ახალი ამბები

შსს: 20 პირი, მათ შორის სამი უცხოელია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 მაისს განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ ღამით გამართულ აქციაზე 20 პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქეა დაკავებული. პოლიცია აცხადებს, რომ დაკავება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით მოხდა.

შსს აცხადებს, რომ მიუხედავად აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ დაეტოვებინათ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, „აქციის მონაწილეთა ნაწილმა არ გაითვალისწინა პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწია წინააღმდეგობა და მიაყენა შეურაცხყოფა“.

შსს-ს ცნობით, დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კერძოდ, 2002 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გ.ბ., ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1995 წელს დაბადებული პ.ჰ. და ამავე ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც უარი განაცხადა საკუთარი ვინაობის დასახელებაზე და მოითხოვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაკავშირება. „აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე უკვე ეცნობათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოებს“, – აცხადებს შსს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button