მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

წმინდა ილია მართლის საზოგადოება, 1989: ახალი საბჭოთა კანონის წინააღმდეგ

საინფორმაციო ბიულეტინი N1

რედაქციისგან: საბჭოთა კავშირში, ოპოზიციური პრესა აკრძალული იყო. აქედან გამომდინარე, ხშირად ის არალეგალურად გამოდიოდა. ასეთი იყო წმინდა ილია მართლის საზოგადოების, საინფორმაციო ბიულეტინიც. მისი გამოცემა, 1989 წელს დაიწყო და ძირითადად ქართველი ჯარისკაცების, საბჭოთა ჯარში გაწვევას ეწინააღმდეგებოდა. ამის პარალელურად ჩნდებოდა სხვა თემატიკის სტატიებიც, მათ შორის საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული.

დემოკრატიულმა მინიმუმმა რომელიც „გარდაქმნისა“ და „საჯაროობის“ სახით შემოგვთავაზა მთავრობამ, იმედის სხივი ჩაუსახა ხალხს. ბევრი თვითდამკვირდებას მიეცა, აცალეთ, „დემოკრატიას სწავლობს“ მთავრობა, რადგან საჯაროობა და გარდაქმნაა, ყველაფერი თავისით მოგვარდება, საჭიროა მხოლოდ ლოდინი და არა მოქმედება – ბრძოლა.

რამდენად სწორია ასეთი პოზიცია? მოდით, რეალურად შევხედოთ ვითარებას, თვით დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი თვითდამშვიდდება და უმოქმედობა აზრად არავის მოსდის, რამე თუ დემოკრატია არ ნიშნავს უმოქმედობას, პირიქით, ის ნიშნავს ბრძოლას. სხვადასხვა პარტიები იბრძვიან თავიანთი პოზიციების გამყარებისთვის და თუ დემოკრატიული ძალები არ იბრძოლებენ, მაშინ აუცილებლად ანტიდემოკრატიული ძალები იზეიმებენ გამარჯვებას. […]

„საჯაროობისა“ და „დემოკრატიასთან“  დაკავშირებით ჩვენ შემოგვთავაზეს ახალი კონსტიტუტციის პროექტი, რომელიც მთლიანად იქცა უარყოფილი ფართო საზოგადოების მიერ, როგორც არადემოკრატიული და არაეროვნული. განსაკუთრებით იქცევდა ყურადღებას 103-ე და 119-ე მუხლები [სსრ კავშირიდან გასვლის შეზღუდვის უფლების ჩამორთვემა]. […] პარადოქსია, რომ გარდაქმნის დროს, დემოკრატიის წინსვლის მაგივრად, იმასაც კი გვართმევენ რაც აქამდე გვქონდა, თვით ფაქტი ამ დრაკონული კანონების შემოთავაზებისა და მათი დამტკიცების მცდელობა მძიმე დანაშაულია და ამ დროს დემოკრატიაზე ლაპარაკი მკრეხელობაა და ცინიზმი.

[…]

დანაშაულია ადამიანის მიერ ბრძოლაზე უარის თქმა, მაშინ როდესაც ის აუცილებელია. გარდაქმნას არ მიუნიჭებია ვინმესთვის რაიმე პრივილეგია. მან უბრალოდ ხელ-ფეხი გაგვიხსნა როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს მოწინააღმდგეებსაც: მოგვცა ერთი, მაგრამ ცდილობს, წაგვართვას მეორე. მაგალითად მოგვცა ხმის ამოღების უფლება, მაგრამ ამ უფლებით არ გვესარგებლა და არ გამოგვეთქვა ჩვენი აზრი და ნება საბჭოთა კავშირიდან გასვლის შესახებ, მოხდა მხოლოდ და მხოლოდ ძალისმიერი მოქმედებით. ძალაში იგულისხმება მხოლოდ აზრის ძალა, იმაზე დიდი ძალა, ვიდრე ადამიანის აზრია. მეორეს მხრივ არ არსებობს იმაზე დიდი საშინელება, ვიდრე უმეცრებაა, რომელიც თავის მხრივ ბადებს უმოქმედობას.

[…]

აკაკი გიორგაძე

მსგავსი/Related

Back to top button