ახალი ამბები

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა

სპეცრაზმმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა დასაშლელად ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე წიწაკის სპრეი გამოიყენა. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული, სადაც დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევენ.

დაპატიმრებების, აქციის დაშლისა და წიწაკის სპრეის გამოყენების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ აქციის წევრებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან. დაკავებულთა რაოდენობა ამ ეტაპისთვის უცნობია.

იმავდროულად, პარლამენტის შენობის მახლობლად წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული. პარლამენტისკენ მიმავალი ყველა ქუჩა პოლიციელებითაა სავსე. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ.

საპროტესტო აქციის მეორე დღეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. „რუსეთის კანონის წინააღმდეგ თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციების მეორე ღამეა. ხელისუფლების დაჟინება, რომ ეს კანონი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად მიიღოს, პირდაპირი პროვოკაციაა – დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია“, – დაწერა პრეზიდენტმა ტვიტერზე.

16 აპრილს გვიან ღამით შსს-მ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.

„რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები“, – განაცხადა შსს-მ. ამავე ინფორმაციით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც გადაყვანილია საავადმოფოში და ასევე დაზიანდა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. „ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება – ე.წ. წიწაკის სპრეი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button