ახალი ამბები

ერგნეთში IPRM-ის 116-ე შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში 13 დეკემბერს  ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის 116-ე შეხვედრა გაიმართა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება

შეხვედრაზე ვრცლად განიხილეს 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან მომხდარი ინციდენტი, რომელსაც საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური ემსხვერპლა, რა დროსაც თანათავმჯდომარეებმა დაგმეს ძალის გამოყენება. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების უსაფრთხოება უნდა დარჩეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ყველა მონაწილის უმაღლეს პრიორიტეტად. ყველა მონაწილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად ასეთი ტრაგიკული ინციდენტების პრევენციაა საჭირო.

თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელოვანი როლი და თანათავმჯდომარეების ჩართულობა ინციდენტის შესახებ ინფორმაციის დროულ გაცვლაში. ეუთომ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მომავალი სადღესასწაულo პერიოდის განმავლობაში გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვების მოხსნისა და გამშვები პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მოუწოდეს.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მონაწილეებმა ასევე განიხილეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევები, განსაკუთრებით „ბორდერიზაციის“ ქმედებები და ბოლოდროინდელი დაკავებები.

სუს-ის განცხადება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განსაკუთრებული სიმკაცრით მოითხოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯა. „ასევე მკაცრად მოთხოვნილ იქნა უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

„შეხვედრის მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ჰუმანიტარულ საჭიროებებსა და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობებზე. ასევე, იმსჯელეს ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებულ პრაქტიკასა და მისი მასშტაბების ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, – განაცხადა სუს-მა.

ცხინვალის წარმომადგენლის განცხადება

სააგენტო „რესის“ ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა, იგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე მან სოფელ წნელისში „უკანონო“ ქართული პოლიციის საგუშაგოს საკითხი დააყენა. მან ასევე განაცხადა, რომ განიხილეს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები. კოჩიევმა თბილისს „მოქალაქეების მიერ საზღვრის დარღვევის გამორიცხვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ“ მოუწოდა და უპილოტო საფრენი აპარატების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ IPRM-ის შემდეგი შეხვედრა 2024 წლის 13 თებერვალს გამართონ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button