხადი ხდება დასავლეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობა და საქართველოს სრული დამორჩილების სურვილი“, – ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც კრემლის ნარატივს ეხმიანება.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოში რუსების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები არ არის იზოლირებული ინციდენტები, და მოუწოდებს ხელისუფლებას „დემონსტრაციულად გაემიჯნოს“ „ანტირუსულ რიტორიკას“, რომელსაც, როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, უკრაინის ხელისუფლება უჭერს მხარს. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „ღიად“ აღადგინოს რუსეთთან ურთიერთობა.

სხვა პროპაგანდისტულ გზავნილებთან ერთად რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს დასავლეთი და მისი „მარიონეტი“ ოპოზიცია არ აღიარებენ. „ხელისუფლების დამხობისა და ქვეყანაში ქაოსის შექმნის პერსპექტივასთან სერიოზული დაპირისპირება გარდაუვალია“, – ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, მოითხოვოს რუსეთის მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკის გადასარჩენად და „უკრაინიდან დივერსიული ჯგუფების შემოღწევის თავიდან ასაცილებლად“. „საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი პოტენციური გარანტი რუსეთია…“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

მონაწილეებმა თბილისში რუსი ისტორიული მოღვაწეების, გრაფი მიხეილ ვორონცოვისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ძეგლების აღდგენისკენაც მოუწოდეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button