რუსეთის საელჩო დიდ ბრიტანეთში „უცხოელი აგენტების“შესახებ კანონს იცავს და ლონდონს ფარისევლობაში ადანაშაულებს
რუსეთის საელჩო დიდ ბრიტანეთში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანს გრანტ შაპსს გამოეხმაურა, რომელმაც დაგმო „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი და ის „საქართველოში რუსეთის ჩარევად“ შეაფასა. საელჩომ განაცხადა, რომ თავდაცვის მდივნის განცხადებები „აბსურდის ზღვარზეა“ და ის ფარისევლობაში დაადანაშაულა.
„საინტერესოა, ახსოვთ თუ არა ბრიტანელ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოში გავლენის შესანარჩუნებლად ცდილობენ მასზე ზეწოლა მოახდინონ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ საკუთარ დამსახურებად თვლიდნენ უცხოელი აგენტების შესახებ მსგავსი კანონმდებლობის მიღებას და ამასთან ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების მიმართ მზრუნველობას დეკლარირებდნენ? ასეთი ფარისევლობა მართლაც რთული გასაგებია“, – ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში, რომელიც 15 მაისს გამოქვეყნდა.
რუსეთის დიპლომატიური მისია ამტკიცებს, რომ ბრიტანული კანონი „ითვალისწინებს ე.წ. უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემის შექმნას. კანონმდებლობის თანახმად, ბრიტანელები ვალდებული იქნებიან ინფორმაცია მიაწოდონ უცხო ქვეყნებთან ნებისმიერი შეთანხმების შესახებ, რომელიც ადგილობრივ პოლიტიკაზე „გავლენის“ მოხდენას გულისხმობს. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება“.
რუსეთის საელჩოს თანახმად, თავდაცვის მდივნის განცხადება არის „ბრიტანეთის ხელისუფლების არაკეთილსინდისიერი მცდელობა, რომ „რუსული საფრთხის“ შესახებ მითი მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს. ლონდონისა და სხვა დასავლური დედაქალაქებისგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანას არ სჩვევია სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევა“.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ბრიტანეთის ოფიციალურ პირებს, თავი შეიკავონ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან და შეწყვიტონ ანტირუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელება“, – ნათქვამია განცხადებაში.
14 მაისს, საქართველოში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღებამდე, Sky News-ისთვის მიცემულ კომენტარში, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ „ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში, ისევე, როგორც ჩვენ ვიხილეთ რუსეთის, რა თქმა უნდა, უფრო აგრესიული შესვლა უკრაინაში. პუტინს არ შეუძლია არ ჩაერიოს, ხან სამხედრო გზით, ხან გავლენის დახმარებით, სხვა ქვეყნების საქმეებში, რაც არ არის კარგი ამ სამყაროსთვის, არ არის კარგი თავისუფლებისთვის ან დემოკრატიისთვის. ამრიგად, ჩვენ ვგმობთ ამ გავლენას და მოვუწოდებთ ხალხს, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის ამ გავლენას. მე ვფიქრობ, რომ ასეც უნდა გააკეთონ, რადგან პუტინმა აჩვენა, განსაკუთრებით საქართველოში, რომ ის არ არის კარგი მსოფლიოსთვის და არ არის კარგი მეზობლებისთვის“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)