ახალი ამბები

შსს უარყოფს ინფორმაციას აშშ-ის მოქალაქის დაკავების შესახებ, რომელიც პოლიციას ცემაში ადანაშაულებს

 შინაგან საქმეთა სამინისტრო 17 მაისს აშშ-ის მოქალაქესთან დერილ შოლცთან ქართულ მედიაში გამოქვეყნებულ ინტერვიუს გამოეხმაურა. შოლცი ყვებოდა, როგორ დაესხა თავს ოთხი ნიღბიანი პოლიციელი „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე ერთ-ერთ აქციაზე, რომელთაც იგი სასტიკად სცემეს, რის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო მას თავის ტვინის ოპერაცია სჭირდება.  შსს-ში აცხადებენ, რომ ეს პირი არასოდეს დაუკავებიათ, მას არც 112-ში დაურეკავს და არც საავადმყოფოში გადაუყვანიათ. თავად ცემის ფაქტზე პოლიცია არაფერს ამბობს.

შოლცმა ტელეკომპანია „მთავარს“ განუცხადა, რომ პროტესტის ერთ-ერთ ღამეს ის და მისი მეგობარი რუსთაველის გამზირზე იდგნენ, ბანერები ეჭირათ და აქციას ვიდეოზე იღებდნენ, რა დროსაც ოთხი ნიღბიანი მამაკაცი თავს დაესხა მას და სცემა, რამაც დაზიანებები, მათ შორის თავის ტვინზე ჰემატომა გამოიწვია. მან ასევე განაცხადა, რომ 18 მაისს მან ოპერაცია უნდა გაიკეთოს და შემდეგ ქვეყანას დატოვებს, რადგანაც თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობს. მისივე თქმით, მან უკვე სთხოვა აშშ-ის საელჩოს აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყება.

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112″- ში შეტყობინება დახმარების გაწევის მიზნით არ შემოსულა. დერილ შოლცი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს არ დაუკავებიათ და არც დროებითი მოთავსების იზოლატორში არ იყო გადაყვანილი. შსს ასევე აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დერილ შოლცისგან სამედიცინო დახმარების შესახებ მოთხოვნა ბოლო პერიოდში არ შესულა. გარდა ამისა, აქციების არც ერთი ლოკაციიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას აღნიშნული პირი სამედიცინო დაწესებულებებში არ გადაუყვანია და არც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ჩატარების მიზნით მოთავსებული არ ყოფილა.

„დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ინფორმაციის მიღების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, რადგან, მათთვისაც უცნობი იყო მსგავსი სახის ინციდენტის შესახებ“, – დასძენს შსს.

აქციების დროს სპეცრაზმმა აშშ-ის რამდენიმე მოქალაქე დააკავა და/ან სასტიკად სცემა. 30 აპრილს შსს-მ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ იურისტი, თედ ჯონასი დააკავა, რომელიც პოლიციამ სასტიკად სცემა. 13 მაისს შსს-მ აშშ-ის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ერთ-ერთმა დაკავებულმა ვრცელი ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს მის მიერ გადატანილი ძალადობისა და ორდღიანი პატიმრობის შესახებ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button