ახალი ამბები

ერგნეთში IPRM-ის 117-ე შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში 13 თებერვალს  ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის 117-ე შეხვედრა გაიმართა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ტიბორ კოზმას და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით.

სხვა საკითხებთან ერთად, ქართულმა მხარემ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული დავით გურწიევის ოკუპირებული ახალგორის რაიონის „პროკურორად“ შესაძლო დანიშვნის საკითხიც დააყენა.  

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება

თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მონაწილეებს დაიცვან უსაფრთხოება და სტაბილურობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, უზრუნველყონ გადაადგილების თავისუფლება და სრულად აღადგინონ გადაკვეთის პუნქტების ფუნქციონირება მათ შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ რეგულარული გადაადგილებისთვის. „დისკუსია ასევე შეეხო როგორც ჩორჩანა-წნელისის რაიონში უსაფრთხოების ვითარებას, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების საკითხს“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.   

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ბოლოს შეხვედრის ჩატარების შემდეგ უსაფრთხოების ინციდენტების და შესაბამისი განვითარებული მოვლენების განხილვისას, თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს კონფლიქტით დაზარალებული თემების – ქალების, კაცების, ბავშვების მოხუცების უსაფრთხოების მნიშვნელობას, როგორც კოლექტიურ პრიორიტეტს.

თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მონაწილეებს დაკავებების პრაქტიკის შეწყვეტისკენ და მხარი დაუჭირეს დარჩენილი დაკავებულების გათავისუფლებას.

განცხადების თანახმად, ელჩმა მოშანუმ, რომელიც ამჟამად წარმოადგენს 2024 წელს ეუთოს მალტის თავმჯდომარეობას, აღნიშნა ტექნიკური, კერძოდ კი სარწყავ საკითხებთან დაკავშირებული თანმხლები შეხვედრების „კარგი პრაქტიკა“. „მან გამოთქვა ჩამოყალიბებული ძალისხმევების და ინიციატივების გაგრძელების იმედი“.   

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თქმით, მისმა წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ „მკაცრად მოითხოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯა“.  

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა  „პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ასევე, მკაცრად დაგმეს შეხვედრებს შორის პერიოდში იდენტიფიცირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები“. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წინაშე არსებული ჰუმანიტარული პრობლემები და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობები.

გურწიევის მოსალოდნელი „დანიშვნა“

ქართულმა მხარემ შეხვედრის დროს დავით გურწიევის ოკუპირებული ახალგორის რაიონის „პროკურორად“ შესაძლო დანიშვნის საკითხი დააყენა. გურწიევს 2020 წელს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობის საქმეზე უვადო პატიმრობა შეუფარდა.

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ სუს-მა ხაზი გაუსვა, რომ გურწიევი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება და მისი „დანიშვნა არის სერიოზული რისკი უსაფრთხოების გარემოსთვის“. „ვიმედოვნებთ, რომ გამოიჩენენ კეთილგონიერებას და ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოებას არ შეექმნება არანაირი საფრთხე“, – განაცხადა ანთაძემ.

იმავდროულად, ახალგორელმა ეთნიკურმა ქართველმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარა მეარაყიშვილმა 11 თებერვალს შიმშილობა გამოაცხადა გურწიევის შესაძლო „დანიშვნის“ წინააღმდეგ, რომელიც, მისი თქმით, 15 წელი ატერორებდა ადგილობრივ მოსახლეობას. მეარაყიშვილის თქმით, იგი მანამ არ შეწყვეტს შიმშილობას, სანამ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „გენერალური პროკურორი“ არ განმარტავს გურწიევის „დანიშვნის“ მიზეზს.

ცხინვალის წარმომადგენლის განცხადება

სააგენტო „რესის“ ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა, იგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე მან სოფელ წნელისში „უკანონო“ ქართული პოლიციის საგუშაგოს საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა.

მან ასევე განაცხადა, რომ სიტუაცია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გასული წლის 13 დეკემბრის შემდეგ მშვიდია. კოჩიევმა ასევე აღნიშნა, რომ „საზღვრის დარღვევის“, ასევე „უპილოტო საფრენი აპარატების ფრენებთან და ქართული პოლიციის ყოფნასთან დაკავშირებული ინციდენტების რაოდენობა შემცირდა“.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ IPRM-ის შემდეგი შეხვედრა 2024 წლის 20 მარტს გამართონ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button