ახალი ამბები

ერგნეთში IPRM-ის 119-ე შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში 16 მაისს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის 119-ე შეხვედრა გაიმართა, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბეტინა პატრისია ბუგანის თანათავმჯდომარეობით.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესრელიზის თანახმად, თანათავმჯდომარეები მიესალმნენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ორი ​​გამშვები პუნქტის გახსნას მაისის დასაწყისში მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულისთვის და კიდევ ერთხელ მოუწოდეს გამშვები პუნქტების სრულად გახსნისკენ. თანათავმჯდომარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს 26 აპრილს ირიგაციის შესახებ გამართული „კონსტრუქციული ტექნიკური შეხვედრა და სარწყავი წყლის გაზიარების გაუმჯობესებისკენ მიმართული ძალისხმევის გაგრძელებისკენ მოუწოდეს“.

თანათავმჯდომარეებმა შეშფოთება გამოხატეს „დაკავებების პრაქტიკასთან“ დაკავშირებით და მხარი დაუჭირეს დაკავებულების, „განსაკუთრებით კი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონეთა  გათავისუფლებას“.

პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ მონაწილეთა შორის „აქტიური დისკუსიების“ დროს ყურადღება გამახვილდა „კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, როგორც გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვების ისე ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით განვითარებული მოვლენების ჩათვლით. მათ ასევე გაამახვილეს ყურადღება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელობაზე“.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ IPRM-ის შემდეგი შეხვედრა 2024 წლის 23 ივლისს გამართონ.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button