ჰერჩინსკი: თუ აგენტების კანონი შეიცვლება, ეს უნდა იყოს „სრულიად განსხვავებული კანონი“
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი, მისი არსებული ფორმით მიღების შემთხვევაში, იქნება „ძალიან სერიოზული დაბრკოლება“ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ხაზი გაუსვა, რომ კანონი ან საერთოდ არ უნდა იქნას მიღებული, ან მიღების შემთხვევაში „სრულიად განსხვავებული“ უნდა იყოს და ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას დაეფუძნოს. ამ განცხადებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ 10 მაისს გაკეთებული განცხადება, რომ პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ კანონში შესაძლებელი იქნება ცვლილებების შეტანა.
11 მაისს „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღის აღნიშვნის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას, ევროკავშირის ელჩმა კანონთან დაკავშირებით კომპრომისის შესაძლებლობაზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და აღნიშნა: „როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვმუშაობთ ხელისუფლებასთან ერთად, რათა ვიპოვოთ გამოსავალი… მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ უახლოეს კვირებში მოიძებნება გზა, რათა გადაწყდეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მოუგვარებელი საკითხი, რომელიც, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, არ უნდა იქნას მიღებული არსებული ფორმით და თუ მაინც მიღებული იქნება არსებული სახით, ეს იქნება ძალიან სერიოზული დაბრკოლება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე“.
კითხვაზე, კონკრეტულად როგორი სახის შეიძლება იყოს ახალი კანონი, ელჩმა უპასუხა, რომ „ყველაზე მარტივი და საუკეთესო გამოსავალი იქნება ამ კანონპროექტის ჩაგდება და არ მიღება“. შემდეგ მან დასძინა: „სხვა შემთხვევაში, არსებობს საპარლამენტო პროცედურები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საპარლამენტო პროცედურები შესრულდება. ჩვენ ყველა ველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას“. აღნიშნა რა, რომ ვენეციის კომისია არის „საერთაშორისო სტანდარტის დამწესებელი, როდესაც საქმე სამართლებრივ საკითხებს ეხება“, ელჩმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ეს კანონი საერთოდ არ მიიღება, ან იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის მიღება აუცილებელია, „ეს იქნება აბსოლუტურად განსხვავებული კანონი, დაფუძნებული ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებაზე“.
მან ასევე განაცხადა, რომ „ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო და მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველასთან, იმისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ არსებული სახით კანონპროექტის მიღება, რადგან კანონი არსებული სახით არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან“.
აღნიშნა რა, რომ ქართველების გადასაწყვეტია როგორი კანონები სურთ საკუთარ ქვეყანაში, პაველ ჰერჩინსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მისი როლი, როგორც ევროკავშირის ელჩის, არის შედეგებზე საუბარი.
ასევე წაიკითხეთ:
- 09/05/2024 – ელჩი ჰერჩინსკი და პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე სიტყვით გამოვიდნენ
- 09/05/2024 – ევროკავშირის ელჩი საქართველოს ევროკავშირის გზაზე დარჩენისკენ მოუწოდებს
- 07/09/2024 – ევროპარლამენტარები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შეჩერებას ითხოვენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)