skip to content
ახალი ამბები

შსს საპროტესტო აქციის ექვსი მონაწილის დაკავების შესახებ იტყობინება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან თამაზაშვილმა 9 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქციის ექვსი მონაწილეა დაკავებული პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით. მან ასევე განაცხადა, რომ ახალი სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყება ყველას მიმართ, „ვისი გამოსვლები აქციების დროს შეიცავს კრიმინალურ დანაშაულს“. მისი განცხადება საერთოდ არ ეხებოდა 8 მაისს აქტივისტების ცემას.

თამაზაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე აქციების პერიოდში, „პოლიტიკური ლიდერები, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არაერთხელ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს“. მისი თქმით, აქციის მონაწილეები, სხვადასხვა დროს, ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციების ასევე, გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ახორციელებდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და თავდასხმებს ადგილზე მყოფ პოლიციელებზე.

მან ასევე განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები „სხვადასხვა მძიმე საგანს, მათ შორის, ბოთლებს, ქვებს, მხუთავ და ცრემლსადენ ნივთიერებას და რკინის ნაჭრებს“ ისროდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში, სადაც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ასევე, განთავსებული იყო სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები. მან ასევე დაადანაშაულა აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ შენობაზე განთავსებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერებისა და თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ნივთის დაზიანებაში.

თამაზაშვილმა განაცხადა, რომ „აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად, დაზიანებები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს შვიდმა თანამშრომელმა, აქედან ერთს გაუკეთდა ოპერაცია და ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას“. მისი თქმით, მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერად დაიწყო გამოძიება, კერძოდ დგინდება, რომ:

  • 16 აპრილს, აქციის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა დაკავებულმა, სამართალდამცველთა მიმართულებით ისროლა ბლაგვი საგანი, რის შედეგად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, თვალის არეში დაზიანება მიიღო.
  • ერთ-ერთმა დაკავებულმა პირმა, მიმდინარე წლის 16 აპრილს, დააზიანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომობილი.
  • 1-2 მაისს, მიმდინარე აქციის დროს, დაკავებულთაგან ორმა პირმა დააზიანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის ვიდეო სამეთვალყურეო კამერები.
  • 1 მაისს, ერთ-ერთმა დაკავებულმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის დროს, დააზიანა პარლამენტის ჭიშკარი, ასევე, ისროლა ქვა პარლამენტის ეზოში მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, რის შედეგად დაზიანება მიიღო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველმა.
  • ასევე, 1 მაისს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა პირმა დააზიანა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაზე დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო კამერა.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187- ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

თამაზაშვილმა ასევე განაცხადა: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით, 2024 წლის 15 აპრილიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 8 მაისს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით, რაც გულისხმობს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს და ამავე კოდექსის 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია“.

„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, ახორციელებს ყველა იმ მოწოდების, საჯარო გამოსვლისა და მიმართვის, ასევე, ვიდეომასალების შესწავლას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“, – დასძინა თამაზაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button