skip to content
ახალი ამბები

სპეცრაზმი ონლაინ მედიის ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა

რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის ონლაინ მედიიდან „პუბლიკა“, „ტაბულა“ და „აპრილი“, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ პარლამენტის შენობასთან 16-17 აპრილს გამართული აქციის დროს პოლიციის მხრიდან დევნისა და ცემის შესახებ იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, „პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიციელებმა სცემეს. „პუბლიკას“ ცნობით, იგი იღებდა, როგორ აკავებდნენ სპეცრაზმელები მოქალაქეებს, რა დროსაც პოლიციამ მას ტელეფონი წაართვა. მოგვიანებით ტელეფონი მას დაუბრუნეს.

სპეცრაზმელებმა ასევე სცემეს „ტაბულას“ ჟურნალისტი გიორგი ბადრიძე. წინა შემთხვევის მსგავსად, პოლიციამ მას ტელეფონი მაშინ წაართვა, როცა ის აქციას იღებდა. „ტაბულას“ ინფორმაციით, ჟურნალისტი ოფისის ტელეფონით აგრძელებდა მუშაობას, რომლის წაღებაც პოლიციამ სცადა, თუმცა მოგვიანებით დაუბრუნეს.

მედია „აპრილის“ ჟურნალისტს, გიორგი ბასხაჯაურს, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე პროცესებს აშუქებდა, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც გიორგი ბასხაჯაური ადგილიდან იტყობინება, მას სამართალდამცავებმა სცემეს და ჰომოფობიური ნიშნით “პიდარასტს“ ეძახდნენ.

16 აპრილის საპარლამენტო სხდომის პარალელურად, სადაც კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა, მოქალაქეები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, რათა კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გამოეხატათ. პოლიციამ მათი დაშლა წიწაკის სპრეის გამოყენებით დაიწყო. სულ ცოტა 11 ადამიანი დააკავეს.

განახლება: საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეების დარბევის დროს, გავრცელებული ინფორმაციით, დამოუკიდებელ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ნურლან ლიბრეს, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button