ერგნეთში IPRM-ის 118-ე შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში 20 მარტს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის 118-ე შეხვედრა მიმდინარეობს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით.
უსაფრთხოების სამსახურის განცხადება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ქართული მხარე უკანონო „ბორდერიზაციის“, საქართველოს ექვსი მოქალაქის უკანონო დაკავებისა და თამაზ გინტურის მკვლელობის გამოძიების საკითხებს დააყენებს.
ანთაძის თქმით, 2024 წლის 1 იანვრიდან დღემდე „ბორდერიზაციის“ ხუთი ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც სამი IPRM-ის თებერვლის შეხვედრის შემდეგ გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მოხდა.
შეხვედრის შემდეგ ანთაძემ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების პოზიცია „ცინიკურია“, როდესაც საქმე თამაზ გინტურის მკვლელობის საქმის გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის თაობაზე ქართული მხარის მოთხოვნებს ეხება. „სამწუხაროდ, დღესაც მოვისმინეთ იგივე ნარატივი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. მესაზღვრეები ‘მოქმედებდნენ განაწესის სრული დაცვით’“, – განაცხადა ანთაძემ.
რაც შეეხება უკანონო „ბორდერიზაციას“, მან აღნიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები „აბსურდული არგუმენტებით ცდილობენ ამ უკიდურესად დესტრუქციული პროცესის ლეგალიზებას“. ანთაძის თქმით, ქართული მხარე კვლავ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის გათავისუფლებას.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება
შეხვედრის დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს თანათავმჯდომარეები მიესალმნენ მონაწილეთა ერთგულებას IPRM-ის ფორმატის მიმართ და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადამიანის უსაფრთხოებისთვის პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდეს. ამასთან, მათი თქმით, მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, საჭიროა გადაადგილებაზე შეზღუდვების შემსუბუქება და გამშვები პუნქტების სრული გახსნა. მათ ასევე მოუწოდეს, რომ შეწყდეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო დაკავებები და საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას ჰუმანიტარულ მიდგომის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესრელიზის თანახმად, დისკუსიებზე ხაზი გაუსვა უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ფიზიკური ბარიერების აღმართვას. ყველა მხარემ აღიარა მომავალი სასოფლო-სამეურნეო სეზონისთვის დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა და საირიგაციო სამუშაოებზე ტექნიკური შეხვედრების სარგებლიანობა.
გარდა ამისა, მონაწილეები მიესალმნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზის“ როლს ინფორმაციის გაცვლისა და დაძაბულობის მართვის საქმეში.
ცხინვალის წარმომადგენლის განცხადება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა, იგორ კოჩიევმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ცხინვალის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს „სასაზღვრო ზოლის დემარკაციის საკითხის“ განხილვა, რასაც, მისი თქმით, ქართული მხარე გამუდმებით ბლოკავს.
კოჩიევის თქმით, შეხვედრაზე მან სოფელ წნელისში „უკანონო“ ქართული პოლიციის საგუშაგოს საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ IPRM-ის შემდეგი შეხვედრა 2024 წლის 16 მაისს გამართონ.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
- 14/02/2024 – ერგნეთში IPRM-ის 117-ე შეხვედრა გაიმართა
- 14/12/2023 – ერგნეთში IPRM-ის 116-ე შეხვედრა გაიმართა
- 06/11/2023 – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლის შემდეგ ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა გაიმართა
- 13/09/2023 – ერგნეთში IPRM-ის 114-ე შეხვედრა გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)