skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილის ო’ბრაიენთან შეხვედრაზე უარის მიზეზად შანტაჟი და მუქარა დაასახელა

ბოლო სამ დღეში პრესასთან მესამე შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ო’ბრაიენმა, რომელიც თბილისში 14 მაისს ჩამოვა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა ივანიშვილმა ამ თხოვნაზე უარი განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავარ პრობლემას „სანქციების“ საკითხი წარმოადგენს.

ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციის დიდი ნაწილი ივანიშვილს და მის წინააღმდეგ სავარაუდო სანქციებს დაუთმო. აშშ-სა და ევროკავშირს ივანიშვილისთვის იურიდიული ან ფინანსური სანქციები არ დაუწესებიათ.

კითხვაზე, იქნება თუ არა ივანიშვილის წინააღმდეგ შესაძლო სანქციები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ჩაგდების საფუძველი, პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ უპასუხა: „მინდა გითხრათ, რომ იყო გასული თვეების განმავლობაში შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით“. მან ასევე განაცხადა, რომ „ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე. ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა იმას, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც მან დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში“.

„როგორც კი დასრულდება ეს შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, მაშინვე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს. მაგრამ დღეს ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ასეთი შანტაჟი, მუქარები, როგორც არ ჭრიდა ეს შანტაჟი და მუქარა 2022 წლის მარტიდან, როცა მას გაუყინეს თანხები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ასევე ვერ გაჭრის მასზე ასეთი შანტაჟი და მუქარა ვერც ახლა, ანუ ვერავინ ვერ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟის და მუქარის პირობებში. სანქცია თავისთავად ხომ შანტაჟს ნიშნავს, თავისთავად სანქცია შეიცავს შანტაჟს და მუქარას. ამიტომ, ეს არ არის სერიოზული თემა ამ ყველა გარემოების გათვალისწინებით“, – განაცხადა კობახიძემ.

ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ ძველი გზავნილებიც გაიმეორა და განაცხადა, რომ „ჩვენ არ დავუხრით თავს საბჭოური ტიპის გარე დირექტივებს“, ასევე ევროკავშირსა და აშშ-ზე და მათ გეგმებზე საქართველოში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის შესახებ, და გაიმეორა, რომ მოსახლეობის 60%-ზე მეტი მხარს უჭერს კანონს უცხოელი აგენტების შესახებ. ამიტომ, მისი თქმით, პარლამენტი კანონს მესამე და საბოლოო მოსმენით პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

წინა დღის აქციაზე საუბრისას, როდესაც პოლიციამ, ქართული არასამთავრობოების შეფასებით, „არაკანონიერი და არაპროპორციული“ ძალა გამოიყენა, პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს ევროკავშირისა და აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან შედარებით „უფრო მაღალი სტანდარტით“ მოქმედებისთვის.

10 მაისს გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მან უარი თქვა რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის, პოლონეთის და ჩეხეთის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელების თხოვნაზე, რომ საქართველოში მომდევნო კვირაში ვიზიტის დროს მას შეხვედროდნენ.  პაპუაშვილმა უარის მიზეზად იმავე პერიოდში პარლამენტში მესამე მოსმენით კანონპროექტის განხილვა დაასახელა. მისი თქმით, კომიტეტების ხელმძღვანელები მაინც აპირებენ ჩამოსვლას მიუხედავად იმისა, რომ მან გააფრთხილა ისინი, რომ რადიკალური ოპოზიცია შესაძლოა მათ ვიზიტს რადიკალური ქმედებების წახალისებად მიიჩნევდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button